in

Young Lions Georgia 2025-ის Film კატეგორიის ოქროს ჯილდოს მფლობელები

Young Lions Georgia-ს გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია: რეკორდული 334 გუნდიდან 6 გამარჯვებული გაემგზავრება საფრანგეთში, ქალაქ კანში, სადაც საქართველოს სახელით მსოფლიო პირველობისთვის იბრძოლებენ. კონკურსი ჩატარდა 6 კატეგორიაში – PR, Digital, Film, Design, Marketer და Print. პროფესიონალებისგან შემდგარმა ჟიურიმ თითოეულ კატეგორიაში საუკეთესო ნამუშევრები გამოავლინა. Film კატეგორიაში პირველობა თეკლე დარჩიაშვილმა და დავით წაქაძემ მოიპოვეს, „ინდუსტრიადან“. მათი დავალება იყო, რომ საფეხბურთო თემაზე დაყრდნობით, ქართულ სტუმარმასპინძლობაზე გაესვათ ხაზი. ნახეთ ნამუშევარი ამ ბმულზე.

„წელს ჩვენთვის Young Lions Georgia-ზე მონაწილეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო იყო. „ინდუსტრია”-ს სახელით ასპარეზობა კი ამ ყველაფერს ორმაგ მნიშვნელობას ანიჭებდა. თავიდანვე მოტივირებულები ვიყავით იმისთვის, რომ ხელახლა გაგვეზიარებინა წინა წლის გამარჯვება კანში და ზუსტად ეს არის ამ წუთებში ჩვენი მიზანი, რომ ისევ დავიდან ავაფრიალოთ საქართველოს დროშა მსოფლიო სცენაზე.

ბრიფზე მუშაობა ასეთი გასართობი და საინტერესო არასდროს არ ყოფილა. უდიდესი სიამოვნება მივიღეთ პროცესისგან, ყველანაირი სტრესის და დაძაბულობის გარეშე“, – გვიამბეს თეკლე დარჩიაშვილმა და დავით წაქაძემ.

M: რა გზა განვლეთ ბრიფის შემოქმედებითი გადაწყვეტისას?

სიმართლე გითხრათ, არ მოველოდით რომ სპორტთან დაკავშირებული ბრიფი მოვიდოდა, და მითუმეტეს რომ ბრიფში ხაზგასმული იქნებოდა სომხეთი-საქართველოს თამაშის დროს მომხდარი ინციდენტი. მაშინვე მივხვდით, რომ დიდი პრობლემის მარტივ გადაწყვეტამდე უნდა მივსულიყავით.

სინამდვილეში, სპორტის უკან ხომ დიდი ისტორია იმალება, სამშობლოს, კულტურის და წეს-ჩვეულებების სიყვარულსა და პატივისცემაზე დაფუძნებული. საკმაოდ ძნელია ლაკონურად, მარტივად და ყველასთვის გასაგებ ენაზე სათქმელი მიიტანო მაყურებლამდე ისე, რომ ამბის თხრობისას არც თავი მოაბეზრო, არც რამეზე მიუთითო და მითუმეტეს, არ განსაჯო.

უბრალოდ აქ მთავარი იყო, რომ მაყურებლისთვის, მითუმეტეს ახალგაზრდა თაობისთვის შეგვეხსენებინა ის რაც მათ უკვე იცოდნენ, შეგვეხსენებინა იუმორით და ყველასთვის გასაგებ ენაზე. ვიფიქრეთ, რომ ასეთი გადაწყვეტა პირველი წამიდან საინტერესო განვითარებას შესთავაზებოდა მაყურებელს, რაც ვიდეოს ბოლომდე ყურების გარანტი გახდებოდა.

იდეა თავიდანვე, პირველივე დღეს გაჩნდა, მაგრამ მაინც ვეცადეთ ყველა სხვა იდეა რესურსობრივად ამოგვეწურა, პოტენციალი დაგვენახა განვითარების და განხორციელებაში მოგვეყვანა. ისე მოხდა რომ მაინც თავდაპირველ იდეაზე დავბრუნდით და საუკეთესო გზა მოვნახეთ მის შესასრულებლად.

მსახიობს – ლევან კაციაშვილს დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენს გამარჯვებაში. როგორც კი იდეაზე შევთანხმდით, ლევანი იყო ადამიანი, რომელიც პირველად გაგვახსენდა და ვიფიქრეთ მის გარდა ამ ყველაფერს ვერავინ შეძლებდა. დრო საკმაოდ ცოტა გვქონდა, მოგეხსენებათ, და უწყვეტი კადრი გადავიღეთ, უშუალოდ გადაღებაზე გავაკეთეთ რეპეტიცია და მეორე დუბლზევე ჩავწერეთ ის perfect shot, რომელსაც ამხელა აღიარება მოჰყვა.

M: რამდენად მოულოდნელი იყო თქვენთვის გამარჯვება და რა ემოციები გეუფლებათ?

როგორც მოგეხსენებათ, წელს რეკორდი მოიხსნა და უამრავი გუნდი იღებდა მონაწილეობას, ამ ყველაფრის გათვალისწინებით ორმაგად და სამმაგად რთული იყო ამხელა კონკურენციაში ასპარეზობა, თუმცა გამარჯვების ჩვენ ყოველთვის გვჯეროდა, გულის სიღრმეში ველოდით ჩვენი სახელების ამოკითხვას დიდ ეკრანზე და ამ რწმენით ვიყავით თავიდანვე მოტივირებულები.

გამარჯვება ხომ ჩვენი შრომის დაფასებაა, არა იმ შრომის რაც უშუალოდ კონკურსის დღეებში გავწიეთ, არამედ იმ შრომის რომელსაც მთელი ცხოვრებაა ვეწევით. პირველ რიგში დავაფასეთ და შევაქეთ ჩვენი საკუთარი თავები და შემოვუძახეთ რომ საუკეთესო ჯერ კიდევ წინ არის.

გამარჯვება ასევე უდიდესი პასუხისმგებლობაა და ყველანაირად ვეცდებით რომ კანში ამაყად წარვადგინოთ საქართველო და „ინდუსტრია“, რომელიც ჩვენი დიდი ოჯახია და ამაყები ვართ რომ გვექნება შესაძლებლობა „ინდუსტრიას“ სახელით ვიასპარეზოთ კანის მსოფლიო კონკურსში.

M: როგორია კანის მსოფლიო კონკურსისთვის მზადების სტრატეგია?

კონკურსისთვის მზადება დაწყებულია. ჩვენ გვჯერა, რომ კანშიც წარმატებული გამოსვლა გვექნება და ამისთვის უკვე ყოველდღე ვმუშაობთ დიდი მონდომებითა და უდიდესი ენთუზიაზმით.

წელს, Young Lions Georgia-ს მხარდამჭრები არიან: თიბისი, aPeople, adjarabetarena, Cellfie Mobile, PSP და mini by GT Motors.


კანის ლომები მსოფლიოს ყველაზე დიდი და პრესტიჟული კრეატიული ფესტივალია, რომელიც უკვე 70 წელზე მეტია ტარდება ქალაქ კანში. საქართველომ 2015 წელს მიიღო წარმომადგენლობის უფლება.

ბავშვებში ფერთა სიბრმავის დასადგენად ილუსტრირებული წიგნი შექმნეს