Young Lions Georgia 2019, წინა წლებისგან განსხვავებით, ინსპირაციულ, საგანმანათლებლო ნაწილსაც მოიცავდა – ყმაწვილლომებსა და სტუმრებს, საკუთარი გამოცდილება, სამმა, ერთმანეთისგან განსხვავებულმა სპიკერმა გაუზიარა. განსხვავებული იყო მათი პრეზენტაციებიც – მომენტებში, იმაზე კონტრასტული, ვიდრე, შესაძლოა, აუდიტორიას წარმოედგინა. ამიტომ, სრული სურათი რომ აღიქვათ, ყველა ფოტო, მინაწერი და მიბმულ – თანდართული ფაილი უნდა ნახოთ.

სცენაზე პირველი სააგენტო “Publicis Milano-ს“ ციფრული კრეატიული დირექტორი, სანდრა ბოლდი ავიდა. ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი ამბავია ტიპური ჰოლივუდური სცენარი – გოგონა პატარა ქალაქიდან მიდის და მსოფლიოს იპყრობს.

აუდიტორიამ, სანდრა ბოლდისა და მისი პატარა ქვეყნის ამბავი მოისმინა, მთავარი გზავნილით – “Love What You hate About Your Country” – სტუმრებს უამბო, რა გზა გაიარა დღემდე რუმინეთის ქალაქ პიტესტიდან, რომელიც, დაახლოებით რომ წამოვიდგინოთ, რუსთავზე პატარაა.

„ვოცნებობდი დიდ ბიუჯეტზე, დიდ ბრენდებთან თანამშრომლობაზე, დიდ პროექტებზე. ყველაფერი კი ბუქარესტის (რუმინეთის დედაქალაქი) პატარა სააგენტოში დაიწყო“ :

შემდეგ იყო გრძელი და რთული გზა. “Be nice to people”, “Love what you hate about your country”, “Believe in your weakness” – ეს მიდგომები და იდეებია, რომლებსაც, როგორც თავად თქვა, არასოდეს ღალატობს.
სანდრა ბოლდმა, სტუმრებს რამდენიმე კამპანია აჩვენა. ისაუბრა, როგორ აღიქვამენ საკომუნიკაციო გზავნილებს ქვეყნისა თუ ხალხისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე და რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს სწორად დაგეგმილ კამპანიებს.
პრეზენტაციის ნაწილი დაუთმო იმას, როგორ შეიძლება აჯობოს რუმინეთის მსგავსმა პატარა ქვეყანამ მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებს, დიდ ბრენდებს და რა შეიძლება, ხალხისთვის უფრო მნიშვნელოვანი იყოს.
სანდრა ბოლდი ამბობს, რომ შედეგებიც შესაბამისი აღმოჩნდა, ამ და სხვა მსგავსმა კამპანიებმა კრეატიული ინდუსტრიის არაერთი ჯილდო დაიმსახურა.
დღეს, სანდრა ბოლდის ერთ-ერთი დამკვეთი, არც მეტი არც ნაკლები, „დიზელია“. Young Lions-ების სტუმრებს, რა თქმა უნდა, ამ ბრენდისთვის შექმნილი კამპანიის რამდენიმე ვიდეორგოლიც გაუზიარა.
ფიქრობს, რომ პატარა კომპანიებთან მუშაობა უფრო ადვილია.
„აქ მეტი თავისუფლება გაქვს. დიდი ბრენდებთან მეტი სირთულეა, მათთან თითოეულ დეტალზე უნდა იბრძოლო“.

სანდრა ბოლდი სცენაზე ანდრეს ვერგარამ შეცვალა. ადამიანმა, რომელიც ცოტა ხნის წინ, ყველას ურჩევდა, არავის რჩევა არ გაითვალისწინოთო, გამოსვლის ძირითადი ნაწილი, საკუთარი გამოცდილების გაზიარებას დაუთმო. დღეს McCann Worldgroup-ის წევრია. მიღებული აქვს ინდუსტრიის, თითქმის, ყველა მთავარი ჯილდო.

„რა მიბიძგებდა ამისკენ? ამბიცია, შემექმნა რაღაც ახალი. მაგრამ იყო მომენტები, როდესაც უბრალოდ, ცხოვრებას მივყვებოდი“.
მიაჩნია, რომ არსებობს 2 რეალობა: სუბიექტური – როგორც ჩვენ აღვიქვამთ მოვლენებს და ობიექტური – როგორც ისინი სინამდვილეშია, ამბის თხრობით („სთორითელინგით“) კი ვქმნით ახალ რეალობას.
„როცა გაქვს შესაძლებლობა, მოჰყვე ამბავს, შეგიძლია, რაღაცების კონტროლი. ამბავი არის საშუალება, რაღაც ძალიან ძლიერი, გავლენიანი შექმნა. აქ კი მნიშვნელოვანია წარმოსახვის უნარი. ერთი მარტივი ამბით ოლიმპიადის მოგება შეიძლება“.
ანდრეს ვერგარა ამბობს, რომ კომუნიკაციაში ყველაზე ეფექტური მარტივი, მაგრამ ზუსტი და ძლიერი „სთორითელინგია“. ოღონდ, პირველ რიგში, ჩვენ უნდა გვჯეროდეს ამის, რომ სამიზნე აუდიტორიაზე, საზოგადოებაზე მოახდინოს გავლენა.
„წარმატებითვის აუცილებელია მარტივი და ძლიერი ამბავი. თუმცა, ჯერ იდეა უნდა იყოს ძლიერი“.

ანდრეს ვერგარამ, კომუნიკაციაში კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვან გზავნილზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ბრენდს აუცილებლად უნდა გააჩნდეს თანასწორობის განცდა და ამას მომხარებლებსაც უნდა აგრძნობინებდეს.
„როგორ ცვლის ძლიერი ამბავი ხალხის ცხოვრებას – აქ ყოველთვის რაღაც მნიშვნელოვანი იდეაა – ეს არის თანასწორობა“.
„მეორე ძალიან მნიშვნელოვანი, არის პატივისცემა. კომუნიკაციაში ამის ხაზგასმა აუცილებელია. ასევე – გულშემატკივრობა და იმის თქმა, რომ სხვის განწყობას იზიარებ, რომ მათი პრობლემა შენთვის სულერთი არ არის“. ამის მაგალითად, „ვოგის“ კამპანია დაასახელა.
„და ბოლოს, ვისწავლე, რომ საკუთარი თავი კი არა, გარშემომყოფები უნდა მიყვარდეს“.

„Keep Imagening simple and powerful stories, ისე, როგორც ჯონ ლენონმა გააკეთა. დღემდე, ეს ერთ-ერთი უძლიერესი გზავნილია, სწორედ ეს ცვლის მსოფლიოს უკეთესობისკენ“
ბოლო გამომსვლელი KesselsKramer-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, “I AMsterdam-ის“ შემქმნელი, ერიკ კესელსი იყო. მან საკუთარ პროექტებსა და გამოცემებზე ისაუბრა, სტუმრებს საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, რამდენიმე რჩევაც მისცა.

1996 წლამდე, ერიკ კესელსი და ჯოან კრამერი, ლონდონში, კრეატიულ სააგენტოში მუშაობდნენ. მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს, სამსახურში ასეთ ფორმაში გამოცხადდნენ. რა თქმა უნდა, ეს კომპანიაში მათი ბოლო სამუშაო დღე აღმოჩნდა.

გამოსავალი დიდხანს არ უძენბიათ – ამსტერდამში სააგენტო
KesselsKramer დააფუძნეს. ოფისი ერთ ძველ ეკლესიაში აქვთ და როგორც ერიკ კესელსი ამბობს, იქ დღეს ეს არავის უკვირს, რადგან ხალხი ეკლესიაში, თითქმის, აღარ დადის.
ერიკ კესელსს მიაჩნია, რომ ბრენდისთვის მნიშვნელოვანია სახელი, იდენტობა და ლოგო, რომელიც საკუთარი კომპანიისთვის გაცილებით რთული შესაქმნელია, ვიდრე სხვისთვის.
მისი აზრით, კომუნიკაციაში აუცილებლად უნდა გამოიყენო ის, რაც ადამიანებში ძლიერ გრძნობებსა და მძაფრ განცდებს აღძრავს. რამდენიმე ასეთი ნამუშევარი პრეზენტაციის სტუმრებსაც აჩვენა. მაგალითად, პუტინისა და სხვა დიქტატორების ფოტო კრივის დარბაზში.

ერიკ კესელსი ამბობს, კრეატიულ ინდუსტრიაში „მუშაობს“ უწესრიგობა და არეულობა. ზოგჯერ, ნეგატიური დეტალების ჩვენებამ, შესაძლოა, უფრო დიდი ეფექტი მოახდინოს საზოგადოებაზე. თანაც, ასე გაცილებით მარტივია მთავარი გზავნილის გადმოცემა. ამასთან, ფიქრობს, რომ ხშირად ძალიან მარტივი გადაწყვეტილებები ამართლებს.
ერიკ კესელსიის აზრით, კამპანიიის დასაგეგმად ან მნიშვნელოვანი პრობლემის გადასაჭრელად, ხშირად Brainstorming არ არის საჭირო.
მიაჩნია, რომ კრეატიულ ინდუსტრიაში მნიშვნელოვანია გულახდილობა – “Honest is Luxury“.
პრეზენტაციის მეორე ნაწილში ერიკ კესელსმა თავის სხვა პროექტებზეც ისაუბრა – საკუთარი წიგნებისა და გამოცემებიდან ფოტომასალა აუდიტორიასაც გაუზიარა. წარადგინა თავისივე შექმნილი ვინილის ფირფიტა – სიმღერებს სხვადასხვა ქვეყნების გუნდები ასრულებენ, კომპოზიციები ერთმანეთში გადადის და ზოგი ერთდროულადაც ჟღერს.
ერიკ კესელსმა პრეზენტაციაზე ისაუბრა იმაზეც, რა მარტივია, ერთი შეხედვით, აბსურდული ვიზუალებით, კომუნიკაციის სფეროში, დასამახსოვრებელი მასალების შექმნა.