9
Jul
2018

პუბლიკას ხვდება #თაობა – დავით ალადაშვილი და ნატალია ქუთათელაძე – Young for Young

9 Jul 2018

13 ივლისს, XIX საუკუნის ევროპული კლასიკური მუსიკის სალონი XXI საუკუნის თბილისში გაცოცხლდება! Artists meet Public(A) – Young for Young-ზე, პუბლიკას ნიუ-იორკის ჯულიარდის კონსერვატორიის კურსდამთავრებულები – ნატალია ქუთათელაძე (მეცო სოპრანო) და დავით ალადაშვილი (ფორტეპიანო) შეხვდებიან. ღონისძიება მრავალფეროვანი იქნება არამხოლოდ მუსიკაზე საუბრითა და შესაბამისი კომპოზიციებით – ახალგაზრდა მხატვარი – მატილდა უშიკიშვილი, დამსწრეთა პორტრეტებს შეასრულებს. რაც შეეხება მე-19 საუკუნის კლასიკური მუსიკის სალონის გაცოცხლებას:

0.5 ანაბარზე
0.5 ანაბარზე

 

ასეთ პარიზულ სალონში ჩამოყალიბდა შოპენის, შუმანის, ლისტის შემოქმედება. ისინი იკრიბებოდნენ ერთმანეთის სახლებში, სვამდნენ ღვინოს, თამაშობდნენ ბანქოს და ერთმანეთს უზიარებდნენ ახალ პიესებს. ნიუ-იორკში, ხშირად ვაკეთებდით ასეთი ტიპის საღამოებს, დაწყებული მქონდა კონცერტების სერია Piano Factory-ში, ამ დროს, ნატალია იყო ჩემი სტუმარი და ეს ნიუ-იორკული დუეტი გადმოგვაქვს თბილისში. იქნება ძალიან ინტიმური განწყობა და გარემო. ვისაუბრებთ მუსიკაზე, მსმენელს ექნება შესაძლებლობა ჩაერთოს ღონისძიებაში, შეკითხვების დასმისა თუ შესრულების კუთხით“, – გვიყვება დავით ალადაშვილი.

დავით ალადაშვილის მუსიკალური კარიერა, სხვა პიანისტებთან შედარებით, გვიან – 12-13 წლის ასაკში დაიწყო და მეშვიდე სამუსიკო სკოლიდან ნიჭიერთა ათწლედში, შემდეგ კი ნიუ-იორკში, ჯულიარდის კონსერვატორიაში, 7 წლიანი სწავლით გაგრძელდა. კონსერვატორიის დასრულების შემდეგ, 3 წელი ცხოვრობდა ნიუ-იორკში, თუმცა, საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტა და დღეს, როცა ვეკითხებით – ვინ ხარ? გვპასუხობს – „ხელოვანი, რომელსაც სცენის არ ეშინია“.

და მიუხედავად სცენაზე გამოჩენილი სითამამისა, „არ აქვს მნიშვნელობა დიდ საკონცერტო დარბაზში უკრავ, თუ პატარა ოთახში. შესრულების სტილი და მანერა იცვლება იმის მიხედვით, თუ რა კავშირი მყარდება მსმენელთან. ეს კავშირი უხილავია და ჩემთვის, ყოველთვის მთავარია, რომ ემოციურად შევეხო მსმენელს და მისგან მიღებულ „პასუხს“ ველოდო, შესრულების წარსამართად“.

M: რა არის მამოძრავებელი ძალა შენთვის, როგორც ხელოვანისთვის? რა გაიძულებს, არ გაჩერდე?
ეს არის ფიცი! ისევე, როგორც ექიმებს, ალბათ ჩვენც გვაქვს მსგავსი აღთქმა, მე ასე ვგრძნობ, რომ რაღაც ფიცი მაქვს დადებული შოპენთან, შუმანთან, ლისტთან, ბეთხოვენთან და ა.შ. ეს არ მაძლევს უფლებას, რომ გავჩერდე, არ გავაცოცხლო პიესები და ახლიდან არ დავინახო. რაღაც სასწაული ხდება, ერთი და იგივე პიესა შეიძლება ასჯერ დაუკრა და მაგრამ ყოველ ჯერზე სხვანაირი იყოს. ასევე, მამოძრავებელი ძალაა მსმენელის სიყვარული, განსაკუთრებით კი ის მავსებს ემოციით, როცა ვუკრავ იმათთვის, ვისაც ჯერ არ მოუსმენია კონკრეტული მუსიკა. მუსიკის დამწყები მსმენელის ყურამდე მიტანა არის ენით აღუწერელი სასწაული, როდესაც ხედავ მათ სახეებს. მაგალითად, იმ ბავშვის სახეს, რომელიც პირველად ისმენს კლასიკურ მუსიკას. ამის ნახვად, ნამდვილად, ღირს ყველაფერი, რასაც ვაკეთებ.


ნატალია ქუთათელაძისთვის პროფესიასთან დაკავშირებული ყოველდღიურობა შემოქმედებითი მრავალფეროვნების მიზეზია. მისი კავშირი მუსიკასთან დაბადებიდან ცალსახა იყო – „არც კი მახსოვს ის მომენტი, როდესაც ჩემს თავს კითხვა დავუსვი, თუ რა პროფესია ამერჩია, ეს ყველაფერი ბუნებრივად მოხდა. ალბათ, ეს იმ ტრადიციების დამსახურებაა, რაც ჩემს ოჯახს თაობებით მოსდევს. მუსიკა ყოველთვის ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი იყო“, – გვიყვება ის.

ნატალია ქუთათელაძე

რაც შეეხება ძირითად სათქმელსა და ემოციას, რის გაზიარებასაც ჯულიარდის კონსერვატორიის კურსდამთავრებული მეცო სოპრანო მსმენელისთვის ცდილობს: „გულწრფელობა ყველაზე დიდი გავლენაა, რომელიც ყოველთილვის ამართლებს, როგორც სცენიდან ისე ჩვეულებრივ ურთიერთობებში. გამომდინარე იქიდან, რომ უმეტესწილად უცხოეთში ვიმყოფები, მთავარ მიზნად იქცა ჩემი ქვეყნის წარმოჩენა. ვცდილობ, მეცვას ნაციონალური სამოსი, ან მეკეთოს ქართველი დიზაინერების სამკაული და მეცვას ტანსაცმელი. ორმაგად სასიამოვნოა, როდესაც განსხვავებულ შთაბეჭდილებას ახდენ მაყურებელზე“.

13 ივლისს მაყურებელი მოისმენს ნაწარმოებებს სხვადასხვა ეპოქიდან, რომლებიც ძალიან გამსხვავდება ერთმანეთისგან, რაც ცალსახად შესრულების სტილის მრავალფეროვნებასაც გამოიწვევს. ასევე, საინტერესოა ის წინასიტყვაობები, რომელიც ყოველ ნაწარმოებს თან დაერთვება“, – ნატალია ქუთათელაძე.

მატილდა უშიკიშვილი

რას უნდა ველოდოთ სალონური საღამოსგან, გარდა კლასიკური მუსიკის მრავალფეროვნებისა? როგორც უკვე ვახსენეთ, 13 ივლისს, „პუბლიკაში“ იქნება „საღამოს მხატვარი“ – მატილდა უშიკიშვილი, რომლის შემოქმედებითი ცხოვრება ბავშვობიდან დაიწყო – „პატარა რომ ვიყავი ყველგან ჩანახატებს ვაკეთებდი, რვა წლის ასაკში კი გადაწყვიტეს, რომ დრო იყო პროფესიონალურად მესწავლა ხატვა. შემდეგ, ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაში, მაგრამ პროფესიად ავირჩიე ინტერიერის დიზაინი. ასე ვთქვათ – ხატვა ჩემი ჰობია, მაგრამ არა პროფესია. იყო ჩემს ცხოვრებაში ის ეტაპიც, როდესაც ხატვას თავი დავანებე, მაგრამ ინდოეთში მოგზაურობისას აღმოვაჩინე, რომ საერთოდ შეიცვალა ჩემი ხედვა და სხვა ტექნიკით დავიწყე ნახატების შესრულება“.

ხატვის პროცესი ჩემთვის ძალიან ინტიმურია, თითქმის ყველა ნახატში ვდებ იმას, რასაც სხვები ვერ ხედავენ, მაგრამ გრძნობენ, ემოციის დონეზე. Young for Young-ში მონაწილეობისგან მივიღებ უდიდეს სიამოვნებასა და მუსიკას, რომელიც დამეხმარება ნახატებად გავაერთიანო ჩემი, ნატალიას, დათუნასა და დამსწრეების ემოციები“, – მატილდა უშიკიშვილი.



განხილვა