in ,

YOUNG LIONS 2018-ის დაჯილდოების ცერემონია – [მობილური რეპორტაჟი] „არტარეადან“

18 მაისს, YOUNG LIONS 2018-ის ლოკალური შესარჩევი კონკურსის 5 გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა – 10 მონაწილე, რომელიც 18 ივნისს, კანის საერთაშორისო კრეატიულ ფესტივალზე საქართველოს სახელით იასპარეზებს. დაჯილდოების ცერემონია თიბისი არტარეაში, ღიაცისქვეშ, არაფორმალურ გარემოში, DJ Rembo-ს მუსიკის თანხლებით გაიმართა. კონკურსის მონაწილეებს, მედიის წარმომადგენლებსა თუ უბრალოდ, ფესტივალის გულშემატკივრებს, PRINT-ისა და DESIGN-ის კატეგორიებში შექმნილი ნამუშევრების დათვალიერება ადგილზევე გამოფენილ სტენდზე შეეძლოთ.

19:30-იდან ახალგაზრდებმა მოიცვეს სრულიად „არტარეას“ ეზო და მალევე, ამერიკული ფილმების სტუდია 20th Century Fox-ის მუსიკის ფონზე, კანის ფესტივალის ოფიციალური წარმომადგენლები საქართველოში, ლევან ლეფსვერიძე და აკო ახალაიაც გამოჩნდნენ სცენაზე.

11 მაისს, როცა Young Lions 2018-ის შესარჩევი კონკურსი დაიწყო, პირველი დავალება ახალგაზრდა მარკეტერებს ერგოთ და შესაბამისად, პირველი ოქროს მფლობელებიც ამ კატეგორიაში გამოვლინდნენ. YOUNG MARKETERS-ის კატეგორიაში სულ 35 გუნდი მონაწილეობდა და თბილისის მერიისა და ღამის ეკონომიკის წარმომადგენლის, სერგი გვარჯალაძის მიერ წარდგენილი დავალება, რომელიც ღამის ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობას ისახავდა მიზნად, ჟიურის გადაწყვეტილებით, საუკეთესოდ შეასრულა GIOVANNI MORRA-მ – ნათია სვანიძისა და პავლე გაბრიჭიძის გუნდმა.

მარკეტერი ახალგაზრდა მარკეტერების კატეგორიაში გამარჯვებულებს ესაუბრა:

ამასობაში კი, კანის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა საქართველოში, შემდეგი კატეგორიის, DIGITAL-ის გამარჯვებულები დაასახელეს. თუმცა მანამდე, კიდევ ერთხელ გაგვაცნეს ამ კატეგორიაში მოცემული დავალება.

ლევან ლეფსვერიძე: „ბრიფი ეხებოდა გუდაურს, რომელსაც წელს, ბედის ბორბალი უკუღმა დაუტრიალდა. მოგეხსენებათ, ინციდენტი მოხდა, რომელიც მთელმა მსოფლიომ ნახა. ვირუსულად გავრცელდა ეს ჯოჯოხეთური კადრები. ფაქტია, რომ შემდეგი წლისთვის, შემდეგი სეზონისთვის, გუდაურს სჭირდება რეაბილიტაცია, რამე კრეატიულის მოფიქრება, რომ დავარწმუნოთ ხალხი – აღარ არის საფრთხე“. ჟიურის არჩევანით კი, ამ დავალებას პასუხი ყველაზე კარგად გასცა სააგენტო WINDFOR’S-მა – ცოტნე მაზმანიშვილისა და თეონა შელიას შემადგენლობით.

ცოტნე მაზმანიშვილისა და თეონა შელიას ნამუშევარი:საერთაშორისო ჟიურის აღფრთოვანების მხრივ, არც DESIGN-ის კატეგორია ჩამორჩა დანარჩენებს, თუმცა ამ შემთხვევაშიც, 1 საუკეთესოს არჩევა იყო საჭირო და Leavingston-მა – ანუკი კონიაშვილისა და გიო ბრეგვაძის გუნდმა აჯობა 46 მონაწილეს სიმბოლოს შექმნაში, რომელიც სისხლის დონორ ორგანიზაციებსა თუ მოხალისე ინდივიდუალებს მიენიჭებოდათ საუკეთესო დონორის წოდებისა თუ მადლობის ნიშნად.

ანუკი კონიაშვილისა და გიო ბრეგვაძის ნამუშევარი:მიუხედავად იმისა, რომ კონკურსის წესებიდან გამომდინარე, 164 გუნდიდან, მხოლოდ 10 საუკეთესო უნდა შერჩეულიყო დიდ კანში, საქართველოს სახელით, კრეატიულ შეჯიბრზე გამოსასვლელად, კანის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, აკო ახალაიამ, PRINT-ის კატეგორიის გამარჯვებულების გამოცხადებამდე, ხაზი გაუსვა პროექტში მონაწილეობის მნიშვნელობას, გამოცდილების მიღების თვალსაზრისით.

შემთხვევითი არ იყო, რომ PRINT-ის კატეგორიის მონაწილეები, ტექნოპარკში, 13 მაისს მუშაობდნენ მათთვის მიცემულ ბრიფზე, რომელიც სიმბოლურად, ახალ თაობაში ფეხბურთის მხარდაჭერას ეხებოდა. 1981 წლის 13 მაისს, ქართული ფეხბურთის ისტორიაში, ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია თბილისის „დინამომ“ – ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასი მოიგო. შესაბამისად, დავალების არსიც მდგომარეობდა შემდეგში, რომ გუნდებს შეექმნათ პრინტი, რომელიც მშობლებს უბიძგებდა შვილებისთვის საფეხბურთო კარიერის შექმნაში დახმარებას. ბრიფის წარმდგენი იყო Popsport, ხოლო ამ კატეგორიის ნამუშევრით ოქროს მფლობელი ყმაწვილლომები გახდნენ ანა გუგუტიშვილი და ივანე ყუფარაძე – ახალბედა სააგენტო WATERGUNZ-იდან.

ანა გუგუტიშვილისა და ივანე ყუფარაძის ნამუშევარი:უამინდობის, ქუჩაში გამოსვლების და ა.შ. სხვადასხვა სტრესის ფონზე, მე-5 და ამ ეტაპზე, ბოლო კატეგორიის, FILM-ის მონაწილეებმა მაინც შეძლეს, 48 საათში, მიღებული დავალებისთვის თავისგართმევა და ჟიურისთვის, 25 გუნდიდან, საუკეთესო აღმოჩნდა JWT Metro-ს – სანდრო ციცქიშვილისა და მაშო თევდორაშვილის კრეატიული გადაწყვეტა, არასრულწლოვნებამდე სწორად მიეტანათ სათქმელი, რომ ალკოჰოლის მიღება საზიანოა მათი მომავლისთვის.

სანდრომ და მაშომ კი გამოსავალი ასე იპოვნეს: UNDERAGE DRINKING WORKS LIKE BOOMERANG, IT ALWAYS STRIKES BACK:

YOUNG LIONS 2018 გაბმული აპლოდისმენტებით დასრულდა! როგორც კანის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა დამსწრე აუდიტორიას გვითხრეს, ქართულ შემოქმედებით ინდუსტრიასა და არამარტო, შეუძლია, ჯერჯერობით, წარმატება უსურვოს 5 გუნდს, რომელიც საქართველოს სახელით იასპარეზებს კანში, საერთაშორისო კრეატიულ ფესტივალზე, ხოლო 18 ივნისს უგულშემატკივროს მათ.

საღამო დადებითი ემოციებით დატვირთული, ახალი ენერგიებით, მომავალი, კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობებითა და ახალგაზრდული მუხტით სავსე აღმოჩნდა.

სწორედ ასეთივე მუხტით, საერთაშორისო გამარჯვებების იმედით დატოვეს არტარეას ეზო შემოქმედებითი ინდუსტრიის პიონერებმა თუ შემოქმედებითი საზოგადოების ახალბედა წარმომადგენლებმა.

LEVI’S-ის „ლურჯი ჯინსი” 145 წლის ხდება!

ოთხ კედელში გამომწყვდეული თაობა! – VELUX-ის ვიდეორგოლი მნიშვნელოვანი გზავნილით