12
Apr
2019

კანის ყმაწვილლომების კონკურსი დაიწყო!

12 Apr 2019

კანის კრეატიული ფესტივალის ახალგაზრდული ადგილობრივი შესარჩევი კონკურსი დაიწყო. გახსნითი ღონისძიება თიბისი გალერეაში ჩატარდა. საქართველოში ახალგაზრდა ლომების კანის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა, აკო ახალაიამ და ლევან ლეფსვერიძემ კონკურსანტებს სიახლეები და პირობები გააცნეს. ბრიფის წარდგენამდე მონაწილეებმა ტრადიციული ფიცი დადეს, რომელსაც ვიდეოს სახით წარმოგიდგენთ.

წელს, ადგილობრივ კონკურსზე უცვლელია კატეგორიების რაოდენობა: FILM, DIGITAL, PRINT, DESIGN, MARKETER და დავალების შესრულების დრო.

როგორც ვიცით, წელს, შემოქმედებითი ინდუსტრიის რჩეული წარმომადგენელი, ნიკა გუჯეჯიანის სახელობის საპატიო ჯილდოს მფლობელი გახდება. გამარჯვებული კი, 20 აპრილს, ახალგაზრდა ლომების დაჯილდოების საღამოზე გამოვლინდება.

ოთხ კატეგორიაში – ციფრულ კამპანიაში, პრინტის, დიზაინსა და ფილმში დავალება კონკურსის მხარდამჭერებმა წარადგინეს. VEON Georgia-ს („ბილაინი“) საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა სოფო ბალავაძემ – ბრიფი ფილმის კატეგორიაში წარადგინა, ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ – დიზაინის კატეგორიაში, CENN-ის კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა ნანა თაკვარელიამ – პრინტის კატეგორიაში წარადგინა, adjarabet.com-ის ბრენდ მენეჯერმა ქეთო ბარაბაძემ კი – ციფრული კამპანიის კატეგორიაში.

კონკურსის ფარგლებში, გუნდებს გადაეცათ ბრიფები სოციალურ თემატიკებზე, რომელზეც იმუშავებენ დისტანციურად. პრინტის, დიზაინის, დიჯითალისა და მარკეტერის კატეგორიის კონკურსანტებს აქვთ 24 საათიმ ნამუშევრების ჩასაბარებლად, ფილმის კატეგორიის კონკურსანტებს – 48 საათი.

ფილმის კატეგორიაში ბრიფი კომპანია “ბილაინმა” წარადგინა. დავალება დაკავშირებულია ინტერნეტთან მიჯაჭვულობასთან. 60 წამიანმა ვიდეომ, მაყურებელს ინტერნეტის გარეშე, offline-ში მეტი დროს გატარებისკენ უნდა მოუწოდოს.

ციფრული კამპანიის დავალების ნიხედვით, მონაწილეებს აქვთ 24 საათი იმისთვის, რომ შექმნან პროდუქტი, რომელიც სპორტის გულშემატკივარ ადამიანებს მოანდომებს, თავადაც ჩაერთონ ამ პროცესებში და ყოველდღიურ ცხოვრებაში დაკავდნენ სპორტით.

პრინტის კატეგორიაში, მონაწილეებმა უნდა შექმნან ნამუშევარი, რომელიც ადამიანებს მოუწოდებს, ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის ნივთები ყოველდღიურ ცხოვრებაში ნაკლებად მოიხმარონ.

დავალების მიხედვით, მარკეტერების კატეგორიაში მოასპარეზე გუნდების მიზანია, ადამიანებს საკუთარი სტარტაპის წამოწყების სურვილი გაუჩნდეთ.

დიზაინის ბრიფის მიხედვით, უნდა შეიქმნას ვანის მუზეუმის ვიზუალური იდენტობა, რომელიც “ოქრომრავალი კოლხეთის” საგანძურს წარმოაჩენს.

ღონისძიებაზე, ასევე, ცნობილი გახდა, რომ წელს, კანის ახალგაზრდულ კონკურსს საგანმანათლებლო/ინსპირაციული ნაწილი დაემატა, რომლის ფარგლებშიც, დაჯილდოების ღონისძიებაზე სამი საერთაშორისო სპიკერია მოწვეული: ერიკ კესელსი, სანდრა ბოლდი, ანდრეს ვერგარა.

საქართველოს ნაკრებისთვის ქვეყნის ყველაზე კრეატიულების ძებნა დაიწყო!

განხილვა