კანის ადგილობრივი ახალგაზრდული კონკურსის შედეგები ცნობილია. საქართველოს სახელით, საფრანგეთის ქალაქ კანში 6 გამარჯვებული გუნდი გაემგზავრება და ჩვენი ქვეყნის სახელით იბრძოლებს მსოფლიო პირველობისთვის. წელს, Young Lions-ზე მონაწილეთა რეკორდული რაოდენობა – 334 გუნდი დარეგისტრირდა. კონკურსი 6 კატეგორიაში მიმდინარეობდა – PR, Digital Film, Design, Marketer და Print.
Young Lions Georgia-ს Marketer კატეგორიაში, წელს, ოქროთი ნაცნობი სახეები გვყავს – ქეთო შურღაია და ანკა ნაცვლიშვილი თიბისიდან. იანგების ოქროს მოპოვებაში ორივე კონკურსანტი გამოცდილია – წინა წლებში მათ უკვე მიიღეს ჯილდოები Marketer კატეგორიაში სხვა თანაგუნდელებთან ერთად. თუმცა, წლევანდელი გამარჯვება განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან მათი მიზანი ახლა საერთაშორისო ასპარეზზე წარმატების მიღწევაა. მრავალწლიანი მეგობრობა და ერთობლივი მუშაობის გამოცდილება მათი წარმატების ერთ-ერთი გასაღები აღმოჩნდა. როგორ მოემზადნენ რეკორდული კონკურენციისთვის და რისი მოლოდინი აქვთ კანის მსოფლიო კონკურსზე? ამაზე თავად გვესაუბრებიან. მათი ნამუშევრის სანახავად, ამ ბმულს ეწვიეთ.
M: Young Lions-ზე ადრეც მოგიპოვებიათ ოქრო, სხვადასხვა გუნდურ შემადგენლობაში. რატომ არის თქვენთვის მნიშვნელოვანი Young Lions Georgia-ზე მონაწილეობა?
ქეთო: კონკურსში მონაწილეობა არც ჩემთვის და არც ანკასთვის, პირველი არ იყო, როგორც არ იყო პირველი – მარკეტერის კატეგორიაში ოქროს მოგება. წინა წლებში ორივეს გვაქვს ამ კატეგორიაში ოქრო მოპოვებული, სხვა პარტნიორებთან ერთად. სწორედ ამიტომ, წლევანდელი შემართება განსხვავდებოდა წინა წლებისგან. ახლა ადგილობრივი კონკურსის მოგებას ვუყურებდით/ვუყურებთ, როგორც მიახლოებას მიზანთან, რადგან ძალიან გვინდა, წელს საერთაშორისო კონკურსზეც დასამახსოვრებელი რამ შევქმნათ. წინა წლებში, სამწუხაროდ, არც ერთ ჩვენგანს გამოუვიდა ეს, თუმცა ახლა – სხვა გამოცდილებებით და ცოდნით ვართ შეიარაღებულები, ან უბრალოდ ასე გვჯერა.
M: როგორ მიხვედით ბრიფის გადაწყვეტამდე?
ქეთო: წელს, მარკეტერების ბრიფი ძალიან მნიშვნელოვან სოციალურ თემას ეხებოდა: საქართველოში 5-ჯერ მეტ ძალისხმევას დებენ ქალები სახლის საქმეში, ვიდრე კაცები. ეს პრობლემა კი საჭიროებს გადაწყვეტასა და მასზე ხმამაღლა ლაპარაკს. ბრიფის დავალებაც სწორედ ეს იყო – ჩვენ მიერ მოფიქრებული პროდუქტი ყოფილიყო მცდელობა ამ პრობლემის მოგვარების და მასზე ცნობიერების ამაღლების.
ანკა: გადაწყვეტაზე მუშაობა დავყავით ორ ეტაპად, კრეატიული სტრატეგია და ინტერპრეტაცია და პროდუქტი. პირველ რიგში, დავაიდენტიფიცირეთ პრობლემა და ჩვენი სამიზნე აუდიტორია, შემდეგ უკვე კრეატიული ინსაითი. ინსაითის გასამყარებლად მცირე კვლევაც ჩავატარეთ და უკვე შემდეგ გადავედით პროდუქტის დამუშავებაზე. პირველ რიგში, ჩამოვყალიბდით პროდუქტის ინსაითზე, ხოლო შემდეგ, პრობლემისა და ინსაითის გათვალისწინებით განვსაზღვრეთ პროდუქტის მექანიკა და სხვა დეტალები.
M: როგორი იყო ბრიფზე ერთობლივად მუშაობის პროცესი?
ანკა: ერთად მუშაობის პროცესი საკმაოდ სასიამოვნო იყო. მე და ქეთო წლებია ვმეგობრობთ და ბევრჯერ გვითანამშრომლია კიდევაც. ამიტომ თავდაპირველ უხერხულობასა და გაცნობის ეტაპს პირდაპირ გადავაბიჯეთ.
M: რას ნიშნავს თქვენთვის კიდევ ერთხელ გამარჯვება?
ქეთო: კონკურენცია ძალიან დიდი იყო და მარკეტერის წლევანდელ შორთლისტსაც რომ გადახედოთ, ნახავთ, რომ ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული პროფილის კომპანიებმა მოიყარა თავი, რაც ნამუშევრების მრავალფეროვნებაშიც გამოიხატებოდა. როცა საბოლოო პრეზენტაციები დაიდო, ყველა იმდენად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან, რომ მე და ანკას არანაირი წინასწარი მოლოდინი არ გვქონდა და ხუმრობით იმასაც ვამბობდით, რომ ამ მოკლე სიაში ერთნაირი წარმატებით შეიძლება ვყოფილიყავით როგორც პირველები, ასევე ბოლოებიც.
M: როგორ აპირებთ კანის მსოფლიო კონკურსისთვის მზადებას?
ანკა: კანში მაინც განსხვავებულად ტარდება ეს ფესტივალი, განსხვავებული წინაპირობებითა და დავალებებით. კარგია, რომ ეს უკვე გამოცდილი გვაქვს და ვიცით, რას უნდა ველოდოთ. ამის გარდა, ძალიან მნიშვნელოვანია გამარჯვებული ნამუშევრებისა თუ ბრიფების დამუშავება და სიურპრიზის ელემენტების მაქსიმალურად შემცირება, რაც შემდეგ, დროის დაზოგვასა და მობილიზებაში დაგვეხმარება.
ქეთო: ჩემ შემთხვევაში, პირველი კანის საერთაშორისო კონკურსმა ბევრად ნაკლები სტრესით ჩაიარა, ვიდრე, ახლა იქნება, რადგან 2022 წელს, პირველად, ახალგაზრდა კანის ლომების კონკურსი ონლაინ ჩატარდა, შესაბამისად, მონაწილეებს გვქონდა საშუალება, ჩვენი სახლებიდან, ჩვენთვის საყვარელ, ნაცნობ და კომფორტულ გარემოში გვემუშავა, რაც ახლა ასე აღარ არის. ამიტომ, პირადად ჩემზე რაც შემიძლია ვთქვათ, არის ის, რომ ბევრად მეტი ძალისხმევის ჩადებას ვაპირებ წლევანდელი საერთაშორისო კონკურსისთვის მომზადებაში, ვიდრე ეს მანამდე ვქენი, რადგან უშუალოდ ფესტივალიდან მუშაობა, უცხო ქალაქში და გარემოში ყოფნა ისედაც ხელს შეუშლის პროდუქტიულობას, ჩვენ კი მაქსიმალურად მობილიზებულები უნდა ვიყოთ, რომ სამუშაოდ მოცემული 24 საათი ბოლომდე გამოვიყენოთ.
წელს, Young Lions Georgia-ს მხარდამჭერები არიან: თიბისი, aPeople, adjarabetarena, Cellfie Mobile, PSP და mini by GT Motors.
კანის ლომები მსოფლიოს ყველაზე დიდი და პრესტიჟული კრეატიული ფესტივალია, რომელიც უკვე 70 წელზე მეტია ტარდება ქალაქ კანში. საქართველომ 2015 წელს მიიღო წარმომადგენლობის უფლება.