in

როგორ შეიქმნა ადგილობრივი Eurobest 2021-ის გამარჯვებული ნამუშევრები

უკვე რამდენიმე წელია, რაც საქართველოში „კანის ლომების“ ოფიციალური წარმომადგენლობის ორგანიზებითა და თიბისის გენერალური პარტნიორობით, საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალის Eurobest ადგილობრივი კონკურსი ტარდება. სფეროს პროფესიონალებისგან შემდგარი ჟიური რჩეულ გუნდებს ასახელებს, რომლებიც საერთაშორისო კონკურსზე საქართველოს სახელით ასპარეზობენ. სულ ცოტა ხნის წინ, ევრობესთ 2021-ის ახალგაზრდული კონკურსი გაიმართა. შეჯიბრში მონაწილეობის სურვილი 61-მა გუნდმა გამოთქვა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

ბრიფის მიხედვით, მონაწილეებს უნდა შეექმნათ საკომუნიკაციო კამპანია, რომელიც ახალგაზრდებს მოუწოდებს/შთააგონებს, პროფესიის არჩევისას ყველაზე დიდი მნიშვნელობა პირად მისწრაფებებსა და რეალურ შესაძლებლობებს მიანიჭონ.

ჟიურიმ ნამუშევრები შეაფასა და გამარჯვებული გუნდებიც დაასახელა. გლობალურ კონკურსზე ჩვენი ქვეყნიდან ორი გუნდი წარდგება. ამას გარდა, კონკურსში მოპოვებული ქულების საფუძველზე, განახლდება საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციის (ACAG) რეიტინგიც.

საქართველოს საერთაშორისო Eurobest 2021-ზე წარადგენენ: პირველ ადგილზე გასული გუნდი Meta Agency-დან, სალომე ხაზარაძისა და აკაკი მეტრეველის შემადგენლობით (იხილეთ ნამუშევარი ამ ბმულზე) და მეორე ადგილის მფლობელი გუნდი JWT Metro-დან, ნინო ჩიჯავაძისა და ალექსანდრე ჯავახიშვილის სახით – მათ ნამუშევარს ამ ბმულზე ნახავთ.

გამარჯვებულმა გუნდებმა Z თაობისთვის აქტუალური – პროფესიის არჩევის გამოწვევა შემდეგნაირად დაინახეს:

Meta Agency-ის გუნდმა შექმნა კრედიტების კამპანია, რომლის მიხედვითაც სამიზნე აუდიტორიას პროფესიების აღმოჩენის უჩვეულო წყარო შეუქმნეს. გუნდმა პროფესიების კრედიტები წარმოადგინა შეხების ყველა წერტილში. ამრიგად, ნებისმიერი დეტალის თვალიერებისას, თვალსაჩინოა, თუ რა პროფესიის ადამიანმა იმუშავა მის შექმნაზე. ნამუშევარზე სალომემ და აკაკიმ გვიამბეს:

სალომე: ძალიან გვინდოდა გაგვეკეთებინა ნამუშევარი, რომელიც იქნებოდა მარტივად მოყოლილი. ჩვენი იდეა დაფუძნებულია კრედიტებზე. ფილმის ბოლოში რომ კრედიტებია,  აი მაგაზე. სხვადასხვა პროფესიას მივანიჭეთ კრედიტები ყველგან, სადაც ხელი მიგვიწვდებოდა და კონტენტად ვაქციეთ. მაგ: twitch-ზე ფორტნაიტის თამაშისას, ბანერი გვაჩვენებს, რომ პერსონაჟები concept artist-მა დახატა.

აკაკი: კონცეფცია იმდენად მარტივია, რომ საკუთარ თავს საუკეთესოდ თავისივე მაგალითების ჩვენებით აღწერს. თავიდან რისკიან გზად ჩანდა – ტექსტი მე-9 სლაიდზე იწყება, სულ კი პრეზენტაცია 10 სლაიდიანია. თუმცა გვჯეროდა, ასეთი სთორითელინგი ამ იდეაზე საუკეთესო გზა იყო. სალომემ ჩემგან გაცემული „ბრიფი“ თავისი ვიზუალური ხედვით ზუსტად ისე გადაამუშავა, როგორც საჭირო იყო და არსებული ვარიანტებიდან პრეზენტაციისთვის საუკეთესო არტ დაირექშენი დადო.

M: როგორ მიხვედით ბრიფის გადაწყვეტამდე?

სალომე: ხშირად გვახსენდება კომპანიის დამფუძნებლები, ceo-ები და ა.შ., მაგრამ იშვიათად ვიხსენებთ იმ ადამიანებს, რომლებიც დგანან ამ კომპანიების უკან. გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ არსებობს ბევრი ახალი პროფესია, რომლის სწავლაც ღირს. ბრიფის მიღებამდე კინოში ვიყავით, რამაც მოახდინა გავლენა ფიქრის პროცესზე.

აკაკი: სტრატეგიის არჩევის შემდეგ რამდენიმე ვარიანტს ვამუშავებდი. რაღაც მომენტში ერთი ვებგვერდი გავხსენი და ცოტა ხანს ვუყურებდი. ვიფიქრე, აქ რომ ახლა უცებ კრედიტები ამოვიდეს და ყველა პაწუკა დეტალის ავტორი დაეწეროს, მეც რამდენ ახალ პროფესიას გავიგებთქო. მერე იყო „რატომაც არა?!“ და შემდეგ – საერთო მღელვარება, რაღაც კარგ მიგნებას რომ ახასიათებს ხოლმე.

M: როგორია, იყოთ გამარჯვებული ნამუშევრის ავტორები?

სალომე & აკაკი: ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო გაგკვეთებინა ნამუშევარი, რომლითაც ვიამაყებდით. ამიტომ შედეგი ასმაგად გვახარებს. მოუთმენლად ველით საერთაშოირო ევრობესტზე მონაწილეობას. ეს გამოცდილება შეუცვლელი იქნება. გვახარებს ისიც, რომ ჩვენი გუნდისთვის  დამატებითი მოტივაცია გავხდით. ჩვენ გვერდით საოცარი ადამიანები დგანან – ჯომი, თეკუშა, ლუკიტო, ასანა, მადლენიკო, ჭკადუ, კერესა, შალა, კიდევ ერთი შალა… დიდი სიაა. ზოგიერთმა წელს პირველად მიიღო მონაწილეობა. ახლა კი უფრო მეტად ანთებული თვალებით ელოდებიან მომდევნო ბრიფებს, სამსახურშიც და კონკურსებისთვისაც. ჰოდა, თავად რომ გავლენ ფინალებში და დიდ გამარჯვებებსაც რომ დადებენ, ვიამაყებთ, რომ თავის დროზე პაწაწინა მუხტი ჩვენც გადავეცით.

JWT Metro-ს გუნდმა გამოწვევას უპასუხა კამპანიით „გადაგვარებული თაობა“, რომლის ფარგლებშიც, პროფესიულ არჩევანს საგვარეულო კონტექსტში ჩაუღრმავდა და თანამედროვე პროფესიების მიხედვით, ახლებურ გენეალოგიას ჩაუყარა საფუძველი. JWT Metro-ს გუნდი ნამუშევარზე გვესაუბრა:

„ჩვენ დავწერეთ გვარიანი კონცეფცია, ოღონდ პირდაპირი გაგებით. ვიპოვეთ ასეთი საერთაშორისო ინსაიტი, რომ პროფესიები უძველესი დროიდან გადაეცემოდათ მშობლიდან შვილს, ამიტომ ზოგიერთი გვარის ფუძე დგას პროფესიაზე, მაგ. მჭედლიშვილი, ხოდა ჩვენც ვიფიქრეთ, რომ თანამედროვე ადამიანი პროფესიას თავად უნდა ირჩევდეს, შესაბამისად შეუძლია საკუთარი გვარიც თავადვე შეირჩიოს და რახან თანამედროვე პროფესიების გვარები არ გვაქვს, შევქმენით ახალი გვარები, მაგ. ვიარშანიძე, დრონიანი და ა.შ.

სინამდვილეში, ეს იდეა დასაწყისშივე გაჩნდა, ოღონდ დიდი ყურადღება არ მიგვიქცევია, გავიცინეთ და გავაგრძელეთ მუშაობა, სულ სხვა იდეა ავაწყეთ, დავალაგეთ, ყველაფერი მზად იყო, მაგრამ აი რომ კითხულობ და ხვდები, რომ ის ის არ არის და შენ შენ არ ხარ, არ შედგა ქიმია და აი მანდ გაგვახსენდა ხუმრობა გვარებზე, ყველაფერი შევცვალეთ, თავიდან დავიწყეთ და როგორც აღმოჩნდა, სწორადაც მოვიქეცით.

M: რას ნიშნავს თქვენთვის ეს გამარჯვება?

ნინა: მე ამ სფეროში არც ისე დიდი ხანია რაც მოვხვდი, ამიტომ ჩემთვის ეს გამარჯვება იმის დასტურია, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე, ანუ იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო.

სანდრო: ჩემთვის ეს ბოლო ახალგაზრდა ევრობესტი იყო, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საშუალება გვაქვს შემდეგ ეტაპზე, უკვე სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს დავუპირისპირდეთ და ევროპის მასშტაბით გამოვცადოთ ჩვენი თავი.

კონკურსი და მისი მხარდაჭერა შეაფასა თიბისის ბრენდის ლიდერმა, ბეკი ფანცხავამ:

M: როგორ შეაფასებ კონკურსის წლევანდელ შედეგებს?

წლევანდელ კონკურსში 61 გუნდი იღებდა მონაწილეობას და სასიხარულოა, რომ დაინტერესებულთა რაოდენობა ყოველ წელს იმატებს. წლევანდელი კონკურსის შედეგები კიდევ ერთხელ გვაჩვენებს იმას, რომ ინდუსტრია წინ მიდის, ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა გვყავს, რომელსაც უამრავი იდეა აქვს, რომლის განხორციელება ნებისმიერი კომპანიისთვის სასიამოვნო და საინტერესო იქნება. ყველა იდეა განსხვავებული იყო და ვფიქრობ, არჩევანის გაკეთება ჟიურის ძალიან გაუჭირდა.

M: რატომაა მნიშვნელოვანი ასეთი კონკურსი ინდუსტრიისთვის?

ევრობესტი დიდი სტიმულია შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარებისთვის საქართველოში. მონაწილეები ცხადად ხედავენ იმას, რომ არანაირი საზღვრები აღარ არსებობს, განსაკუთრებით კი, ამ სფეროში; მოგების შანსი ყველას ერთნაირი აქვს. მთავარია ის იდეა, რომელსაც ბოლომდე მიყვები და განავითარებ.

M: რატომაა მნიშვნელოვანი ევრობესთის მხარდაჭერა თიბისისთვის?

თიბისისთვის შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდაჭერა წლების განმავლობაში პრიორიტეტულია. ჩვენ გვჯერა, რომ ამ სფეროს აქვს დიდი პოტენციალი და თავისუფლად შეუძლია მსოფლიო რუკაზე საქართველოს აღნიშვნა. ახალგაზრდების ხელშეწყობა კი ამ სახის კონკურსების დახმარებით, ძალიან დიდი მოტივაციაა.

 


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

ადამიანები მუშაობისას საიმედოობას და მეგობრულობას ანიჭებენ უპირატესობას, ნაცვლად კომპეტენციისა

„სტარაკადემი“ – თქვენი ნათელი და წარმატებული მომავლისათვის