თიბისის ინიციატივით, Ad Black Sea-ს ახალი ნომინაცია დაემატა – Young Creative. ნომინაცია ახალი თაობის მხარდასაჭერად შეიქმნა და მასში 25 წლამდე ახალგაზრდებს შეუძლიათ მონაწილეობა. ინიციატორების შეფასებით, ნომინაცია შემოქმედებითი ინდუსტრიის მიმართ ახალგაზრდების ინტერესს გაზრდის და მათ განვითარებაში დაეხმარება, საგანმანათლებლო თუ კარიერული თვალსაზრისით. რას გულისხმობს ნომინაცია Young Creative, როგორაა შესაძლებელი მონაწილეობა და რა პრინციპით შეირჩევიან გამარჯვებულები, თიბისისა და Ad Black Sea-ს წარმომადგენლებისგან შევიტყვეთ.
M: რას გულისხმობს თიბისის მიერ მხარდაჭერილი ახალი ნომინაცია?
მარიამ მიქელაშვილი, თიბისის ბრენდის ლიდერი: თიბისისთვის ახალი თაობის მხარდაჭერა და შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანია. წელს, Ad Black Seas-ს გუნდთან ერთად ახალი ნომინაცია – Young Creative შევქმენით, რადგან შემოქმედებით ინდუსტრიაში ძალიან საინტერესო და ნიჭიერი ახალი თაობა გვყავს, რომლებიც მნიშვნელოვნად ავითარებენ ამ სფეროს. ნომინაციის შექმნის იდეა ინდუსტრიის ამომავალი ვარსკვლავების აღმოჩენა და მათი განვითარების ხელშეწყობაა.
M: ვის შეუძლია ნომინაციაში მონაწილეობა?
მარიამ მიქელაშვილი: კატეგორიაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც სააგენტოში, ან ბრენდში დასაქმებულ 25 წლამდე პროფესიონალებს, ისე ფრილანსერებს, რომლებიც სააგენტოებთან და ბრენდებთან თანამშრომლობენ. თითოეულ სააგენტოს/ბრენდს ერთი კანდიდატის წარდგენა შეუძლია, რომელსაც მონაწილეობა აქვს მიღებული იმ პროექტში, რომელიც უკვე წარდგენილია წლევანდელი Ad Black Sea-ს ძირითად ნომინაციებში. ამისთვის, საჭიროა სპეციალური განაცხადის შევსება, რომლის საფუძველზეც, დამოუკიდებელი ჟიური შეარჩევს ერთ გამარჯვებულს. გამარჯვებულს შეეძლება შეარჩიოს და დაესწროს მისთვის საინტერესო ფესტივალს ან საგანმანათლებლო კურსს შემოქმედებითი ინდუსტრიიდან, რომელსაც თიბისი დააფინანსებს. გამარჯვებულს ასევე ექნება შესაძლებლობა, კონსულტაცია გაიროს ჟიურისთან და ისე შეარჩიოს შემოქმედებითი ფესტივალი/კურსი, რომელსაც 2024 წლის ბოლომდე დაესწრება. დაფინანსების ნომინალური თანხა 10.000 ლარია.
M: თქვენი თვალსაზრისით, როგორ დაეხმარება ნომინაციის გამარჯვებულებს ამ ნომინაციაში მონაწილეობა სამომავლოდ?
მარიამ მიქელაშვილი: ვფიქრობთ, აღნიშნული კატეგორია დამატებით მოტივაციას შეუქმნის ახალი თაობის შემოქმედებს, დაეხმარება მათ განვითარებაში, გამარჯვებული კი მნიშვნელოვნად გაიღრმავებს ცოდნას მისთვის საინტერესო მიმართულებით, რაც, საბოლოოდ შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარებას შეუწყობს ხელს.
M: რას მოიცავს Ad Black Sea-სა და თიბისის მრავალწლიანი თანამშრომლობა?
თამარ ცინცაძე, Ad Black Sea-ის აღმასრულებელი მენეჯერი : სიახლე არ არის, რომ თიბისის და ედ ბლექ სის დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს. ყოველ წელს, ფესტივალის დაგეგმვისას, ვსხდებით და ვმსჯელობთ რით გავხადოთ ჩვენი პარტნიორობა უფრო საინტერესო და დელეგატებისთვის სასარგებლო. წელს, რამდენიმე სიურპირზი გვაქვს მომზადებული. ერთ-ერთს სწორედ ამ სტატიით გაიგებენ ჩვენი სტუმრები.
M: რა არის ახალ ნომინაციაში მონაწილეობისთვის საჭირო?
სოფო კეჩხოშვილი, Ad Black Sea-ის კონკურსის ხელმძღვანელი: ახალი ნომინაციის დამატება ყოველთვის ამაღელვებელი პროცესია ჩვენთვის. ეს ნიშნავს რომ ფესტივალი იზრდება და ვითარდება. Young Creative-ის კონკურსის ფორმირებაზეც ზუსტად იმ პრინციპით ვიმუშავეთ, რა პრინციპითაც სხვა კატეგორიებს ვამატებთ ხოლმე. შევქმენით კრიტერიუმები, წესები, შეზღუდვები, სპეციალური ჟიური.
თიბისის დახმარებით, ამ კონკურსში მონაწილეობა უფასოდაა შესაძლებელი და თავისი კანდიდატი შეუძლია წარადგინოს ნებისმიერმა სააგენტომ ან კომპანიამ.
კანდიდატი უნდა იყოს დაბადებული 1998 წლის 1 ოქტომბერს ან უფრო გვიან და მნიშვნელოვანი წვლილი უნდა ქონდეს შეტანილი იმ ნამუშევარში, რომელიც სააგენტოს თუ კომპანიას უკვე აქვს გამოგზავნილი ედ ბლექ სის ძირითად კონკურსში.
სააგენტომ/ბრენდმა დეტალურად უნდა აღწეროს წარდგენილი კანდიდატის მიერ შესრულებული როლი ამ პროექტის წარმატებაში, რომ ჟიურის წევრებმა შეძლონ ამ ადამიანის ნიჭის და პროფესიული პოტენციალის შეფასება.
M: რა კრიტერიუმებით გამოვლინდებიან გამარჯვებულები?
სოფო კეჩხოშვილი: შეფასების კრიტერიუმი 3 კომპონენტისგან შედგება. 40% დაეთმობა იმ პროექტის ზოგად ხარისხს, რომელზეც აქვს კანდიდატს ნამუშევარი. 40%-ით შეფასდება უშუალოდ კანდიდატის როლი ამ პროექტის წარმატებაში, ხოლო 20% განაწილდება კანდიდატის ზოგად კრეატიულ პოტენციალზე.
M: შენი შეფასებით, რა მნიშვნელობა აქვს ამ ნომინაციის არსებობას ინდუსტრიის განვითარებისთვის?
თამარ ცინცაძე: ამ კატეგორიის დამატებაზე დიდი ხანია ვფიქრობთ, თუმცა შესაბამისი მხარდაჭერის გარეშე, ჩვენთვის რთული იყო განხორციელება. საბედნიეროდ, თიბისისა და ჩვენი ხედვა და მიზნები დაემთხვა ერთმანეთს და შედეგად შეიქმნა ძალიან კარგი შესაძლებლობა ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის.
თიბისი ახალი თაობისთვის, იდეალური პლატფორმაა ამ ინიციატივის განსახორციელებლად და ზოგადად ვთვლი, რომ ახალგაზრდების მოტივირება ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა, რაც ამ დარგის განსავითარებლად უნდა გაკეთდეს.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ეს კონკურსი არაა შეზღუდული მხოლოდ ქოფირაითერებისთვის ან არტ დირექტორებისთვის, არამედ ნებისმიერი პოზიციის ადამიანისთვის, ვინც საკომუნიკაციო ინდუსტრიაში მოღვაწეობს, რითაც კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს, რომ კრეატიულობა საჭირო და გარდაუვალია როგორც დიზაინერისთვის თუ არტ დირექტორისთვის, ასევე სტრატეგისთვის, პროდიუსერისთვის, ექაუნთ მენეჯერის თუ მარკეტერისთვის.