22
Apr
2019

„ვინც მტკიცედ დადგა წარმოსახვის სადარაჯოზე“ – Young Lions 2019-ის დაჯილდოება [მობილური რეპორტაჟი]

22 Apr 2019

„მე, გულანთებული ახალგაზრდა, მონაწილეობას ვიღებ რა ყმაწვილლომების შეჯიბრში… ვფიცავ! მტკიცედ დავსდგე წარმოსახვის სადარაჯოზე და სიფხიზლის უკანასკნელ წამამდე, ვიბრძოლო გამარჯვებისთვის…“

5 წელი, 5 კატეგორია, 346 ყმაწვილლომი, 173 გუნდი, პრობლემის გადასაჭრელად მოცემული 48, ზოგიერთ შემთხვევაში, 24 საათი, ჟიურის 69 წევრი – 24 ქვეყნიდან, 10 საუკეთესო მონაწილე, ფიცის დადების უცვლელი რიტუალი და მისია: საქართველოს მსოფლიო კრეატიულ რუკაზე მონიშვნა – ეს Young Lions Georgia-ა.

5 წლის წინ, არავის ეგონა, რომ ამხელა მასშტაბებამდე მივიდოდა ახალგაზრდა ლომების კონკურსი… მაშინ, ერთ პატარა სამეგობროში, ერთი კატეგორიისთვის ჩავატარეთ ეს ყველაფერი და დღეს, 350 ადამიანი ვართ, – ლევან ლეფსვერიძე.

წელს, გარდა იმისა, რომ ფესტივალზე მონაწილეთა რეკორდული მაჩვენებელი დარეგისტრირდა, სიახლე იყო ის, რომ Young Lions Georgia-ს საგანმანათლებლო/ინსპირაციული ნაწილი დაემატა. 20 აპრილს, მულტიფუნქციურ სივრცე „რესპუბლიკაში“, მსმენელების წინაშე, სამი საერთაშორისო დონის სპიკერი წარდგა: სანდრა ბოლდი, ანდრეს ვერგარა და ერიკ კესელსი – იმაზე უფრო თამამი პრეზენტაციით, ვიდრე აუდიტორია წარმოიდგენდა. თუმცა, ამაზე შემდეგ სტატიაში მოგიყვებით.

სპიკერების 1 საათიანი გამოსვლისა და ასევე, 1 საათიანი შესვენების შემდეგ, დაჯილდოების ცერემონიაც დაიწყო:

ღონისძიებას 900-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა: შემოქმედებითი ინდუსტრიის ამჟამინდელი თუ მომავალი გურუები, ახალგაზრდა ლომებისა თუ უბრალოდ, სფეროს გულშემატკივრები. ასევე, ასობით ადამიანი ფეისბუკლაივის საშუალებით ადევნებდა ღონისძიებას თვალს.

ბრინჯაოსა და ვერცხლის მფლობელების გამოვლენის შემდეგ, როცა მღელვარებამ პიკს მიაღწია, ნიკა გუჯეჯიანის სახელობის საპატიო ჯილდოს მფლობელის ვინაობაც გაირკვა და ის ერთი ადამიანი დასახელდა, რომელსაც საგენტოების გადაწყვეტილებით, განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარებაში.

საპატიო ჯილდოს ამბავი ასეთია: 18 მარტს, მას შემდეგ, რაც ნიკა გუჯეჯიანი უბედურ ავტოსაგზაო შემთხვევაში მოჰყვა, კანის ოფიციალურმა წარმომადგენლობამ საქართველოში გადაწყვიტა, მისი ამაგის პატივსაცემად, ნიკა გუჯეჯიანის სახელობის საპატიო ჯილდო დაეწესებინა:

შემოქმედებითმა ინდუსტრიამ დაკარგა ნიკა გუჯეჯიანი – ძალიან ძვირფასი მეგობარი და თავისი საქმის დიდი პროფესიონალი… ნიკა ყოველთვის მთელი ძალისხმევით ცდილობდა ჩვენი ინდუსტრიისა და მასში დასაქმებული ახალგაზრდების ინსპირაციასა და მხარდაჭერას. კანის საქართველოს წარმომადგენლობამ გადავწყვიტეთ, დავაწესოთ ნიკა გუჯეჯიანის სახელობის საპატიო ჯილდო! მას, ყოველწლიურად, ის ადამიანი მიიღებს, რომელსაც ინდუსტრიის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის დაასახელებს ჟიური“.

ნიკა გუჯეჯიანის სახელობის საპატიო ჯილდოს მფლობელი, სააგენტო WINDFOR’S-ის დამფუძნებელი, ვატო ქავთარაძე გახდა.

ძალიან რთულია ამის მიღება ისეთი ფორმით, როგორითაც მინდა, რომ მივიღო, – ვატო ქავთარაძე.

Young Lions Georgia 2019-ის დაჯილდოების საღამო, ალბათ, ყველაზე ემოციური იყო, დაჯილდოებებს შორის: ყიჟინა, მოულოდნელი სიხარულისა თუ მოულოდნელობის ცრემლი, გაბრაზება, იმედგაცრუება, სიამაყე… ეს განცდები ხან ერთდროულად, ხანაც კი – ცალ-ცალკე ეუფლებოდათ დამსწრეებს… თუმცა რაც ყველას აერთიანებდა, შემოქმედებითი სფეროს სიყვარულია. ხოდა, იმ ვერბალურად თუ არავერბალურად გამოხატულ ემოციებს გაგიზიარებთ, რომელიც ოქროს მფლობელი ყმაწვილლომების გამოცხადებას მოჰყვა.

აქვე, თითოეული კატეგორიის იმ ამოცანებს შეგახსენებთ, რომლის გადაჭრაც ყველაზე ორიგინალურად სწორედ ამ ადამიანებმა შეძლეს:

პირველი გამარჯვებულები, ტრადიციულად, ახალგაზრდა მარკეტერების კატეგორიაში გამოავლინეს: გიორგი გვენეტაძე, ცოტნე ჭანკოტაძე, adjarabet.com-იდან [პრეზენტაცია, ბრიფი].

„ჩვენი ფავორიტები რომ ვერც მესამეზე მოხვდნენ და ვერც მეორეზე, უკვე ოოო, ძალიან შეგვეშინდა“.

DESIGN-ის კატეგორიაში 31 გუნდი დარეგისტრირდა და:

ამ კატეგორიაში საუკეთესო ნამუშევარი ლადო მალაზონიამ და სანდრო ლალიაშვილმა შექმნეს, JWT Metro-დან. აქვე გეტყვით, რომ სანდრო ლალიაშვილს აქამდეც გაუმარჯვია, 2016 წელს, როცა შეჯიბრში ABK-ს სახელით ასპარეზობდა.

რაც შეეხება DIGITAL კატეგორიის დავალებას:

ციფრული კატეგორიის საუკეთესო ყმაწვილლომები ემილი ქორიძე და მურთაზ ფურცხვანიძე გახდნენ, Leavingstone-იდან და როგორც გვითხრეს, თავიანთი ნამუშევარი ძალიან მოსწონდათ.

რა შეიძლება შეიცვალოს DIGITAL კატეგორიის გამარჯვებულების „კარადაში?“ – ემილი ქორიძე და მურთაზ ფურცხვანიძე გვპასუხობენ:

PRINT, როგორც ყოველთვის, ყველაზე ცხელი და მოთხოვნადი კატეგორიაა ხოლმე. წელს, 48 გუნდი დარეგისტრირდა იმისთვის, რომ თითოეულს, სოციალურ თემატიკაზე პრობლემის საუკეთესო გადაწყვეტა მოეფიქრებინა.

კონკურენციას კი, ყველაზე კარგად ნიკა ხუნდაძე და მარი გვახარია გაუმკლავდნენ, Mr.Wolf-იდან [იხ. ნამუშევარი].

ვუყურებ კანის ახალგაზრდულ ფესტივალზე [24 საათში] შექმნილ ნამუშევრებს და მეამაყება რომ ამ ხალხის ქვეყანაში ვცხოვრობ, – აკო ახალაია.

ჟიურის გადაწყვეტილებით, ტინეიჯერებამდე სათქმელის მიტანა, რომ ბალანსი დაეცვათ ONLINE და OFFLINE ცხოვრებაში, ყველაზე უკეთ, Followfox-იდან: გურამ ასათიანმა და ლუკა გაგლოშვილმა შეძლეს.

Can u bounce back to reality? 

ლევან, თავიდან როგორ დაიწყო ყველაფერი?

მთავარი ბრძოლა ახლა იწყება! 17-21 ივნისს, საფრანგეთში, კანის კრეატიულ ფესტივალზე, წარმოსახვის სადარაჯოზე მდგომი ოქროს მფლობელი 10 ყმაწვილლომი, სიფხიზლის უკანასკნელ წამამდე, ამჯერად უკვე, მსოფლიო პირველობისთვის იასპარეზებს!

ავტორი: თიკა გეგენავა

განხილვა