in

Young Lions Georgia 2025-ის PR კატეგორიის ოქროს ჯილდოს მფლობელები

კანის ადგილობრივი ახალგაზრდული კონკურსის შედეგები ცნობილია. საქართველოს სახელით, საფრანგეთის ქალაქ კანში 6 გამარჯვებული გუნდი გაემგზავრება და ჩვენი ქვეყნის სახელით იბრძოლებს მსოფლიო პირველობისთვის. წელს, Young Lions-ზე მონაწილეთა რეკორდული რაოდენობა – 334 გუნდი დარეგისტრირდა. კონკურსი 6 კატეგორიაში მიმდინარეობდა – PR, Digital Film, Design, Marketer და Print. ამჯერად, გაგაცნობთ PR კატეგორიის გამარჯვებულებს AT.ge-დან, ნიკოლოზ ნინიძესა და საკო ტვილდიანს, რომლებიც კანის ახალგაზრდულ კონკურსზე მონაწილეობასა და გამარჯვებულ ნამუშევარზე გვიამბობენ. მათი ნამუშევრის ნახვა ამ ბმულზე შეგიძლიათ.

M: რატომ იყო თქვენთვის მნიშვნელოვანი Young Lions Georgia-ზე მონაწილეობა?

წლევანდელი შეჯიბრი იყო ჩვენი (ჩემი და ნიკოლოზის) მეოთხე იანგები, ოთხივეჯერ შორთლისტში ვიყავით. წინა წელს, ძალიან ახლოს მივედით გამარჯვებასთან. ბევრი ვიფიქრეთ რა მოეწონებოდა ჟიურის, რას აკეთებს ხალხი საერთაშორისო ბაზარზე, დიდი შრომაც ჩავდეთ ვიზუალურ ნაწილში, მაგრამ მეოთხე ადგილზე გავედით.

წელს, ძალიან დიდი სხვაობა ვიგრძენით ორივემ. ბევრი რამ მოხდა წინა შეჯიბრის შემდეგ. გავიზარდეთ პროფესიულად, ბევრი რამ ვისწავლეთ, შევცვალეთ მუშაობის მეთოდები და წლევანდელ შეჯიბრზე სულ სხვა განწყობით გამოვედით.

შევცვალეთ სტრატეგიაც – ორივე მშვიდად მივუდექით ბრიფს, ყოველგვარი ფორიაქის გარეშე, ზუსტად ვიცოდით რომ შეგვეძლო საპრიზო ნამუშევრის დადება, მაგრამ ამ ეტაპზე ვფოკუსირდით მხოლოდ იდეებზე, რომლებიც მოგვწონდა ჩვენ და არა მაინცდამაინც იმაზე, რაც მოსწონს ინდუსტრიას.

მიხარია, რომ წინა წელს ვერ გავიმარჯვეთ, არ ვიყავით დიდი სცენისთვის საკმარისად თავდაჯერებულები. წელს კი, უკვე საერთაშორისო შეჯიბრებისთვისაც მზად ვართ.

M: როგორ მიხვედით ბრიფის გადაწყვეტამდე?

ცოტა პარადოქსია რომ ჩვენ მოვიგეთ ოქრო – მეც და ნიკოლოზიც საკმაოდ ვორქოჰოლიკები ვართ, ამ დროს ბრიფი იყო work-life ბალანსზე. მიზანი იყო, ხალხისთვის შეგვეხსენებინა, რომ საჭიროა დავისვენოთ და გვქონდეს პირადი ცხოვრება, იმისთვის, რომ შემდგომ ჩვენს საქმეშიც უკეთესები ვიყოთ.

იდეა ბრიფის გაზიარებიდან 5 წუთში გაჩნდა. ნიკოლოზმა გამიზიარა ლეფსვერას ხმის ჩანაწერი ბრიფინგიდან, სამსახურის გზაზე ვუსმენდი… და უცბად ვოისი ჩავუგდე – „აი, მაგალითად, ინსპირაცია რომ მოგვცეს ძეგლმა, რომ დროა დავისვენოთ – და თვითონაც კი სახლში წავიდეს“. იქვე დიალოგში გავშალეთ იდეა… რატომ შეესაბამებოდა ეს საქართველოს, რატომ იყო სწორი სტანტი და ა.შ.

სტრუქტურა ასე ავაწყვეთ: ქართველებს გვიყვარს მძიმედ შრომის კულტურა, ვამაყობთ რომ თავით გამტანი და გამძლე ერი ვართ, ეს კი იქიდან მოდის რომ მთელი ჩვენი ქვეყნის მემკვიდრეობა სწორედაც ესაა, ჩვენმა წინაპრებმა მძიმე შრომით მოიტანეს ჩვენამდე. ამიტომ, დასვენება თითქმის ღალატის ტოლფასი გვგონია. იცოდით, რომ თბილისში მარტო 200-მდე ძეგლი გვაქვს, გმირების, თავდადებული მებრძოლების და ა.შ. – ყოველდღიური შეხსენება რომ ჩვენც ქვასავით საადარაჯოზე უნდა ვიდგეთ.

ამიტომ ვიფიქრეთ, რა მოხდება რომ ერთი ძეგლი ერთ შაბათ-კვირას არ გამოცხადდეს სამსახურში და დარჩეს სახლში, დაისვენოს, რომ გვაჩვენოს რომ ქვასაც კი სჭირდება დასვენება და გაპრიალება… და ვინ იზამდა ამას თუ არა მუზა – ინსპირაციის სიმბოლო და ცენტრალურ ლოკაციაზე განთავსებული ძეგლი. ამ სტანტს უამრავი რამ მოვაყოლეთ – ვირუსული კამპანია – „სად არის მუზა?“, სოც. მედია აქტივაციები და ა.შ. – მაგრამ მთავარი იყო ის რომ მუზა დარჩა სახლში, დაისვენა და ორშაბათს როცა პედესტალზე დაბრუნდა, იმაზე მეტად განათებული და გაპრიალებული იყო ვიდრე ოდესმე.

აქედან დასკვნა: როცა ისვენებ, საქმესაც უკეთ აკეთებ.

M: როგორი იყო ბრიფზე ერთობლივად მუშაობის პროცესი? რა დაგეხმარათ ამ პროცესში?

წელს, განსაკუთრებით კარგად შევმუშავდით. ორივეს შინაგანმა სიმშვიდემ და თავდაჯერებულობამ გაამარტივა პროცესი. ბრიფის გაზიარებიდან, პირველი ორი დღე არაფერი გვიქნია, ორივე ვმუშაობდით (საკმაოდ გვიან საათებამდე) ამიტომ შაბათს, ცივი გონებით და წინასწარი მონახაზით, სწრაფად დავწერეთ და მერე ვიზუალებიც ერთად შევათანხმეთ. ასე სწრაფად ჯერ არცერთ იანგზე არ გვიმუშავია, იდეა თავიდან ბოლომდე 5 საათში ავაწყვეთ და გავაგზავნეთ.

M: რას ნიშნავს თქვენთვის ეს გამარჯვება?

გამარჯვებას დიდად არ ველოდით, მაგრამ წელს ძალიან კმაყოფილები ვიყავით საკუთარი ნამუშევრით. რახან პასუხები საკმაოდ მალევე არის ხოლმე, შევეცადეთ ამ თემაზე დიდად არც გვეფიქრა. მაგრამ გამარჯვების შეგრძნება ჰაერში იყო სადღაც, ვგრძნობდით მაგრამ ერთმანეთს არ ვუტყდებოდით ბოლომდე… რახან ამ ეტაპამდე უკვე სამჯერ ვიყავით მისულები, არ გვინდოდა ერთმანეთი უფრო აგვეღელვებინა.

M: ახლა, მომდევნო ეტაპი უკვე კანის მსოფლიო კონკურსია – როგორ გეგმავთ მომზადებას კონკურსისთვის?

მზადება უკვე დავიწყეთ. გადავხედავთ და გავაანალიზებთ ნამუშევრებს რომლებიც მოგვწონს, დავშლით სტრუქტურებად. შევეცდებით მანამდე არ დავიტვირთოთ და რაც მთავარია შევინარჩუნოთ ხალისი და თამაშის განწყობა…

წელს, იმასაც თვალი გავუსწორეთ რომ ექიმები არ ვართ, არავის ცხოვრებაა ჩვენზე დამოკიდებული, სამაგიეროდ გვაქვს ძალა, ნამდვილი კავშირი დავამყაროთ აუდიტორიასთან და საუკეთესო შემთხვევაში გავაცინოთ კიდეც.

წელს, Young Lions Georgia-ს მხარდამჭრები არიან: თიბისი, aPeople, adjarabetarena, Cellfie Mobile, PSP და mini by GT Motors.


კანის ლომები მსოფლიოს ყველაზე დიდი და პრესტიჟული კრეატიული ფესტივალია, რომელიც უკვე 70 წელზე მეტია ტარდება ქალაქ კანში. საქართველომ 2015 წელს მიიღო წარმომადგენლობის უფლება.

უკმაყოფილო მომხმარებლის პირველი საჩივარი თიხის ფირფიტაზე დაიწერა

Microsoft-მა Copilot-ს ახალი ფუნქციები დაამატა