როგორც აპრილში გახდა ცნობილი, კანის კრეატიული ფესტივალის ორგანიზატორებმა ციფრული საგანმანათლებლო და შთამაგონებელი უფასო პლატფორმა Lions Live შექმნეს. 22-26 ივნისს კი ამ პლატფორმის აქტივობები ონლაინ გაიმართება, რომელზე დასწრებაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება.
თუმცა, ფესტივალის ორგანიზატორებმა ასევე გადაწყვიტეს, Young Lions Live Awards–ის მეშვეობით “ახალგაზრდა ლომებს” მისცენ შანსი, 2021 წლის კანის კრეატიული ფესტივალის საგზური მოიგონ.
რაში მდგომარეობს ეს შანსი?
კანის ფესტივალმა სპეციალურად ამ ჯილდოსთვის ორგანიზაცია UNWFP-თან (UN World Food Programme) თანამშრომლობით მოამზადა ბრიფი, რომელიც ფესტივალის ოფიციალურ ვებგვერდზე დევს. ბრიფი საკვების მოხმარების დაბალანსებას ეხება მათ შორის, ვინც ამ საკვებს ჭარბად მოიხმარს და – ვინც შიმშილობს.
ბრიფი უკვე ხელმისაწვდომია და მონაწილეობის მიღების მსურველებს 14 ივნისამდე აქვთ ვადა, შექმნან 90 წამიანი ვიდეორგოლი და 500 სიტყვიანი აღწერა, სადაც განმარტებული იქნება იდეა. ორივე მათგანი უნდა იყოს ინგლისურ ენაზე, თუმცა, შესაძლებელია ვიდეოში სუბტიტრების გამოყენებაც.
Young Lions Live Awards-ზე მონაწილეობის მიღება შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ისე – ორკაციანი გუნდითაც. აუცილებელი მოთხოვნაა, რომ მონაწილეები 18-30 ასაკობრივ ზღვარს აკმაყოფილებდნენ.
ნამუშევრებს 26 ივნისს განიხილავენ, გამარჯვებულებს კი საგზურები დაეგზავნებათ.