კანის ადგილობრივი ახალგაზრდული კონკურსის შედეგები ცნობილია. საქართველოს სახელით, საფრანგეთის ქალაქ კანში 6 გამარჯვებული გუნდი გაემგზავრება და ჩვენი ქვეყნის სახელით იბრძოლებს მსოფლიო პირველობისთვის. წელს, Young Lions-ზე მონაწილეთა რეკორდული რაოდენობა – 334 გუნდი დარეგისტრირდა. კონკურსი 6 კატეგორიაში მიმდინარეობდა – PR, Digital Film, Design, Marketer და Print.
Young Lions Georgia 2025-ის Digital კატეგორიაში პირველი ადგილი თაკო ხუციშვილმა და ნელი ბობოხიძემ მოიპოვეს. რედბერის კრეატიული გუნდის წევრებმა სელფი მობაილის ბრიფზე მუშაობისას მოახერხეს ისეთი გადაწყვეტის შექმნა, რომელიც ჟიურიმ საუკეთესოდ მიიჩნია. წარმატებული დუეტი ახლა უკვე კანის საერთაშორისო ფესტივალზე საქართველოს წარსადგენად ემზადება. მარკეტერთან ინტერვიუში ისინი კონკურსში მონაწილეობის მნიშვნელობაზე, შემოქმედებით პროცესსა და საკონკურსო გეგმებზე საუბრობენ. მათი ნამუშევრის ნახვა ამ ბმულზე შეგიძლიათ.
„ჩვენს სფეროში მსგავსი კონკურსები კარგი საზომია წლიდან წლამდე ზრდის შესაფასებლად. რედბერის გუნდში ყოველდღიურად გვიწევს კრეატიულ ბრიფებზე მუშაობა, პროცესში ბევრი ადამიანი შეიძლება იყოს ინსაითების წყარო. იდეების გაცვლა, აზრის გაზიარებაც სისტემატურად ხდება.
ამისგან განსხვავებით, კონკურსში ბრიფზე მუშაობისას საკუთარ თავთან და პარტნიორთან გიწევს მარტო დარჩენა, რაც შეიძლება ერთი შეხედვით საშიშად ჟღერდეს, თუმცა საშუალება გეძლევა, ყოველდღიური საქმიანობისგან განსხვავებით წაიყვანო პროცესი, აღმოაჩინო ახალი სქილები და იდეები შენს თავში,“ – გვიამბობენ Digital კატეგორიის ოქროს მედალოსნები.
M: როგორ მიხვედით ბრიფის გადაწყვეტამდე?
დიჯითალ კატეგორიას სელფი მობაილი წარადგენდა. ბრიფში დეტალურად იყო აღწერილი ბოლო დროის სიახლეები და ის გამოწვევები, რომლის წინაშეც ბრენდი დგას. ჩვენი დავალება მოიცავდა სელფის ახალი ლოიალობის პროგრამის გაცნობას და აპლიკაციის გადმოწერების გააქტიურებას ისეთი გადაწყვეტით, როგორიც ნამდვილ ღირებულებას დაანახებდა მომხმარებლებს და სწორად აჩვენებდა ბრენდის ხასიათს.
მუშაობისას რამდენჯერმე დამოუკიდებლად, თუ ორ ხმაში წავიკითხეთ ბრიფი, მოვსინჯეთ სხვადასხვა ტერიტორია ფიქრის პროცესში. ორივე ვთანხმდებოდით, რომ სწორი ინსაითის მოფიქრება მნიშვნელოვანი იყო და ამ ნაწილს მეტ დროს დავუთმობდით. ყველაზე სტრესულიც სწორედ ეგ პერიოდი აღმოჩნდა, სანამ ისეთ იდეაზე ჩამოვყალიბდებოდით, რომელიც ორივეს მოგვეწონებოდა.
საბოლოო ჯამში, გადაწყვეტამდე მისვლაში დაგვეხმარა კონკრეტული დავალებიდან გამოსვლა, უფრო ფართო რაკურსით დანახვა და ლოკალურ ინსაითებზე დაფიქრება. გვინდოდა გადაწყვეტა გადაწყვეტისთვის კი არა, რეალური სოლუშენი მოგვეფიქრებინა: რატომ უნდა მინდოდეს უამრავი აპლიკაციის სამყაროში ამ კონკრეტულის გადმოწერა, რა პრობლემას მიგვარებს?
სწორედ აქ მივაგენით ჩვენს ინსაითს. აპლიკაციის გამოყენების ალტერნატივა ყველასთვის კარგად ნაცნობი ფიფქებითა და დიეზებით დახუნძლული სატელეფონო კოდებია, რომელიც დღემდე ყველამ ზეპირად ვიცით და მარტივი სერვისების გასააქტიურებლად ყოველდღიურად ვიყენებთ.
სელფი იქნებოდა პირველი ბრენდი ვინც იტყოდა, რამდენად სიგიჟეა, მარსის კოლონიზაციის ეპოქაში ისევ იყენებდე მსგავს კოდებს, როცა შეგიძლია უბრალოდ mycellfie-ს აპლიკაცია გადმოწერო.
M: როგორი იყო ბრიფზე ერთობლივად მუშაობის პროცესი?
ასეთ მოკლე დროში, კონკურსის ფორმატში მუშაობა ყოველთვის სტრესულია. მით უმეტეს, სააგენტოებში ამ დროს განსაკუთრებული მღელვარებაა, რაც გარკვეულწილად შეიძლება დამღლელი იყოს.
გინდა ყველას ბრიფი იცოდე, გაიგო, რა ეტაპზე არიან, იდეები გაუცვალო. თუმცა სინამდვილეში, საბოლოოდ მხოლოდ პარტნიორზე ხარ დამოკიდებული და პასუხისმგებლობასაც მასთან იზიარებ.
ჩვენ წყვილში მუშაობის დიდი ისტორია არ გვქონია და ამ ნაწილში გაგვიმართლა, რადგან მნიშვნელოვანია თამამად შეგეძლოს პარტნიორთან გამოხატო, რა მოგწონს, არ მოგწონს და დაუსინქრონო მუშაობის სტილი.
მაგალითად, ჩვენ კონცეფციის ერთად დამუშავების შემდეგ, რამდენიმე ეტაპზე შევთანხმდით, რომ განმარტოებით გვერჩივნა მუშაობის გაგრძელება და ჩვენი ნაწილების დახვეწა, რამაც საკმაოდ კარგად იმუშავა.
M: რას ნიშნავს თქვენთვის ეს გამარჯვება?
მთავარი ინსაითის მოფიქრების წამიდან ისე მოგვწონდა და გვჯეროდა ამ იდეის, რამდენჯერმე ერთხმად ვთქვით, რომ ნებისმიერი დასასრულის შემთხვევაში კმაყოფილები ვიქნებოდით, რადგან საბოლოო ნამუშევარი ზუსტად გამოხატავდა ჩვენს ხასიათს, იდენტობას.
საბოლოო პრეზენტაციის გაგზავნის შემდეგ სხვებსაც რომ ვუზიარებდით ჩვენს ნაშრომს, იმდენად მარტივი იყო გადაჭრის მოყოლა და სხვებისთვის ჩვენი იდეის შეყვარება, მივხვდით, სწორ (კანის) გზაზე ვიდექით და სცენაზე ასვლის შანსებიც რეალური იყო.
M: მომდევნო ეტაპი უკვე კანის მსოფლიო კონკურსია – როგორ გეგმავთ მომზადებას კონკურსისთვის?
ვაპირებთ, შევინარჩუნოთ ის მიდგომები, რამაც ჩვენი პირველი კოლაბორაციისას იმუშავა. ვისიამოვნოთ პროცესით, არ ავყვეთ მღელვარებას, გვქონდეს ერთმანეთის იმედი… და ცოტა წავიმეცადინოთ.
წელს, Young Lions Georgia-ს მხარდამჭერები არიან: თიბისი, aPeople, adjarabetarena, Cellfie Mobile, PSP და mini by GT Motors.
კანის ლომები მსოფლიოს ყველაზე დიდი და პრესტიჟული კრეატიული ფესტივალია, რომელიც უკვე 70 წელზე მეტია ტარდება ქალაქ კანში. საქართველომ 2015 წელს მიიღო წარმომადგენლობის უფლება.