in

Young Lions Georgia 2025-ის Design კატეგორიის ოქროს ჯილდოს მფლობელები

Young Lions Georgia 2025-ის შედეგები ცნობილია. PR, Marketer, Print, Digital, Design და Film ექვსი კატეგორიის გამარჯვებული გუნდები პროფესიონალი ჟიურის შეფასებით გამოვლინდა. ოქროს მფლობელი გუნდები, ივნისის თვეში, საფრანგეთის ქალაქ კანში გაემგზავრებიან და საქართველოს სახელით იბრძოლებენ მსოფლიო პირველობისთვის. წელს კონკურსზე რეკორდული 334 გუნდი დარეგისტრირდა. ამჯერად, გაგაცნობთ Design კატეგორიის გამარჯვებულებს, სააგენტო Holy Motors-დან – ნინო ყაველაშვილსა და დანიელ გრიგორიანს. მათი თქმით, გუნდის უნიკალურობა იმაშიც გამოიხატა, რომ სააგენტოში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობენ, რამაც საშუალება მისცათ ბრიფი მრავალმხრივი რაკურსით დაენახათ და შეექმნათ ნამუშევარი, რომელმაც ჟიურის ყურადღება მიიპყრო. ახლა კი, მათ წინ კანის მსოფლიო კონკურსი ელით, სადაც მთელი საქართველოს სახელით გამოვლენ. მარკეტერთან ინტერვიუში ნინო ყაველაშვილი და დანიელ გრიგორიანი ჰყვებიან, თუ როგორ შეიქმნა გამარჯვებული ნამუშევარი.

M: რატომ იყო თქვენთვის მნიშვნელოვანი Young Lions Georgia-ზე მონაწილეობა?

ჩვენ გვჯერა, რომ საინტერესო გამოწვევების მიღება და ახალი დაბრკოლებების გადალახვა მნიშვნელოვანია. ბოლო წლების მანძილზე დიზაინ სფეროსადმი დაინტერესებულ ადამიანთა რიცხვმა იმატა, აქედან გამომდინარე კონკურენციაც ნელ-ნელა მატულობს, რაც შესაბამისად ხარისხზეც ისახება. ორივემ პირველად მივიღეთ მონაწილეობა. ვფიქრობთ, ძალიან კარგი შესაძლებლობა იყო საკუთარი ძალების გამოსაცდელად. რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი იყო შედეგის დადება და პროცესიდან მაქსიმალურის მიღება.

M: როგორ მიხვედით ბრიფის გადაწყვეტამდე?

ბრიფზე მუშაობის პროცესში პირველი დღე მთლიანად იდეებზე ფიქრს დავუთმეთ. მეორე დღეს, უკვე არსებული იდეების უხეში მონახაზები გავაკეთეთ და ვიზუალური სტილის გაშლები განვიხილეთ. მესამე დღეს კი, უკვე ორი იდეა გამოიკვეთა, რომელიც ბრიფში არსებულ დავალებას კარგად პასუხობდა და მოგვწონდა. თუმცა იმის გამო, რომ ორივე იდეაში ვხედავდით პოტენციალს, არჩევანის გაკეთება გაგვიჭირდა, მაგრამ კრიტიკული თვალით შეხედვის შემდეგ, გადაწყვეტილება მივიღეთ.

M: როგორი იყო ბრიფზე ერთობლივად მუშაობის პროცესი?

ერთად მუშაობა საინტერესო იყო, კომპანიაში ორივე სხვადასხვა საქმეს ვაკეთებთ და ვფიქრობთ, რომ ეს ბრიფის სხვადასხვა რაკურსით დანახვაში დაგვეხმარა. ინდივიდუალურად ფიქრის შემდეგ, ერთმანეთს აზრებს ვუზიარებდით და იდეებს სხვა კუთხიდან განვიხილავდით. უნდა აღინიშნოს, რომ განსხვავებულ გარემოში ფიქრიც დაგვეხმარა საინტერესო იდეების აღმოჩენაში.

M: რას ნიშნავს თქვენთვის ეს გამარჯვება?

ალბათ, როდესაც კონკურსში იღებ მონაწილეობას ყოველთვის უშვებ იმას, რომ შესაძლებელია გაიმარჯვო. მოგების სურვილი, რა თქმა უნდა, გვქონდა, მაგრამ წინასწარ მოლოდინებს არ ვიქმნიდით, ძირითადად სამუშაო პროცესსა და სასურველი შედეგის მიღწევაზე ვიყავით ორიენტირებული.

რაც შეეხება ჩვენს გამარჯვებას, ეს ყველაფერი ძალიან ბევრს ნიშნავს და უდიდესი პასუხისმგებლობა გვერგო, რადგან ახლა უფრო შორს და უფრო დიდი მოვალეობით მოგვიწევს წასვლა. თუ აქამდე მხოლოდ ჩვენს დიზაინ სააგენტოს წარმოვადგენდით, ახლა საქართველოს სახელით უნდა წარვდგეთ.

M: მომდევნო ეტაპი უკვე კანის მსოფლიო კონკურსია – როგორ გეგმავთ სამზადისს?

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კანის ლომებში მონაწილეობას ძალიან სერიოზულად აღვიქვამთ და აუცილებელია, ამ ყოველივეს მომზადებულები შევხვდეთ. უფრო ყურადღებით დავაკვირდებით საერთაშორისო კონკურსანტებს და მათ ნამუშევრებს, იქ მოცემული დავალების სირთულის დონის გასააზრებლად. მაქსიმალურად მოვემზადებით და ყველას სათანადო კონკურენციას გავუწევთ.

დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენს კრეატიულ გუნდს – Holy Motors-ს და ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდში დაგვიდგა და ჩვენი წარმატება გაიზიარა.

წელს, Young Lions Georgia-ს მხარდამჭერები არიან: თიბისი, aPeople, adjarabetarena, Cellfie Mobile, PSP და mini by GT Motors.


კანის ლომები მსოფლიოს ყველაზე დიდი და პრესტიჟული კრეატიული ფესტივალია, რომელიც უკვე 70 წელზე მეტია ტარდება ქალაქ კანში. საქართველომ 2015 წელს მიიღო წარმომადგენლობის უფლება.

ბავშვებში ფერთა სიბრმავის დასადგენად ილუსტრირებული წიგნი შექმნეს

PLUS გათამაშება დაიწყო – მოიგეთ 100, 1 000 და 10 000 ლარი