in

Young Lions-ის ქართველი პრიზიორები კრეატიულ ინდუსტრიაში კონკურსების როლზე გვიყვებიან

შემოქმედებითი ინდუსტრიის კონკურსების ჩატარება, ქართული კრეატიული სივრცის განვითარებასა და ჯანსაღი შემოქმედებითი კულტურის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. სააგენტოებისთვის Young Lions Georgia-სა და Eurobest Georgia-ს თარიღები, წლის კალენდარში ერთ-ერთ საკვანძო ადგილს იკავებს. კონკურსებში მიღებული უნიკალური პროფესიული გამოცდილება, საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გააზრება, „ტრამპლინი“ ადგილობრივიდან საერთაშორისო ასპარეზზე თუ სხვა მნიშვნელოვანი მიზეზები, სფეროს წარმომადგენლებს კონკურსში მონაწილეობის დიდ მოტივაციას უქმნის.

მაგალითად, თინა მაყაშვილისთვის, რომელიც ბოლო, 2021 წლის Young Lions Georgia-ს გამარჯვებული, დიზაინის კატეგორიაში გახდა, მთავარი მოტივაცია ახალი გამოცდილების მიღებაა: „ასეთ კონკურსში მონაწილეობა განსხვავებულია. ის გაძლევს შეგრძნებას თითქოს ერთ დღეში მთელი წლის გამოცდილება  მიიღე“.

სხვისთვის, შესაძლოა, გამოცდილების მიღება სულაც არ გახდეს პრიორიტეტი. ძირითადი მოტივატორი წარმატების მიღწევის სურვილი, მთავარი მონაპოვარი კი, კონკურსისგან მიღებული ემოციები იყოს. მაგალითად, ანუკი კონიაშვილი, რომელმაც Young Lions-ზე ოქროს მედალი ორჯერ, 2017 (Cyber კატეგორია) და 2018 წლებში (დიზაინის კატეგორია) მოიპოვა, ხოლო 2019 წელს დიზაინის კატეგორიაში მესამე ადგილზე გავიდა, ამბობს: „ყველაზე დასამახსოვრებელი გამოცდილება ის შეგრძნებაა, რომელიც შედეგების გამოცხადებიდან სცენაზე ასვლამდე მეუფლებოდა. უდავოდ ერთ-ერთი საუკეთესო ემოციაა, რაც ოდესმე განმიცდია“.

პირველი გამარჯვებისას, მისი თანაგუნდელი პავლე გაბრიჭიძე გახლდათ, რომელმაც ანუკის მსგავსად, კონკურსში პირველი ადგილის დაკავება ორჯერ, ჯერ მასთან ერთად, Cyber კატეგორიაში, შემდეგ კი, სხვა შემადგენლობით შეძლო. მან 2018 წელს, ნათია სვანაძესთან ერთად იასპარეზა და Young Marketer-ის კატეგორიაში ოქროს მედალს დაეუფლა.

ჩვენი კიდევ ერთი რესპონდენტია ბექა ადამაშვილი, Young Lions Georgia-ს ვერცხლის პრიზიორი. შემოქმედებითი ინდუსტრიის კონკურსებში მონაწილეობის მნიშვნელობასა და სპეციფიკაზე თინა მაყაშვილი, ანუკი კონიაშვილი, ბექა ადამაშვილი და პავლე გაბრიჭიძე გვესაუბრნენ:

M: რა იყო მთავარი მოტივაცია, რატომაც კონკურსში ჩართვა გადაწყვიტე?

ანუკი კონიაშვილი და პავლე გაბრიჭიძე

პავლე გაბრიჭიძე: მთავარი მოტივი საკუთარი თავის გამოცდა და საინტერესო გამოცდილების მიღება იყო – მაინტერესებდა შეზღუდულ დროში რამდენად შევძლებდი სათანადო გადაწყვეტის პოვნას და როგორ შეაფასებდა მას ჟიური.

ბექა ადამაშვილი: ჩემთვის, კონკურსებში მონაწილეობის ძირითადი მოტივაცია წარმატების მიღწევის სურვილია. ოლიმპიური პრინციპი, რომ „მთავარია მონაწილეობა და არა – გამარჯვება“, ალბათ, მხოლოდ ოლიმპიადასვე უხდება, რადგან იქ მონაწილეობა უკვე არაერთი სხვა გამარჯვების შედეგია. ისეთ კონკურსებში კი, სადაც მონაწილეობის მისაღებად, უბრალოდ განაცხადის შეტანაც საკმარისია, მაგ ფრაზით თავს ვერ დაიმშვიდებ.

ანუკი კონიაშვილი: თუკი პირველ კონკურსში, მხოლოდ შესაძლებლობების მოსინჯვა მსურდა, ყველა შემდეგ შემთხვევაში, მთავარი მოტივაცია გამარჯვება და საერთაშორისო დონეზე საკუთარი ქვეყნის სახელით ასპარეზობა იყო. ეს ჩემთვის ძალიან დიდი პატივია.

M: რა იყო მთავარი, დასამახსოვრებელი გამოცდილება?

ბექა ადამაშვილი (მარცხნივ)

ბექა ადამაშვილი: მთავარი გამოცდილება, ალბათ ის იყო, რომ ასეთ კონკურსებში სჯობს შედარებით უსაფრთხო, პრაგმატული და მარტივად აღსაქმელ კონცეფციაზე დაფუძნებული ნამუშევარი შექმნა, ვიდრე „ჩაახუჭუჭო“ და გეგონოს, რომ „აი, მართლა ძააან მაგარი რამე მოიფიქრე“. ერთი იმიტომ, რომ მოკლე დროში იშვიათად გაფიქრდება „აი, მართლა ძაან მაგარი რამე“ და მეორე იმიტომ, რომ ასეთი „გაღმა გასული“ ნამუშევარი მრავალწევრიანი ჟიურის თუნდაც ერთმა, ზედმეტი კრეატივით გაღიზიანებულმა წევრმა, კიდევ „იმის იქით“ რომ გაისტუმროს, საბოლოო შედეგზე ეს მნიშვნელოვნად ისახება ხოლმე.

თინა მაყაშვილი

თინა მაყაშვილი: ამ კონკრეტულ შემთხვევაში, დასამახსოვრებელი გამოცდილება ახალ მეწყვილესთან მუშაობა და განსხვავებულ კატეგორიაში ბედის ცდა იყო. სხვა კონკურსებისგან განსხვავებით, იდეა მალევე გამოჩნდა და მუშაობის პროცესიც მშვიდად წავიდა. პირველად მოხდა, რომ 24 საათი იდეის დასალაგებლად საკმარისი აღმოჩნდა.

პავლე გაბრიჭიძე: ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი, მუშაობის პროცესში საკუთარი ემოციების მართვა იყო. ვფიქრობ, ასეთ სიტუაციებში, კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ხასიათის სიმტკიცესა და კონცენტრაციის უნარს – სტრესის ფონზე, შეზღუდულ დროში, რამდენად მოახერხებ შენი ხედვის სათანადოდ ფორმირებას და გადმოცემას. ამ გამოცდილებამ საკუთარი თავი სხვა რაკურსით დამანახა, ახალი უნარი აღმომაჩენინა.

M: საერთო ჯამში, როგორ აისახა მონაწილეობა შენს პროფესიონალურ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე?

ანუკი კონიაშვილი: შემიძლია ვთქვა, რომ მხოლოდ დადებითად, კრეატიულ ინდუსტრიაში საკუთარ თავზე ცნობადობის ამაღლების ჭრილში. თუმცა, კონკურსში მონაწილეობა და გამარჯვება, სრულებით არ განსაზღვრავს შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენას.

თინა მაყაშვილი: კონკურსის დაწყებამდე, ყოველთვის ვეცნობით წინა წლების ნამუშევრებს. ვფიქრობ ეს, თვითგანვითარებისთვის ერთ-ერთ ყველაზე დიდ საქმეს აკეთებს. უკვე არსებულის გააზრება, გარჩევა, გიყალიბებს  სწორი ანალიზის უნარს და მგონია, რომ სხვისი ნამუშევრების ყურადღებით გაცნობითაც შეიძლება ძალიან ბევრი ისწავლო. ასევე, კონკურსის შემდეგ, კონკურენტი გუნდების ნამუშევრების გაცნობაც საინტერესოა. საინტერესოა, როცა უყურებ როგორ იფიქრეს იმავე თემაზე განსხვავებულად სხვა გუნდებმა.

პავლე გაბრიჭიძე: დაზუსტებით მიჭირს თქმა, თუ რა გავლენა იქონია ამ კონკურსში მონაწილეობამ კარიერულ წინსვლაზე. თუმცა, ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ მეტი თავდაჯერება და გამბედაობა შემძინა, რამაც საბოლოოდ, ჩემს საქმიანობაზე პოზიტიური გავლენა იქონია.

M: რა ფაზებისგან შედგება ასეთ შეზღუდულ დროში, საკონკურსო ბრიფზე მუშაობის პროცესი?

პავლე გაბრიჭიძე: პირველი, ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაზა, ბრიფის განხილვა და დავალების გაცხადებაა. ამ ეტაპს, სწორი და ეფექტური იდეის/გადაწყვეტის ფორმირებაში, საკვანძო როლი აქვს. თუ პრობლემა ცხადია, შემდეგი ეტაპი კონკრეტული „ინსაითების“ ამოკრეფაა, რაც სამოქმედო არეალს განსაზღვრავს და დგება გადაწყვეტების/იდეების ვერსიების ფორმირების ეტაპი. ამ ეტაპზე, უკვე მნიშვნელოვანია განსაკუთრებული სიფრთხილით შევარჩიოთ ყველაზე „სწორი“ ვერსია, რომლის შეფასების კონკრეტული გზა არ არსებობს, უფრო სუბიექტური გემოვნების ამბავია, თუმცა, მისი გადამოწმება რამდენიმე კითხვის დასმით შეიძლება:

  • რამდენად პასუხობს დავალებას? 
  • რამდენად შესაძლებელია ამ გზით პრობლემის გადაჭრა?
  • და რამდენად უნიკალურია იდეა?

თუ ამ კითხვებზე დადებითი პასუხი გვაქვს, მაშინ იდეის გადმოცემის ჯერი დგება, სადაც თითოეულ სიტყვას განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მივანიჭოთ – ძალიან მოკლედ, ნათლად გადმოვცეთ ჩვენი ჩანაფიქრი და ჟიურის, ინტერპრეტირების შესაძლებლობა არ დავუტოვოთ.

თინა მაყაშვილი: როცა დიდი იდეა მოდის, მგონია, რომ ამას მაშინვე, მომენტალურად გრძნობ. თუმცა ასეთმა შეგრძნებამ, შესაძლოა, შეცდომაშიც შეგიყვანოს. რაღაც ეტაპამდე უნდა მიჰყვე, იფიქრო, მაგრამ თუ გრძნობ, რომ ვეღარ ავითარებ, არ უნდა შეგეშინდეს სხვა იდეებზე ფიქრის დაწყება. გამოცდილებაში მქონია მომენტი, როცა ბოლო წუთს უკეთესი იდეა გაჩენილა და მოლოდინები გაუმართლებია. თუ სწორად ვერ შეაფასე იდეის ხარისხი და მასზე წვალება დაიწყე, შესაძლოა, დრო შეუმჩნევლად გაგეპაროს.

ბექა ადამაშვილი:. ძირითადი, რაც კონკურსის ბრეინშტორმინგს სტანდარტულისგან გამოარჩევს შეზღუდული დრო და მონაწილე ადამიანთა არანაკლებ შეზღუდული რაოდენობაა. ეს კი გონებას აიძულებს, უფრო კონცენტრირდეს და მეტი მოინდომოს. ასევე, თითოეული პოტენციური იდეის განხილვისას იმატებს სიხშირე შეკითხვისა: „რა შანსია, რომ ვინმეს ასეთივე იდეა ჰქონდეს?“, რადგან ამ შემთხვევაში, შენი ნამუშევარი უნიკალურობასაც და გამარჯვების შანსსაც ერთდროულად დაკარგავს. იმის ფუფუნება ნაკლებად გაქვს, რომ თითოეული იდეის ავკარგიანობა საფუძვლიანად განიხილო. უფრო გუმანს უნდა მიენდო, რადგან ყოველთვის გექნება განცდა, რომ „ამაზე უკეთესი რამეც შეიძლება იყოს, იქვე“.

M: რატომ არის ასეთ კონკურსებში მონაწილეობა მნიშვნელოვანი?

ანუკი კონიაშვილი: მუდმივად ტონუსში ყოფნისთვის. არ აქვს მნიშვნელობა, მოიგებ თუ – არა. კონკურსში მონაწილეობით მხოლოდ საკუთარ თავს ცდი, თუ რამდენად საინტერესო იდეის ჩამოყალიბება და აღსრულება შეგიძლია 24 საათში. მოგება და საერთაშორისო დონეზე ასპარეზობა, უბრალოდ, ბონუსია.

თინა მაყაშვილი: ყველაზე უკეთ მაშინ ხვდები, რა შეგიძლია, როცა მარტო ხარ და დიდი გუნდის გარეშე მუშაობ. ასეთ დროს, ბევრი ისეთი უნარის აღმოჩენა შეგიძლია, რაზეც იქამდე ყურადღება არ გაგიმახვილებია. ყოველი კონკურსის შემდეგ გრძნობ, რომ რაღაცით მეტი იცი, რაღაცაში მეტად ერკვევი.

ბექა ადამაშვილი:  თავში რამდენიმე მიზეზი მომდის. პირველი ის, რომ თუ ვერ მოიგებ, არ უნდა გეგონოს, თითქოს „არ ყოფილა ეს შენი საქმე“. ისევე, როგორც მოგების შემთხვევაში, არ უნდა დაიჯერო, რომ „მართლა ყველაზე მაგარი ხარ, აი, ვაბშე ყველაზე“. მეორე, გამარჯვების შემთხვევაში, შანსი გეძლევა საერთაშორისო არეალზე გახვიდე და თუ საიდანღაც „შემოხეტებული“ ვირუსი არ შეგიშლის ხელს, ჩახვიდე კიდეც. მესამე კი ის, რომ გინდა თუ არა, რაღაცებს მაინც სწავლობ და რამდენიმე წლის შემდეგ, ამის შესახებ ინტერვიუში თუ გკითხავენ, მინიმუმ, სამი მიზეზის ჩამოთვლა შეგეძლება. ამათ გარდა, ალბათ, კიდევ იქნება რაიმე მიზეზები, მაგრამ ამაზე, უკვე მაშინ დავფიქრდები, თუკი „კონკურსში მონაწილეობის მნიშვნელოვნების“ მიზეზებზე რაიმე კონკურსი ჩატარდება და გონება იძულებული გახდება, უფრო კონცენტრირდეს.

 


ავტორი: სოლომონ დევსურაშვილი

Nala Robotics-მა რობოტი მზარეულების ქსელი შექმნა

„ასტონ მარტინის” ახალი V12 vantage შეზღუდული რაოდენობით გამოვიდა და მაშინვე გაიყიდა