in

Cannes Lions Young Lions Georgia 2025-ის Print კატეგორიის ოქროს ჯილდოს მფლობელები

სულ რამდენიმე დღის წინ, კანის ადგილობრივი ახალგაზრდული კონკურსის შედეგები გახდა ცნობილი. საქართველოს სახელით, საფრანგეთის ქალაქ კანში 6 გამარჯვებული გუნდი გაემგზავრება და ჩვენი ქვეყნის სახელით იბრძოლებს მსოფლიო პირველობისთვის. წელს, Young Lions-ზე მონაწილეთა რეკორდული რაოდენობა – 334 გუნდი დარეგისტრირდა. კონკურსი 6 კატეგორიაში მიმდინარეობდა – PR, Digital Film, Design, Marketer და Print. Print კატეგორიაში პირველობა გიორგი ჯაფარიძემ და ლუკა სააკაშვილმა მოიპოვეს და ახლა, კანის მსოფლიო ჩემპიონატისთვის იწყებენ მზადებას.

ეს ჩვენთვის პირველი ასპარეზობა იყო Young Lions Georgia-ზე. ვთვლით, რომ ყველა ახალგაზრდა სტუდენტისა თუ სააგენტოს წევრისთვის ამ კონკურსში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს კარიერული განვითარებისთვის და საკუთარი შესაძლებლობის გამომჟღავნებისათვის ერთ-ერთი საუკეთესო გზაა. საკმაოდ დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, გავაცნობიერეთ, რომ ეს შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გაგვეშვა, რადგან ყოველი მცდელობა წინ გადადგმული ნაბიჯია“.

M: როგორ მიხვედით ბრიფის გადაწყვეტამდე?

გიორგი: ბრიფი მოიცავდა შემდეგნაირ ამოცანას: უნდა მოგვეწოდებინა ხალხისთვის, რომ თვითნებურად არ დაეწყოთ ან შეეწყვიტათ წამლების მიღება, რადგან ეს ჯანმრთელობისთვის საზიანოა. ეს პოსტერი PSP-სთვის უნდა გაგვეკეთებინა. ბრიფის ერთ-ერთ ნაწილში ეწერა “Because health decisions shouldn’t be based on guesswork” და სწორედ ეს იყო ინსპირაცია. ასევე ერთ-ერთი აუცილებელი მოთხოვნა იყო, რომ ნამუშევარს არ უნდა ჰქონოდა შეურაცხმყოფელი ტონი, რაც საკმაოდ ართულებდა ბრიფს.

ლუკა: სიტყვა “guesswork”-ზე ჯაფარას ეგრევე გაახსენდა გვირილა, „ვუყვარვარ არ ვუყვარვარ“ თამაშის პრინციპით. ეს იდეა ორივეს მოგვეწონა და მისი დამუშავება გადავწყვიტეთ.

M: რა დაგეხმარათ ბრიფზე ერთობლივად მუშაობის პროცესში?

ლუკა: თავდაპირველად, დროის გადანაწილება გადავწყვიტეთ, რადგან საკმაოდ შეზღუდულები ვიყავით დროში და მნიშვნელოვანი იყო ყველაფრის სათანადოდ დაგეგმვა. ბრიფის დადების დღეს მხოლოდ იდეაზე ვიმუშავეთ, ხოლო შემდეგ დღეს უკვე უშუალოდ პოსტერის ტექნიკურად დამუშავება დავიწყეთ. ჯაფარა ილუსტრატორია და მე ძირითადად ფოტომანიპულაციებზე ვმუშაობ, ამიტომ თავს საკმაოდ თავდაჯერებულად ვგრძნობდით.

გავხსენი PSP ვებსაიტი და კვლავ დავრწმუნდით, რომ მინიმალისტური სტილი საკმაოდ მოუხდებოდა ამ ნამუშევარს. შეიძლება ითქვას, რომ ნამუშევარზე მუშაობისას ყველაზე რთული იდეის მოფიქრება და სწორი ვარიანტის არჩევა იყო, რადგან ტექნიკურად დამუშავება უფრო იოლი იყო მას შემდეგ რაც ყველა დეტალი გააზრებული გვქონდა.

ჩემი აზრით, საკმაოდ კარგად გამოგვივიდა ამ პროექტზე თანამშრომლობა, ერთმანეთის აზრის მოსმენა ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, არ გვეშინოდა სხვადასხვა ვარიანტების ცდა და ვიცოდით, რომ არ ჰქონდა მნიშვნელობა ნამუშევარი რომელ სტილში იქნებოდა შესრულებული – მთავარი იყო, რომ დაეკმაყოფილებინა ყველა კრიტერიუმი და ყოფილიყო ეფექტური.

გიორგი: ძალიან ბევრი ვერსია გავაკეთეთ და საბოლოო ვარიანტზე მუშაობა ნამუშევრის ჩაბარებისათვის განკუთვნილ დღეს დავიწყეთ. მე შევქმენი რამოდენიმე ილუსტრაცია, ხოლო ლუკამ ცალკე მოიტანა თავისი ვერსიები. ძალიან მოგვწონდა გვირილის წამლებით (აბებით და ტაბლეტებით) გამოხატვა, უკანა ფონზეც ჩამოყალიბებული გვქონდა აზრი, რომ უნდა ყოფილიყო PSP-ს ესთეტიკასთან მიახლოებული.

გვქონდა ბევრი ილუსტრირებული ვარიანტიც, მაგრამ ფოტომანიპულაცია ყველაზე სუფთად გამოიყურებოდა, რაც ჩვენი აზრით, აფთიაქის ესთეტიკაში უფრო ჯდება. ბოლო რამდენიმე საათი დეტალების დამუშავებას დავუთმეთ, სადაც ძირითადად კომპოზიციაში შეგვქონდა ცვლილებები.

M: როგორია ემოციები და რას ნიშნავს თქვენთვის ეს გამარჯვება?

გიორგი: პირველი ბრინჯაო და ვერცხლი გამოცხადდა, და გვეგონა რომ მედალი ვერ ავიღეთ. კი გვეწყინა, მაგრამ მაინც ერთმანეთს ვუთხარით თუ როგორი კარგი გამოცდილება იყო ერთად მუშაობა. პროცესიც ისეთივე მნიშვნელოვანი და სასიამოვნო იყო როგორც შედეგი.

ლუკა: რა თქმა უნდა ჩვენს შესაძლებლობებში დარწმუნებულები ვიყავით, მაგრამ რადგან პირველად გავდიოდით, თან სტუდენტები, გამარჯვება ცოტათი არარეალურად მიგვაჩნდა, იმის გათვალისწინებით, რომ საკმაოდ ბევრი გამოცდილების მქონე ორგანიზაციებიდან და კომპანიებიდან წარდგენილ ხალხთან გვიწევდა ასპარეზობა.

ეს გამარჯვება ჩვენთვის იყო იმის ნიშანი, რომ მაქსიმალურად უნდა იაქტიურო მსგავს კონკურსებში, რადგან ახალგაზრდა კადრისთვის აუცილებელია ინდუსტრიაში ცნობადობის მოპოვება. ასევე ძალიან გვიხარია, რომ თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტს, VA[A]DS-ს პირველი ოქროს მედალი მოვუპოვეთ. რა თქმა უნდა ეს კარიერულადაც საკმაოდ დიდი მიღწევაა. ძალიან გამიხარდა, რომ შევძელი ჩემი შესაძლებლობების წარმოჩენა და პირველი ადგილის აღება და ჩვენი შრომის დაფასება ალბათ ერთ-ერთი ყველაზე კარგი გრძნობა იყო.

M: ახლა, მომდევნო ეტაპი უკვე კანის მსოფლიო კონკურსია – როგორ გეგმავთ მომზადებას კონკურსისთვის?

ლუკა: კანის მსოფლიო კონკურსში მონაწილეობის მიღება საკმაოდ სერიოზულ საკითხად მიგვაჩნია და ზაფხულამდე საკმაოდ ცოტა დროა დარჩენილი. მე და ჯაფარა მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ჩვენი უნარები კიდევ უფრო დავხვეწოთ და ჩვენს სუსტ მხარეებზე ვიმუშაოთ. ჩვენთვის საკმაოდ დიდი პატივია საქართველოს სახელით მსოფლიო კონკურსზე ასპარეზობა და ვეცდებით იმედების გამართლებას.

გიორგი: დავამატებდი ერთ-ორ სიტყვას ჩვენნაირი ახალბედა დიზაინერი-სტუდენტებისთვის, რომ არასოდეს არ მოგერიდოთ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა, არასოდეს არ იცით რა ნაყოფი შეიძლება მოგცეთ ამ ინიციატივამ და შრომამ.

წელს, Young Lions Georgia-ს მხარდამჭერები არიან: თიბისი, aPeople, adjarabetarena, Cellfie Mobile, PSP და mini by GT Motors.


კანის ლომები მსოფლიოს ყველაზე დიდი და პრესტიჟული კრეატიული ფესტივალია, რომელიც უკვე 70 წელზე მეტია ტარდება ქალაქ კანში. საქართველომ 2015 წელს მიიღო წარმომადგენლობის უფლება.

იშოპინგე კრიპტოთი: Dressup ჯგუფის ყველა მაღაზიაში!

WordPress.com ვებგვერდის AI ხელსაწყოთი შექმნას გთავაზობთ