კანის წლევანდელი კრეატიული ფესტივალი მართლაც დაუვიწყარი აღმოჩნდა! კანში ვერ ვეტევით სიხარულით! 2 ბრინჯაო მსოფლიო ახალგაზრდულ კონკურსზე და ერთი გრან პრი! კანის ლომებზე საასპარეზოდ, საქართველოდან 6 გუნდი გაემგზავრა, მათგან ორმა ჯილდოს მოპოვება შეძლო. ერთი ბრინჯაო, Young Lions-ის Film კატეგორიაში, ქართულ შემოქმედებით ინდუსტრიას ანა თედიაშვილმა და მარიტა ყაველაშვილმა მოუტანეს!
მარკეტერთან ინტერვიუში მარიტა და ანა თავიანთ შთაბეჭდილებებსა და ბრიფის ამოხსნის დეტალებზე გვიყვებიან.
M: როგორი რეაქცია გქონდათ, გამარჯვებულად რომ დაგასახელეს Cannes Lions-ის მსოფლიო ახალგაზრდულ ჩემპიონატზე?
ანა: დაუვიწყარი გამოცდილება იყო. იმდენად რთულია ყველაფრის რაციონალურად ახსნა, რაც 2 დღეში გავიარეთ, ზუსტად ეს ხსნის იმ შეუფასებელ მომენტებს, რაც გადაგვხდა.
ჩვენი შემთხვევა არ იყო სტანდარტული. მე და მარიტას სულ 3 ვიდეო გვაქვს ერთად გადაღებული და აქედან 2 გამარჯვებულია, როგორც კანის ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ფესტივალზე.
მარიტა: როცა ჯერი ფილმის კატეგორიაზე მიდგა და შორთლისთში GEORGIA დავინახეთ, იმ წამიდან დაგვეწყო გახშირებული გულისცემა, რომელიც უფრო მეტად გახშირდა, როცა ეკრანზე აკო გამოისახა. რთულია იმ ემოციისთვის სახელის დარქმევა, რაც იმ კონკრეტულ მომენტში გვქონდა. მივხვდით, რომ შევძელით, გამოგვივიდა და კიდევ უფრო მეტად ვიამაყეთ ერთმანეთით და საკუთარი თავებით.
M: რას ნიშნავს თქვენთვის ეს გამარჯვება?
მარიტა: ჩვენთვის ეს გამარჯვება ძალიან ბევრი მიზეზის გამო არის მნიშვნელოვანი. უპირველეს ყოვლისა, შევძელით ჩვენი ქვეყნის სახელი გაგვეჟღერებინა ისეთი მოწინავე ქვეყნების გვერდით, როგორებიცაა გერმანია და ბრიტანეთი. ამით თითქოს ისიც ვთქვით, რისიც ორივეს გვჯერა. საქართველოს კრეატიული ინდუსტრია სავსეა ისეთი ადამიანებით, რომლებიც არიან მსოფლიო დონის მოთამაშეები და რომლებსაც აქვთ ამბიცია უფრო დიდი მიღწევებისთვის იბრძოლონ. პერსონალურ დონეზეც ზუსტად იმავეს ნიშნავდა ეს გამარჯვება.
ანა: გულწრფელად, პირველად რომ დავინახე ეკრანზე Georgia დაეწერა, იმ წამს, არც მიფიქრია რომ ეს ჩვენ ვქენით. მერე და მერე მოვიდა გააზრება, რა შევძელით. ჩვენი შემთხვევა არ იყო სტანდარტული. მე და მარიტას სულ 3 ვიდეო გვაქვს ერთად გადაღებული და აქედან 2 გამარჯვებულია, როგორც კანის ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ფესტივალზე.
M: როგორც ახსენეთ, თქვენი თავგადასავალი თქვენ ორს გარდა, მეორე ბრინჯაოს მფლობელ გუნდსაც უკავშირდება, რომლის შემადგენლობაშიც ნინო და ლანა იყვნენ…
მარიტა: მთელი ამ დროის განმავლობაში ვცხოვრობდით ნინოსთან და ლანასთან ერთად, რომლებიც PR-ის კატეგორიაში წარმოადგენდნენ საქართველოს. ყოველდღე ვამხნევებდით ერთმანეთს და პირველად, როცა ისინი ავიდნენ სცენაზე საქართველოს დროშით, სიხარულის ცრემლებს ვერ ვმალავდით.
ანა: ჩვენი ყოველდღიურობა იყო სრულად ერთმანეთის გამხნევება. ამ გამოცდილებასთან ერთად, საუკეთესო ადამიანები შევიძინე ჩემს ცხოვრებაში, რასაც ვერაფერი წაშლის. როცა საქართველო პირველად დაეწერა ეკრანზე, მაშინვე ცრემლებით აგვევსო თვალები, ჩვენ ვიცოდით, რამდენად ბევრს ნიშნავდა ეს გამარჯვება, როგორც ქვეყნისთვის, ისე მათთვის პერსონალურად.
M: მოდი, საკონკურსო დავალების შესახებ ვისაუბროთ – როგორი იყო ბრიფი?
მარიტა: ჩვენი ბრიფი იყო Unstereotype Alliance-გან, რომელიც არის UN Woman-ისა და ინდუსტრიის წამყვანი სააგენტოების ჩართულობით შექმნილი კოალიცია. ეს ალიანსი ცდილობს დაამსხვრიოს არსებული სტერეოტიპები, რომელთა კვლავწარმოებასაც ხელს მედია უწყობს. ჩვენი ბრიფიც სწორედ წარმატებული კაცის არსებული იმიჯის მსხვრევაზე იყო, რომელიც მეტწილად ეფუძნება კუნთებს, ფულსა და მიზოგინიას.
ჩვენი დავალება იყო ფილმის სახით გვეთქვა კაცებისთვის, რომ ყველა კაცს აქვს წარმატების საკუთარი ვერსია და უნდა გვეჩვენებინა, რომ თითოეული ვერსიის არსებობა აბსოლუტურად ვალიდურია.
ანა: სწორედ ახალი წარმატებული მამაკაცის პროტოტიპის შექმნა და ჩვენება იყო ჩვენი დავალება. უნდა ჩაგვენაცვლებინა წარმატებული კაცის ამჟამინდელი გამოსახულებები და გვეჩვენებინა ჩვენი 1 წუთიანი ფილმით GenZ-თვის, რომ წარმატება არ შეიძლება იყოს უნივერსალურად განსაზღვრული და, შესაბამისად, არ შეიძლება წარმოდგენილი იყოს ერთი სურათით.
M: ნამუშევრის იდეა რა ინსაითზე ააგეთ?
მარიტა: ბრიფის მიღებიდან რამდენიმე წუთში გვქონდა იდეა, რომ ფილმის შინაარსი გინესის მსოფლიო რეკორდის კონცეფციაზე აგვეწყო, რადგან ეს უკანასკნელი გაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ თან მსოფლიო ისტორიაში შენი ფურცელი დაწერო, თან სურვილისამებრ გააკეთო აბსოლუტურად აბსურდული რაღაც, რაც სიამოვნებასაც მოგანიჭებს, თან სახალისოც იქნება. რაც ყველაზე მთავარია, ამის გაკეთებისთვის არც კუნთები გჭირდება, არც ფული და მითუმეტეს მიზოგინია.
შესაძლებელია საკუთარ აბაზანაში, წყლის ქვეშ 7 წუთი გაატარო და ამავდროულად 2000 ჰაერის ბუშტი ამოუშვა და ეს იყოს შენი გინესის რეკორდი. გვინდოდა ეს სათქმელი რაც შეიძლება სახალისოდ და მარტივად გადმოგვეცა, ამიტომ თითქმის პრინტისებრი ფილმი ჩავიფიქრეთ. გზავნილი ასე ჟღერდა: What may not seem like a success to others, might be your world record. Define yourself.
ანა: შევარჩიეთ მარტივი შემთხვევა – როდესაც მამაკაცი საკუთარ სახლში ხდება გინესის რეკორდსმენი. ერთი შეხედვით, ის რაც სხვებისთვის არასერიოზულია, მას გინესის რეკორდების წიგნში აღმოაჩენს. წიგნში, რომელში მოხვედრაც ნებისმიერს შეუძლია, მიუხედავად მისი მატერიალური თუ ფიზიკური შესაძლებლობისა
ამასთან, ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა მამაკაცების პორტრეტები, რომლებიც ბედნიერები, მხარდამჭერები და ერთმანეთის მიმართ მეგობრულები არიან.
რაც შეიძლება სხვებისთვის წარმატებულად არ ჩანდეს, შეიძლება იყოს მსოფლიო რეკორდი. ასე რომ, ყველაფერი, რაც მამაკაცებმა უნდა გააკეთონ, არის თავიანთი წარმატების განსაზღვრა და არსებული განსხვავებების აღნიშვნა და მხარდაჭერა.
M: ვიდეორგოლის ერთი პერსონაჟი აკო ახალაიაა, თუმცა საინტერესოა მეორე პერსონაჟის პოვნის ამბავი. NBC-ის კრეატიული დირექტორი აბაზანაში გადაღებაზე როგორ დაითანხმეთ?
მარიტა: გვჭირდებოდა ორი მსახიობი, რომელთაგან ერთი, აკო ახალაია უსიტყვოდ და მოხალისეობრივად დაგვთანხმდა გადაღებაზე. ვისარგებლებთ მომენტით და ამისთვის აქვე, კიდევ ერთხელ გადავუხდით მას მადლობას. მეორე პერსონაჟის ძიება უცხო ქალაქში საკმაოდ გართულდა, ამიტომ დავრეგისტრირდით ტინდერზე, სადაც ანას ფოტო, ჩვენი ორივეს ფოტო და დახმარების თხოვნის ტექსტი განვათავსეთ. დილის 4 საათამდე „ვმეჩავდით“ პოტენციურ მსახიობებს და ჩვენი სახლის აბაზანაში ჩახტომის სანაცვლოდ 50 ევროს ვთავაზობდით. აბსოლუტურ უმრავლესობას აბსურდულად ეჩვენებოდა ეს შეთავაზება და როგორც მოსალოდნელი იყო, ვერავინ ვიპოვეთ.
ანა: მეორე დილით, უკვე იმედგადაწურულზე სანაპიროზე ჩავედით, ბევრი ვირბინეთ და ვიპოვეთ ადამიანი, რომელმაც იდეა იმდენად მოიწონა, რომ მაშინვე დაგვთანხმდა – ეს ადამიანი აღმოჩნდა NBC-ის კრეატიული დირექტორი Akinpelumi Okelola.
სიურრეალისტურად ჟღერდა, მაგრამ როცა ვუთხარით, რომ გადაღება ჩვენს აბაზანაში უნდა ყოფილიყო, და მეტი სხვა კი არაფერი, მამაკაცს უნდა ჩახუტებოდა, მაინც წამოგვყვა. იდეა რომ ძალიან მოეწონა, ამან კიდევ უფრო გაგვათამამა. ვიდეო მალევე გადავიღეთ და როცა მიდიოდა, გვითხრა, მადლობის გადახდა საჭირო არ იყო, რადგან “Creative people help Creative people”.
M: როგორ ფიქრობთ, რას შეცვლის თქვენთვის ეს გამარჯვება?
ანა: არ ვიცი, როგორ და რა შეიცვლება. მხოლოდ ერთი რამე შემიძლია ვთქვა, დაიჯერეთ ყველაფრის, რაც გინდათ. ჩვენ მართლა დავიჯერეთ და კიდე უფრო მეტადაც გვჯერა. ძალიან ბევრი მწვერვალი გვაქვს დასაპყრობი და ყველას ქართული დროშით გადავლახავთ.
მარიტა: საკუთარ თავზე გამოვცადეთ, რომ აბსოლუტურად ყველაფერი შესაძლებელია, როცა მიზნად რაიმე დიადს დაისახავ. მაქსიმალურად ვეცდებით ეს გამოცდილება საკუთარი ქვეყნის ინტერესებს მოვახმაროთ და გავაგრძელებთ ჩვენი წვლილის შეტანას ქვეყნის განვითარებაში.
ავტორი: თამარ მეფარიშვილი