Young Lions Georgia 2024-ს შედეგები ცნობილია. კანის ახალგაზრდა ლომების შიდა შესარჩევი კონკურსის მარკეტერის კატეგორიის პირველობა ანა ნაცვლიშვილმა და თეკლე გამცემლიძემ მოიპოვეს. თანაგუნდელები თიბისის ბრენდ მენეჯერები არიან და არაერთხელ გამოუცდიათ ერთმანეთი რთული ამოცანების გადაჭრისას. სწორედ ისინი წარადგენენ საქართველოს კანის მსოფლიო ჩემპიონატზე და საქართველოს სახელით იბრძოლებენ გამარჯვებისთვის.
კონკურსის ფარგლებში, მათი დავალება იყო მოეფიქრებინათ ახალი პროდუქტი, სერვისი ან ინიციატივა, რითაც თავიანთი ბრენდის სახელით საზოგადოებას უფრო მეტი ინკლუზიურობისაკენ უბიძგებდნენ და უკეთეს გარემოს შექმნიდნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირებისთვის. შემდეგ კი, ამ პროდუქტის გარშემო უნდა მოეფიქრებინათ კრეატიული ბრიფი, რითაც საკომუნიკაციო სააგენტოსთან ითანამშრომლებდნენ. როგორ შეიქმნა ოქროს მფლობელი ნამუშევარი ანკა ნაცვლიშვილი და თეკლა გამცემლიძე გვიყვებიან.
M: რატომ გადაწყვიტეთ Young Lions Georgia-ზე ერთად ასპარეზობა?
სხვადასხვა პროექტზე მუშაობის გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ კარგი დინამიკა გვაქვს, რთულ დავალებებსაც მხიარულად ვართმევთ ხოლმე თავს. მარკეტერის კატეგორიაც ორივესთვის საინტერესო იყო და ერთად გასვლის გადაწყვეტილების მიღებაც არ გაგვჭირვებია.
ვიცოდით, რომ Young Lions-ებზე გამოსვლით დიდ გამოცდილებას მივიღებდით, ბევრ ახალს ვისწავლიდით და ჩვენს თავსაც გამოვცდიდით, ეს იყო ჩვენი მთავარი მოტივაცია. მოლოდინები ნამდვილად გაგვიმართლდა და რაც მთავარია, პროცესითაც დიდი სიამოვნება მივიღეთ.
M: როგორ მიხვედით ბრიფის გადაწყვეტამდე და როგორი იყო მუშაობის პროცესი?
ბრიფი ინკლუზიურობის საკითხს, შშმ პირების საზოგადოებაში მაქსიმალურ ინტეგრაციას გულისხმობდა. ჩვენი დავალება კი, თიბისის შესაბამისი, ისეთი პროდუქტის, სერვისისა თუ პლატფორმის მოფიქრება იყო, რომელიც ბრიფში წარმოჩენილ არაერთ პრობლემას გადაწყვეტდა. ამისათვის კი უნდა წაგვეხალისებინა ბიზნესსექტორი, რომ მაქსიმალურად ჩართულიყვნენ ინიციატივაში.
საბოლოოდ კი, ჩვენი დავალება გულისხმობდა ბრიფის მომზადებასა და პრეზენტაციას, რომ ჩვენს მოფიქრებულ იდეაზე მუშაობით დაგვეინტერესებინა კრეატიული სააგენტო.
სამუშაო პროცესი ძალიან სახალისო და ქაოტური იყო. იდეა ბრიფის მიღების დღესვე მოვიდა, დანარჩენი დროის უმეტესი ნაწილი სტრატეგიის გამართვას დავუთმეთ (უმეტესი იმიტომ, რომ საკმაოდ დიდი დრო მრავალფეროვანი სნექების დეგუსტაციამ, წუწუნმა და გამამხნევებელმა ვარჯიშებმა წაიღო.
ბრიფში არაერთი პრობლემა იყო წამოჭრილი, თუმცა ჩვენ გადავწყვიტეთ ინფრასტრუქტურულ გაუმართაობაზე ვკონცენტრირებულიყავით და დანარჩენი პრობლემები პარალელურად გადაგვეწყვიტა.
დაიდენტიფიცირებულმა პრობლემამ საკმაოდ დაგვაფიქრა. თეორიულად ვიცოდით, რომ სიმართლე იყო და მისი პრაქტიკაში გამოცდა გადავწყვიტეთ.
დავინიშნეთ 15 წუთი და ოფისის მიმდებარე ტერიტორია შემოვიარეთ. მივხვდით, რომ ამ მცირე ტერიტორიაზეც კი, უამრავი კერძო ბიზნესი შევნიშნეთ, რომელსაც არასწორად, ან საერთოდ არ ჰქონდა ადაპტირებული ინფრასტრუქტურა.
ამ მცირე ექსპერიმენტმა ინსაითამდე მიგვიყვანა – სუბიექტურობის გამო, ადამიანები მიდრეკილები ვართ შევამჩნიოთ ისეთი რამ, რასაც ჩვენზე პირდაპირი ეფექტი აქვს.
ინსაითიდან გამომდინარე კი უკვე გავმართეთ დანარჩენი სათქმელი, მივხვდით, რომ ჩვენ ბევრი არაფერი ვიცოდით, რადგან ვერ ვამჩნევდით ამ პრობლემებს, ამიტომ გადავწყვიტეთ პლატფორმა დაგვეთმო ისეთი ადამიანებისთვის, ვინც ამჩნევს ამ გაუმართაობებს.
M: რა იყო ყველაზე რთული ნაწილი Young Lions Georgia 2024-ზე მონაწილეობისას?
სამუშაო პროცესში ძირითადად კამპანიურ და კრეატიულ გადაწყვეტებზე გვეფიქრებოდა. ბუნებრივად მოდიოდა სცენარის, სხვადასხვა გაშლებისა თუ სლოგანების იდეები. სირთულეც ეს იყო, რომ არა სააგენტოს, არამედ ჩვენს დავალებაზე ვკონცენტრირებულიყავით.
ამასთან ერთად, არც დრო ყოფილა ჩვენს მხარეს. მაქსიმალურად გვინდოდა ყველა შესაძლო კუთხიდან შეგვეხედა ჩვენი იდეისთვის, ამიტომ უამრავ „ჩამჭრელ“ კითხვას ვუსვამდით ერთმანეთს, რომ იდეის სიმტკიცეში დავრწმუნებულიყავით, ეს პროცესი კი საკმაოდ დიდ დროს მოითხოვდა.
M: რას ნიშნავს თქვენთვის კანის ლომებზე საქართველოს სახელით ასპარეზობა?
აქამდე თუ დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებოდით ჩვენს დავალებას, ახლა ასმაგად დიდი პასუხისმგებლობა გვეკისრება – წარმოვადგინოთ ჩვენი ქვეყანა ისეთ ფართომასშტაბიან ფესტივალზე, სადაც ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს დასამტკიცებელი.
წინასწარ მოლოდინებს არ ვიქმნით, თუმცა ზუსტად ვიცით, რომ სათანადოდ მოვემზადებით და აქ მიღებულ უდიდეს გამოცდილებას გამოვიყენებთ, რომ ღირსეული ნამუშევრით დავუბრუნდეთ სამშობლოს.