Cannes Lions Georgia იწყება! ესაა კრეატიული ინდუსტრიის წლის მთავარი მოვლენა, რომელსაც ქართველი ტალანტები ყოველწლიურად განსაკუთრებულად ელიან. წლევანდელ შეჯიბრზე მონაწილეებს საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცება 5 მიმართულებით მოუწევთ: დიჯიტალი, პრინტი, მარკეტერი, ფილმი და პიარი (PR). კანის ლომების საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც უკვე 72-წლიან ისტორიას ინახავს, მსოფლიო სარეკლამო ბაზრის ტენდენციებს განსაზღვრავს. ჩვენი ქვეყანა ამ საერთაშორისო ეკოსისტემას 2015 წლიდან შეუერთდა. მას შემდეგ ადგილობრივი კონკურსი არაერთი ახალგაზრდისთვის იქცა საერთაშორისო ასპარეზზე გადადგმულ პირველ და ყველაზე თამამ ნაბიჯად.
წელს, PR კატეგორიის ოფიციალური წარმდგენი „მაკდონალდს საქართველოა“. როგორ იქცევა შემოქმედებითი იდეა გრძელვადიან ღირებულებად, რა როლი აქვს ადამიანურ ინსაიტებს კომუნიკაციაში, დეტალებზე მარკეტერს მაკდონალდს საქართველოს მარკეტინგის ხელმძღვანელი, ელენე ბაღათურია ესაუბრა.
M: რატომ არის მნიშვნელოვანი კანის ლომების ფესტივალის მხარდაჭერა და რატომ აირჩია მაკდონალდსმა კონკრეტულად PR კატეგორია?
მაკდონალდსისთვის, როგორც ბრენდისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერა და ახალი ტალანტების აღმოჩენა მნიშვნელოვანია. გვსურს, მათ საერთაშორისო ასპარეზზე გავუხსნათ გზა. შესაბამისად, გვიხარია, რომ წელს ჩვენც შევიტანთ წვლილს ადგილობრივი კრეატიული ინდუსტრიის გაძლიერებაში.
რაც შეეხება PR მიმართულებას – თითქოს ნაკლებად პოპულარულია, თუმცა დღეს ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული ინსტრუმენტია. სწორედ პიარი გვეხმარება ადამიანების ნდობის მოპოვებასა და მათთან უწყვეტ კომუნიკაციაში. ამ მიმართულებაში დიდ პოტენციალს ვხედავთ და ამიტომაც გვინდა, რომ ახალგაზრდებმა ამ კუთხითაც იფიქრონ, გაიზარდონ და გაიმარჯვონ.
M: თქვენი გადმოსახედიდან, რატომ არის კრეატივი ბიზნესისთვის აუცილებელი ინსტრუმენტი?
დღეს სათქმელი ძალიან ბევრია. ბაზარზე უამრავი ბრენდია და კიდევ უფრო მეტი სარეკლამო კამპანია. იმისთვის, რომ დასამახსოვრებელი იყო, აუცილებელია, შენი ბრენდის ნამდვილი და ორგანული ნაწილი განსხვავებულად თქვა, შეარჩიო სწორი გზავნილები და, ამავდროულად, საინტერესოდ დარჩე. როცა ბრენდებს ემოციის, სათქმელისა და შეგრძნებების ზუსტად გადმოცემა გვჭირდება, როცა გვინდა ვთქვათ არა მხოლოდ ის, თუ რას ვაკეთებთ, არამედ რატომ ვაკეთებთ და ვისთვის არის ეს მნიშვნელოვანი – კრეატივი სწორედ ამ სათქმელის აუდიტორიამდე ეფექტიანად მისატანი საუკეთესო გზაა.
McDonald’s-ში ეს ზუსტად ასე მუშაობს: ჩვენ არ ვქმნით მხოლოდ გემრიელ პროდუქტებს, ჩვენ ვქმნით ყოველდღიურ მომენტებს, რომლებიც ადამიანებისთვის სასიამოვნო გამოცდილებად იქცევა. ამის საუკეთესო გამოხატულება “I’m Lovin’ It” მესიჯია – ეს არ არის მხოლოდ სლოგანი, ეს არის ის ემოცია, რომლის შეგრძნებაც გვინდა, რომ ადამიანებს ჩვენს სივრცეში ჰქონდეთ.
M: კონკრეტულად, როგორ ეხმარება ძლიერი იდეა ბრენდს ზრდასა და განვითარებაში?
ძლიერი იდეა ბრენდს საშუალებას აძლევს, გაცდეს მხოლოდ პროდუქტის კომუნიკაციას და ადამიანებისთვის უფრო ფართო გამოცდილების ნაწილად იქცეს. ის ქმნის ემოციურ კავშირს, აძლიერებს ნდობას და კომპანიას აძლევს შესაძლებლობას, დარჩეს არა მხოლოდ კომერციული სივრცის, არამედ კულტურისა და ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად. თუმცა, აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ მხოლოდ იდეა ვერაფერს გახდება – მას ზურგს იდეალური აღსრულება, სწორი არხების შერჩევა და კარგი პროდუქტი უნდა უმაგრებდეს.
M: როგორ იქმნება ბრენდის გრძელვადიანი ღირებულება იდეის მეშვეობით?
ზოგჯერ ერთმა კამპანიამ შეიძლება სრულად შეცვალოს ბრენდის მიმართ დამოკიდებულება და დიდხანს დარჩეს ადამიანების მეხსიერებაში. თუმცა, იდეის მეშვეობით გრძელვადიანი ღირებულება სწორედ მაშინ იქმნება, როცა ეს იდეა ბრენდის სტრატეგიული ხედვიდან გამომდინარეობს. ამ დროს კამპანია აღარ არის ერთჯერადი და დროთა განმავლობაში ისეთ პლატფორმად იქცევა, რომელიც ადამიანების გამოცდილებასთან ერთად ვითარდება.
ეს ხშირად კარგ წიგნს ჰგავს, რომელსაც ადამიანები სხვადასხვა ასაკში განსხვავებულად კითხულობენ, მაგრამ მისი მთავარი იდეა ემოციურად მათთან ყოველთვის ახლოს რჩება. ბრენდების შემთხვევაშიც ასეა: ის მთავარი სტრატეგიული ღირებულება, რომელიც იდეაშია ჩადებული, მუდმივად ნარჩუნდება და ბრენდის მთავარ მამოძრავებელ ძალად იქცევა.
M: რას ელით წლევანდელი კონკურსის მონაწილეებისგან?
ველოდებით იდეებს, რომლებიც ადამიანების რეალური ინსაიტებიდან იქნება ამოზრდილი – კრეატიულს და განსხვავებულს. ამავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ ეს იდეები მომხმარებლისთვის მარტივად გასაგები და დასამახსოვრებელი იყოს.
M: რა იქნება თქვენი მთავარი რჩევა ახალგაზრდა კრეატორებისთვის?
იფიქრეთ თქვენივე ინსაიტებიდან გამომდინარე და შეხედეთ დავალებას მარტივად, რადგან ნაცნობ, თქვენს საყვარელ ბრენდზე მუშაობთ. შეაფასეთ საკითხი სხვადასხვა რაკურსიდან და იფიქრეთ სამიზნე აუდიტორიის პერსპექტივიდან. ამ პროცესში კი არ დაგავიწყდეთ, რომ მაქსიმალურად ისიამოვნოთ და გჯეროდეთ საკუთარი თავის. სიხარულით სავსე მომენტები ქმნიან საუკეთესო გამოცდილებას და ეს ენერგია აუცილებლად გადავა თქვენს იდეებზეც.
M: ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში, რა მიგაჩნიათ ნამდვილ კრეატიულობად?
AI-ის ეპოქაში რეალური კრეატიულობა იწყება მოსმენით – როცა ბრენდი აკვირდება ადამიანების ყოველდღიურ გამოცდილებას და იდეებს სწორედ ამ რეალურ ემოციებზე აგებს. ხელოვნური ინტელექტი შეიძლება დაგვეხმაროს პროცესის დაჩქარებაში, მაგრამ ის ვერასდროს ჩაანაცვლებს ადამიანურ ემპათიასა და დაკვირვების უნარს.
McDonald’s-ის კრეატიულ ფილოსოფიაში ამას “Fan Truth”-ს ვეძახით – ეს არის პატარა, მაგრამ ძალიან ზუსტი დაკვირვება იმაზე, თუ რას გრძნობენ და როგორ განიცდიან ადამიანები ბრენდს. დღეს სწორედ ასეთ მარტივ, მაგრამ ნამდვილ სიმართლეებზე დაფუძნებული იდეებია ყველაზე ძლიერი.
M: დღევანდელ მოცემულობაში, რა ტიპის იდეები იმარჯვებს?
დღეს იმარჯვებს იდეები, რომლებიც მარტივ, მაგრამ ძლიერ ადამიანურ ინსაიტზეა აგებული. ეს არის იდეები, რომლებიც ადამიანებს საკუთარ გამოცდილებას ახსენებს და მათში ემოციას სრულიად ბუნებრივად იწვევს. როგორც უკვე ვახსენე, ჩვენთვის ეს სწორედ “Fan Truth”-ებია, რომლებიც ძლიერი და კულტურულად რელევანტური კრეატივის მყარი საფუძველია.











