8
Apr
2019

თიბისი კანის ახალგაზრდული კონკურსის მხარდამჭერია!

8 Apr 2019

კანის ადგილობრივი ახალგაზრდული კონკურსი Young Lions Georgia 2019 სტარტს 12 აპრილს აიღებს და სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ქართული სარეკლამო სფეროსა და მარკეტინგის ახალგაზრდა წარმომადგენლები დიზაინის, ბეჭდური რეკლამის, ციფრული კამპანიის, ახალგაზრდა მარკეტერისა და ვიდეო რეკლამის კატეგორიებში შეეჯიბრებიან ერთმანეთს. გამარჯვებული ხუთი გუნდი, 17-21 ივნისს, საფრანგეთში, კანის საერთაშორისო ფესტივალზე, მსოფლიოს პირველობისთვის საქართველოს სახელით იბრძოლებს. Young Lions Georgia საქართველოში უკვე მეხუთე წელია ტარდება. კონკურსზე, წელს, გუნდების რეკორდული რაოდენობა (სულ 169 გუნდი) დაფიქსირდა. კანის ფესტივალის წარმომადგენლობის მხარდამჭერია თიბისი. თიბისი უკვე მეორე წელია გულშემატკივრობს Young Lions Georgia-ს. ფესტივალისა და მისი ხელშეწყობის მნიშვნელობაზე თიბისის ბრენდისა და კრეატიული პროექტების ხელმძღვანელი კოკა ქამუშაძე გვესაუბრა.

M: წელს რას მოიცავს თიბისის მხრიდან Young Lions Georgia-ს მხარდაჭერა?

თიბისის მხრიდან, ეს კრეატიული ინდუსტრიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ივენთის მხარდაჭერაა საქართველოში. ამას გარდა, ერთ-ერთ კატეგორიაში, ჩვენი პარტნიორი კომპანიის ბრიფი იქნება წარდგენილი. ჩვენი სურვილია, ფესტივალზე გენერირებულ იდეებს რეალობაში განხორციელების საშუალება მივცეთ. გვინდა ნებისმიერ კატეგორიაში გამარჯვებულმა ნამუშევარმა გააგრძელოს ცხოვრება და მხოლოდ საფესტივალო ნამუშევრად არ დარჩეს.

M: თიბისისთვის რამდენად მნიშვნელოვანია Young Lions Georgia-ს ხელშეწყობა?

თიბისი ცდილობს, როგორც ბრენდი, იყოს შემოქმედი. საქართველოში შემოქმედებითი ადამიანების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თავყრილობაა ახალგაზრდა ლომების კონკურსი და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, ვიყოთ ამ ამბის მხარდამჭერი, რომ მაქსიმალურად კარგად ჩატარდეს, ბევრი ადამიანი ჩაერთოს ინდუსტრიიდან, იყოს ძალიან კარგი სამუშაო პირობები, რომ მონაწილე გუნდებმა კარგად იმუშაონ და დადონ კარგი შედეგები. შემდეგ კი, როდესაც გამარჯვებული გუნდები წავლენ უფრო დიდი მასშტაბის ფესტივალზე კანში, იქიდანაც კარგი შედეგებით დაბრუნდნენ, რისი მომსწრეც არაერთხელ გავხდით.

ზოგადად, კრეატიული ინდუსტრია, ქვეყნის მასშტაბით, ერთ-ერთი წამყვანი ინდუსტრიაა. მას საერთაშორისო ასპარეზზეც ეთქმის სიტყვა, ბევრ ქართველს იწვევენ სხვადასხვა კონკურსის ჟიურის გუნდში და ბევრი საერთაშორისო ჯილდოც მოგვიპოვებია. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი არ გაჩერდეს, ახალი თაობებისთვისაც მუდმივად ტარდებოდეს ეს კონკურსი და მუდმივად ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, როგორც ლოკალურ, ისე გლობალურ დონეზე.

M: რატომაა აუცილებელი ასეთი კონკურსების მხარდაჭერა?

კრეატიულ ინდუსტრიას უნდა ჰქონდეს პლატფორმა, რომ საკუთარი თავი წარმოაჩინოს. იმუშაოს ისეთ ბრიფებსა და კამპანიებზე, რომლებზე მუშაობის საშუალებაც ყოველდღიურ პროცესში არ აქვს. სააგენტოებს, ხშირად, თავიანთი დამკვეთების ბრიფებზე უწევთ მუშაობა. კანის ახალგაზრდული ფესტივალი კი იძლევა საშუალებას, რომ სააგენტომ სრულიად სხვა კომპანიის ბრიფებზე იფიქროს. ეს აფართოებს მონაწილეების თვალსაზიერს უფრო მეტ მასშტაბს სძენს. პლუს ამას, ჯერ ლოკალურ დონეზე ნახულობენ, რა შეუძლიათ, შემდეგ აქვთ საშუალება, წავიდნენ და ნახონ, რა ხდება ინდუსტრიაში გლობალური მასშტაბით. დაესწონ ფესტივალს და შეადარონ საკუთარი თავი სხვა ქვეყნების ამავე ინდუსტრიის წარმომადგენლებს.

M: თქვენი დაკვირვებით, რა შეიცვალა ქართულ კრეატიულ ინდუსტრიაში გასული წლის ფესტივალის შემდეგ?

ქართულ კრეატიულ ინდუსტრიაში პოზიტიური ტენდენცია ისაა, რომ ქართული სააგენტოები უფრო მეტად ცდილობენ მარტო ლოკალურ ბაზარზე მორგებული პროდუქტი არ შექმნან და ფიქრობენ, რამდენად რელევანტური შეიძლება იყოს ეს მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციებთან. ქართული სააგენტოების პრინტები ხშირად ეხმაურება მსოფლიოს აქტუალურ თემებს. ვიდეოებშიც ცდილობენ უპასუხონ გლობალურ თემებს. ეს სწორედ ისეთი კონკურსების დამსახურებაა – ადამიანი ადგილობრივი მასშტაბის აზროვნებიდან გლობალურ დონეზე გადის.

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

განხილვა