12
Apr
2019

USAID-თან თანამშრომლობით, CENN კანის ახალგაზრდული კონკურსის მხარდამჭერია

12 Apr 2019

კანის კრეატიული მსოფლიო სარეკლამო ინდუსტრიის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, რომელიც ყოველწლიურად, მსოფლიოს საუკეთესო ნამუშევრებს გამოავლენს. ახალგაზრდული კონკურსი საქართველოში უკვე მეხუთე წელია ტარდება. Young Lions Georgia-ის მხარდამჭერთა რიგებს, წელს,  კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) შემოუერთდა, USAID-ის პროგრამის ფარგლებში (ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში). 1998 წლიდან, CENN სახელმწიფო განვითარების მწვანე მიმართულების დანერგვაზე მუშაობს. ორგანიზაციის მიზანია, კლიმატურ პრობლემებთან ბრძოლა, რესურსების ეფექტური მართვა და გარემოსდაცვით საკითხებში ქალთა ჩართულობის გაზრდა. კანის ახალგაზრდულ კონკურსზე, CENN ერთ-ერთი კატეგორიის წარმდგენია. CENN-ისა და Young Lions Georgia-ს თანამშრომლობის შესახებ, ჩვენს შეკითხვებს ორგანიზაციის კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა ნანა თაკვარელიამ უპასუხა.

M: გვიამბეთ CENN-ისა და “კანის ახალგაზრდული კონკურსის” პარტნიორობის შესახებ…

USAID-ის მხარდაჭერით, ერთ-ერთ პროგრამის ფარგლებში, გადავწყვიტეთ გვეთანამშრომლა კანის ახალგაზრდულ კონკურსთან. ვფიქრობთ, რომ კანის ახალგაზრდული კონკურსი ხელს უწყობს მარკეტინგის სფეროში მოღვაწე კრეატიულ ახალგაზრდებს წარმოჩინონ თავიანთი შესაძლებლობები. ესაა საკმაოდ ეფექტიანი პლატფორმა, რომელში ჩართვითაც, ვფიქრობთ, შესაძლებელია გარემოსდაცვითი საკითხები ფართო საზოგადოებამდე მივიტანოთ. ეს ის ხალხია, რომელიც მარკეტინგის სფეროში აქტიურად მუშაობს და მათ აქვთ შესაძლებლობა საზოგადოებამდე კრეატიულად მიიტანონ სხვადასხვა გზავნილი. ვფიქრობთ, ეს საინტერესო ინსტრუმენტია საზოგადოებაში გარემოსადმი სწორი დამოკიდებულებებისა და შესაბამისი ქცევითი ცვლილებების მისაღწევად.

M: CENN წელს პირველად არის Young Lions-ის მხარდამჭერთა რიგებში. გვიამბეთ, რატომ გადაწყვიტეთ ახალგაზრდული კონკურსის მხარდაჭერა?

ჩვენი მიზანია, გარემოს დაცვის საკითხების წინ წამოწევა, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მათი ქცევის შეცვლა. მიგვაჩნია, რომ ამ თანამშრომლობით ინფორმაციას მივაწვდენთ უფრო ფართო აუდიტორიას. განსაკუთრებით საინტერესოა იმ ახალგაზრდებთან ურთიერთობა, რომლებიც მარკეტინგისა და სარეკლამო სფეროში მუშაობენ, აქვთ ძლიერი ხედვა და ქმნიან ისეთ პროდუქტს, რამაც შესაძლოა დიდი გავლენა იქონიოს საზოგადოებაზე. ჩვენი მიზანიც სწორედ ესაა – საზოგადოებას ეფექტიანად მივაწოდოთ ინფორმაცია ისეთ მნიშნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა გარემოს დაცვითი თემები.

M: თქვენი აზრით, რატომაა მნიშვნელოვანია ასეთი კონკურსის ხელშეწყობა?

მსგავსი კონკურსის ხელშეწყობა მნიშვნელოვანია სფეროსა და ახალგაზრდების პროფესიული განვითარების ხელშეწყობისთვის. ის გვთავაზობს ახალ მიდგომებს და საშუალებას აძლევს მონაწილეებს თავიანთი შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინონ, სიახლეები შემოიტანონ, და ზოგადად ასეთი ინიციატივები ხელს უწყობს გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებას.

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

განხილვა