in

კანის ოქროს მფლობელი ქართველი მარკეტერები გირჩევენ, როგორ მოემზადოთ Young Lions-ისთვის

2016 წლის 25 ივნისს, კანის კრეატიული ფესტივალის სცენაზე ორი ქართველი მარკეტერი ავიდა და კუთვნილი ოქროს მედალი ჩაიბარა. ნინო უნგიაძემ და ანა მარკოზაშვილმა კანის მსოფლიო ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მოიპოვეს გამარჯვება. ამჯერად, ისინი წლევანდელ ყმაწვილლომებს ურჩევენ, როგორ მოემზადონ Young Lions Georgia-ს კონკურსისთვის.

კანის ახალგაზრდული ფესტივალის ერთ-ერთი საკონკურსო კატეგორია ახალგაზრდა მარკეტერია, რომელზეც თუ ბევრი არ გსმენიათ მოკლედ მოგიყვებით. აღნიშნული კატეგორია კერძო კომპანიის მიერ სარეკლამო სააგენტოს გაბრიფვის სიმულაციაა: გაქვს კონკრეტული სოციალური თემატიკა, რაზეც უნდა გაამზადო კრეატიული ბრიფი შენი კომპანიის სახელით და შემდგომ ჟიურის, ვითომდა სააგენტოს კრეატიულ დირექტორებს ჩაუტარო პრეზენტაცია. 

ამ კატეგორიაში ოთხჯერ მივიღეთ მონაწილეობა – ორჯერ საქართველოში გავიმარჯვეთ და ორჯერ კანში გავედით, საიდანაც ერთი ოქრო წამოვიღეთ. ჩვენი დაგროვილი გამოცდილება შეიძლება შეჯიბრისთვის მომზადებაში თქვენც დაგეხმაროთ.

ანა მარკოზაშვილი / ნინო უნგიაძე

როგორ ვემზადებოდით კონკურსისთვის მორალურად და რა მოლოდინები გვქონდა?

ისეთ დროს, როდესაც კომპანიიდან ყველა შენზე იმედებს ამყარებს, გაუგებარია როგორი ბრიფი მოვა და ამასაც განიცდი – ჩვენი სტრატეგია იყო ამ ყველაფრის მაქსიმალურად იგნორირება და საქმეში თავის ჩარგვა. კონკურსის ყველა ეტაპზე მხოლოდ მიმდინარე ნაბიჯზე ვკონცენტრირდებოდით, თუ ვხედავდით, რომ რაღაცა სტრესები იმატებს, ერთმანეთს ვეხმარებოდით ტვინის მუშაობაზე გადართვაში. 

არც ერთხელ მიზნად „გამარჯვება“ არ დაგვისახავს, მთავარი იყო ჩვენი მაქსიმუმი გაგვეკეთებინა და თავად გვცოდნოდა რომ არსებულ შეზღუდვებში ჩვენი შესაძლებლობები ამოვწურეთ. ერთმანეთს ამ მხრივ ვგავართ – თავიდანვე გვესმოდა, რომ „წარმატება“ არ იყო მიზანი, რაღაცა წილი გამართლებას აქვს და აზრი არ აქვს ამაზე ნერვიულობას. ენერგიას მხოლოდ იმაზე ვხარჯავთ, რისი შეცვლაც შეგვიძლია.

როგორ ვემზადებოდით შეჯიბრებამდე?

კონკურსის დაწყებამდე ბევრი საქმის წინ წაგდება შეგიძლია, ამით უფრო თავდაჯერებულიც გახვალ და ნერვიულობაზე ნაკლები დროც დაგრჩება.

  • როგორც იცი, კონკურსზე მოსული სოციალური პრობლემა შენს კომპანიას უნდა მოარგო. ამ თემატიკაზე შექმნა კამპანია, პროდუქტი ან სერვისი, რომელიც დავალებასაც უნდა ეხმიანებოდეს და შენს ბრენდს აძლიერებდეს. შესაბამისად დაიწყეთ თქვენივე კომპანიის შესწავლით: პროდუქტები, ბრენდის ტერიტორიები, საკომუნიკაციო სტილი.. პრეზენტაციაში გამოსაყენებელი ვიზუალური ასეტებიც წინასწარ შეაკოწიწეთ.
  • წარსული ბრიფების განხილვა დაგვეხმარა Key message-ების დახვეწაში და ფორმატირებაც კარგად გვასწავლა. თქვენც გადახედეთ გამარჯვებულ ბრიფებს, რა თემებია, რა საერთოა მათ შორის ვინც იმარჯვებს, როგორი უშუალო ენით წერენ, ინსაიტებს როგორ შლიან, ა.შ. გაესაუბრეთ მათ, ვისაც მარკეტერებში მონაწილეობა მიუღიათ, ჩაეძიეთ რა კითხვებს უსვამდა ჟიური, დროში ყველაზე ძალიან რაში გაიჭედნენ და ა.შ.
  • ამ წიგნს თვალი გადაავლეთ: How To Write An Inspired Creative Brief – by Howard Ibach –  რომელიც თავის დროზე რეზო ჩარკვიანმა გაგვიზიარა კონკურსანტებს. ძალიან დაგვეხმარა ბრიფის სტრუქტურიზებაში. კონკურსზეც წაიყოლეთ, იქნებ თქვენც რამე მომენტში წიგნის გადაფურცვლამ საინტერესო შთაგონება მოგცეთ.
  • ყველაზე მთავარი კი კონკურსის სიმულაციაა. შეარჩიეთ რომელიმე წარსული ბრიფი, აიღეთ მკაცრად განსაზღვრული დრო და მეწყვილესთან ერთად სრულყოფილად შეასრულეთ დავალება. გაგიჩნდებათ შეგრძნება, რა ეტაპებისგან შედგება სამუშაო პროცესი და აგრეთვე მიხვდებით, რას რამდენი დრო ჭირდება. ამასთანავე დაამუღამებთ მეწყვილეს და კონკურსზე კიდევ უფრო შეკრულად იმუშავებთ.

ყველაზე მეტად, რა დაგვეხმარა გამარჯვებაში?

გუნდურობა და სამუშაოზე ფოკუსი.

კონკურსისთვის მზადების ეტაპზე გუნდურობაში საძირკველი იყრება, თუმცა ნამდვილი გამოცდა თვითონ კონკურსის პროცესში იწყება. ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ იმის გაკონტროლებაა, რომ მეწყვილეს აზრს ნამდვილად ითვალისწინებ. ხშირად დაუსვი ხოლმე შენს თავს კითხვა: სხვის იდეებს ხომ არ ვბლოკავ? ბოლომდე ვუსმენ? ვაძლევ სივრცეს აზრის გამოხატვისთვის?

გუნდურობა აგრეთვე ერთმანეთის დაბალანსებაში გამოიხატება.  ასე ვუყურებდით, რომ ერთმანეთის სემვაიზ გემჯიები და ფროდო ბაგინსები ვიყავით. მაგალითად, თუ ერთი დედლაინის მოახლოებისას ზედმეტად მოდუნებული იყო, მეორე შეუფუცხუნებდა და პირიქით. იყო მომენტები, როდესაც ერთი გამოფიტული იყო და ამ დროს შეიძლება ცოტა შენ გაგეწია თამასა და ამოსუნთქვის დრო მიგეცა. 

როგორც ვახსენეთ წინასწარ გვქონდა განსაზღვრული ჩვენი მთლიანი სამუშაო რა ეტაპებისგან შედგება, თითოეულ ეტაპზე რა დედლაინი გვაქვს. ეს გვეხმარებოდა ბევრ რამეში: პირველი ალბათ სამუშაოზე ფოკუსია, ვიცით რომ ახლა მაგალითად ინსაითების გაშლაზე ვმუშაობთ და თუ ვთქვათ გამზადებული იდეა მოგვივიდა, ჩავიწერთ, მაგრამ ისევ ინსაითებს დავუბრუნდებით. მეორე, სტრესის მართვაა, წინასწარ არ ვნერვიულობდით შემდეგ ეტაპებზე. და ბოლოს: დროის კონტროლი. ასე ზუსტად გაწერილი თაიმლაინი გეხმარება დროულად აჩქარდე და არ დააგვიანო.

ბონუს რჩევები

  • კონკურსს იმარჯვებს ემოციური, ინსპირაციული ნამუშევარი. კი ბრიფის ზომა შეზღუდულია, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დათმოთ ინსპირაციული “build-up”. 
  • ბრიფის ქვესათაურები ეცადეთ გაშალოთ ისე, რომ მთავარ აზრს გადმოსცემდეს და ამბავს ყვებოდეს. ყოველთვის გათვალეთ იმაზე, რომ ჟიური ლიმიტირებულ დროში ნახავს ბრიფს – თუ მხოლოდ პასიურად თვალს გადაავლებენ – რა ინფორმაციას მიიღებენ?
  • თქვენი ბრენდის იდენტობა მაქსიმალურად დალინკეთ დავალებასთან. მაგალითად ჩვენი ბრენდის, საქართველოს ბანკის სლოგანი Feel the Future იყო, რომელიც დავალების და ჩვენი იდეის ინსაითებთან დავაკავშირეთ.
  • ბრიფის წერის მანერა ისეთი უნდა იყოს, თითქოს ვიღაც ზეპირად გიყვება – მაღალფარდოვანი ან აკადემიური ინგლისურით წერა არაა საჭირო. სააგენტოს როგორი უშუალო ენითაც გაბრიფავდით და ეცდებოდით ახალი პროდუქტის და კამპანიის იდეით ისინიც დაგემუხტათ – იგივე პრინციპით წერთ და ყვებით აქაც. 
  • ბევრი დრო დაუთმეთ ინსაითების მოკვლევას (მიგნება, დასკვნები, კავშირები, რაზეც შემდგომში იდეებს აფუძნებთ). ერთი მხრივ ჩაშალეთ დავალების მომცემი კომპანიის ინსაითები, დასახელებული პრობლემის ინსაითები, მეორე მხრივ კი თქვენი კომპანიის, პროდუქტების, ბაზრის, ინდუსტრიის, სეგმენტის, ქვეყნის ინსაითები. და ბოლოს ეცადეთ დაინახოთ მათ შორის ბმა. როდესაც დაკლიკავს, თქვენც მიხვდებით, რომ სწორად მიაგენით.
  • გაითვალისწინეთ, ყურადღებას აქცევენ ბიუჯეტის რეალისტურობას და KPI-ების კონკრეტიკას. რიცხვები უფრო პროფესიონალებად და თავდაჯერებულად გამოგაჩენთ. 
  • ზემოთხსენებული წიგნი გვირჩევს ვიცოდეთ: What is the single most important thing I have to say? ამაზე პასუხი შეკრავს ბრიფს, იდეას, ფოკუსს და გაგიადვილებთ აქცენტების სწორად დასმას. პირველ წელს ვატო ქავთარაძემ დაგვისვა ასეთი კითხვა პრეზენტაციის დასრულებისას: აბა ეხლა თქვენი იდეა ერთ წინადადებაში მითხარითო. დიდად არ გავიბრწყინეთ, თქვენ ეს შანსი ხელიდან არ გაუშვათ.

 

როგორ ვკითხოთ თანამშრომელს, ბედნიერია თუ არა სამსახურში?

ილონ მასკი ამბობს, რომ უსახლკაროა