მსოფლიოს შემოქმედებითი ახალი წელი – ასე მოვიხსენიებთ კანის ლომების ფესტივალს, რომელიც აგერ უკვე, 70 წელია, საფრანგეთის ქალაქ კანში მასპინძლობს მთელი მსოფლიოს სარეკლამო ინდუსტრიას და წლის საუკეთესო ნამუშევრებს გამოავლენს. 2015 წლიდან, ამ დღესასწაულის ნაწილია საქართველოც. წელს, საქართველოდან კანში 4 გუნდი გაემგზავრა, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდულ შემოქმედებით მსოფლიო ჩემპიონატში Young Lions-ის ოთხ კატეგორიაში: მარკეტერი, პრინტი, ფილმი და დიჯითალი. ფილმის კატეგორიაში მონაწილე სოფი ივანიშვილისა და ლუკა მახარობლიშვილის ერთობლივი ნამუშევარი შორთლისთში მოხვდა! აღსანიშნავია, რომ ქართული კრეატიული ინდუსტრიის ზრდასთან ერთად, მნიშვნელოვნად მატულობს ინტერესი კანის ახალგაზრდულ ჩემპიონატთან დაკავშირებით. წელს, ადგილობრივ ჩემპიონატში 201 გუნდი ჩაერთო, რაც რეკორდული მაჩვენებელია. გადავწყვიტეთ იმ მონაწილე გუნდების გამოცდილება და რჩევები გაგიზიაროთ, რომლებიც წელს, კანში საქართველოს სახელით იბრძოდნენ მსოფლიო პირველობისთვის და ამით მომავალი წლის სამზადისისკენ გზის გაკვალვაში დაგეხმაროთ.
პირველ რიგში, გავეცნოთ, ფილმ კატეგორიის შორთლისთში მოხვედრილ ნამუშევარს.
სოფი ივანიშვილი (ფილმ კატეგორიის გუნდიდან): ბრიფზე მუშობისას და იდეების მოთელვისას, მარტივი, უნივერსალური ინსაითი ამოგვიტივტივდა თავში – დედა რომ ყველა ბავშვისთვის ცოდნის პირველწყაროა, სამყაროს მშობლებისგან რომ ვსწავლობთ და ყველას გვგონია, რა კითხვაც არ უნდა გაგვიჩნდეს, დედას აუცილებლად ექნება პასუხი. ჩვენი დავალება ინდოელი მშობლების (ძირითადად, დედების) მოტივირება იყო, ჩართულიყვნენ თავიანთი შვილების განათლების მიღების პროცესში, რაშიც საკუთარ თავში დაურწმუნებლობა უშლიდათ ხელს – არასაკმარისი განათლების ქონის გამო. ჩვენც გადავწყვიტეთ შვილების თვალით დაგვენახებინა მათთვის საკუთარი თავი და ამ გზით დაგვერწმუნებინა საკუთარ შესაძლებლობებში.
M: თქვენი დავალებები კატეგორიების მიხედვით განსხვავდებოდა, გაგვიზიარეთ, როგორ დაგეგმეთ ბრიფზე მუშაობის პროცესი?
სოფი ივანიშვილი: დავალება საღამოს 7 საათზე მივიღეთ, რომლის შემდეგაც, 48 საათში უნდა გვქონოდა ვიდეო მზად. შესაბამისად, დროის სწორად გადანაწილებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. თავიდანვე გადავწყვიტეთ, რომ თანაბარი დრო დაგვეთმო როგორც იდეის მოფიქრებისთვის, ისე მისი განხორციელებისთვის, რადგან მოფიქრებული იდეის სწორად და ხარისხიანად განსახორციელებლად აუცილებელია რომ საკმარისი დრო მოიტოვო.
გიორგი ლეჟავა (დიჯითალ კატეგორიის გუნდიდან): პირველ რიგში, კარგად გავეცანით ბრიფს და მოცემულ მასალებს (დოკუმენტებს), საკმაოდ ბევრი იყო და თვითონ ბრიფის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, კარგად გაანალიზება და გათავისება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მთლიანობაში, მუშაობის პროცესი დაახლოებით გვქონდა დროში გათვლილი ეტაპებად, ბრიფის გაცნობა, იდეაციის პროცესი და შემდეგ შესრულება. თითოეულ ეტაპზე გამოყოფილი გვქონდა დრო, მაგალითად, იდეაციის პროცესს ძალიან რომ არ შევყოლოდით და შესრულებისთვის დაგვრჩენოდა დრო. ასევე, სანამ კანში წავიდოდით, გამოცდილება გაგვიზიარეს წინა მონაწილეებმა და ეს ინსაითებიც ძალიან დაგვეხმარა.
გიორგი მაღრაძე და ნინი ბუკია (პრინტ კატეგორიის გუნდი): ბრიფზე მუშაობა, ფაქტობრივად, მისი მიღების წუთიდან დავიწყეთ. საკმაოდ დამღლელი დღეების გამო, სამუშაო პროცესი შემდეგნაირად გადავანაწილეთ: დაბრიფვის საღამო მთლიანად ფიქრსა და სხვადასხვა კონცეფციის განხილვაში გავატარეთ. მეორე დღეს არსებული იდეებიდან რამდენიმე შევარჩიეთ და დრო ვიზუალს დავუთმეთ. ვიზუალის პარალელურად, მომზადდა პრინტის ტექსტუალური, დამატებითი ნაწილი, რომელიც სტრატეგიას, მიგნებასა და კრეატიულ გადაწყვეტას ხსნიდა.
იქ სამუშაო დრო გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ქართულ კონკურსზე, და ზუსტად 24 საათია. შესაბამისად, საქართველოს კონკურსთან შედარებით, სტრესის დონე გაცილებით უფრო მაღალი იყო. საბოლოოდ, გვქონდა რამდენიმე იდეა, რომლებიც ვიზუალურადაც ავაწყეთ და ბოლოს ორი მათგანი დავაშორთლისტეთ. ძალიან გაგვიჭირდა გადაწყვეტილების მიღება ფოტომანიპულაციურ და ილუსტრირებულ კრაფტ ვერსიებს შორის. თუმცა, ბევრი ფიქრისა და მკაცრი კრიტერიუმების მიხედვით შეფასებით, ბოლოს მაინც შევჯერდით. სიმართლე გითხრათ, ძალიან კმაყოფილები ვიყავით საკუთარი ნამუშევრით და ვფიქრობთ, სწორად შევასრულეთ დავალება. ამავდროულად, რადგან კანის ლომებს კონკრეტული კონკურსის ფორმატი აქვს, იღბალსაც დიდი როლი აქვს ამ ყველაფერში. იღბალსა და ქიმიას, რომელიც ბრიფის წაკითხვის მომენტში, ხშირად, წამიერად ჩნდება – ან არც.
M: რით განსხვავდება იქ ადგილზე ბრიფზე მუშაობა?
ბაიკო ფირცხალაიშვილი (მარკეტერის კატეგორიის გუნდიდან): უშუალოდ მუშაობის პროცესი ერთმანეთისგან არ განსხვავდებოდა, უბრალოდ კანში შევეცადეთ შეგვევსო ყველა ის დანაკლისი, რაც ჩვენი წარმოდგენით, ჩვენს ნამუშევარს ლოკალურ კონკურსზე ჰქონდა. დრო უფრო ეფექტურად გამოვიყენეთ და მაქსიმალურად გავამარტივეთ პრეზენტაცია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტები უფრო თვალსაჩინო ყოფილიყო. შესაბამისად, ჟიურისთან შეგვეძლო უფრო ფართოდ გაგვეშალა ჩვენი სათქმელი და მათთვისაც უფრო საინტერესო ყოფილიყო ახალი დეტალების მოსმენა.
გიორგი მაღრაძე და ნინი ბუკია: პირველ რიგში, იქ მუშაობა ყველაზე რთული, ალბათ, იყო ბრიფის თვალსაზრისით, რადგან საქართველოში შეჩვეულები ვართ უფრო პირდაპირ დავალებებს, ხშირად, კომპლექსური გადაწყვეტებით. იქ კი თავად დასმული პრობლემები იყო მეტად ღრმა, მრავალეტაპიანი. შესაბამისად, იქ პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული ბრიფი მოვიდა, რომლისთვისაც გადაწყვეტა უნდა ყოფილიყო მარტივი. აქვე გასათვალისწინებელია აუდიტორიის აღქმები – არაერთი უცხოური ნამუშევრის ნახვის შედეგად, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ კომუნიკაციის არაერთ ხერხს და ტონალობად ჩვენი აუდიტორია ჯერაც უნდა მიეჩვიოს, რაც, პირველ რიგში, ჩვენგანვე წამოსული იმპულსებით თუ მოხდება.
სოფი ივანიშვილი: პრინციპული განსხვავება აქ და კანში მუშაობას შორის არ ყოფილა. ერთი, რაც გვსტრესავდა, ბევრი დაუსწრებელი სემინარი და გამოტოვებული ვორქშოფი იყო, რომლებსაც მუშაობის გამო გამოვაკლდით.
გიორგი ლეჟავა: ზოგადად, მსგავს კონკურსებში ყველაზე რთულია, ბრიფში მოცემული პრობლემიდან სწორ მომენტზე რომ კონცენტრირდე. ჩვენ შემთხვევაში, ვფიქრობ, ამაში პრობლემა არ გვქონია, მაგრამ შედარებით გაგვიჭირდა პრეზენტაციის გაკეთება. ვფიქრობ, ამ ნაწილში გამოცდილების ნაკლებობა იყო მთავარი პრობლემა. მაგალითად, კარგი იქნებოდა ჩვენს ლოკალურ კონკურსშიც იმავე პროცესს რომ გავდიოდეთ, რაც ამ მხრივ, გამოცდილების შეძენაში დაგვეხმარებოდა.
M: რით განსხვავდებოდა ამ წლის გამოცდილება წინა წლებისგან?
ბაიკო ფირცხალაიშვილი: აქამდე კონკურსში მხოლოდ პრინტზე მუშაობის გამოცდილება მქონდა, წელს პირველად მივიღეთ მე და ელენემ მარკეტერის კატეგორიაში მონაწილეობა. მიღებული გამოცდილებაც სრულიად განსხვავებული აღმოჩნდა. შესასრულებელი დავალება უფრო კომპლექსური იყო და ბევრ რამეზე ერთად გვიწევდა ფიქრი: იდეის უნიკალურობასთან ერთად, ძლიერი დაკვირვების და სტრატეგიული გადაწყვეტების მოფიქრება, წარდგენილი პროდუქტის/სერვისის ჩაშვებისა და გაშლის დეტალები, ბიუჯეტირება… ამ ყველაფერთან ერთად ჟიურის წინაშე წარდგენა და პრეზენტაციისთვის მომზადება. ჯამში, პროცესი საინტერესო და საკმაოდ შრომატევადი აღმოჩნდა.
M: რას ურჩევდით მათ, ვინც მომავალ წელს აპირებს საკუთარი ძალები გამოცადოს Young Lions-ზე?
ბაიკო ფირცხალაიშვილი: მომავალი კონკურსანტებისთვის ძალიან კარგი იქნება წინა გამარჯვებულების ნამუშევრების ნახვა და იქიდან დასკვნების გამოტანა. მართალია, ვერ გამოიცნობ, რა თემაზე შეიძლება მოვიდეს დავალება, მაგრამ მაინც ნაყოფიერია ზოგად თემებზე ვარჯიში, იმაზე ფიქრი თუ რას გააკეთებდა თქვენი კომპანია ამა თუ იმ პრობლემის საპასუხოდ. უკვე კონკურსის მიმდინარეობისას, უმნიშვნელოვანესია დროის სწორად მართვა და საკუთარი თავებისთვის დედლაინების დაწესება, რა დროს უნდა შეწყვიტოთ იდეებზე ფიქრი და გადახვიდეთ უშუალოდ აღსრულებაზე. ჟიურის წინაშე წარდგენისას, პირველ რიგში, აუცილებელია საკუთარი თავებისა და პროდუქტის გჯეროდეთ, ორივე აქტიურად იყოთ ჩართულები წარდგენის და კითხვა-პასუხის პროცესში და რა თქმა უნდა, აქაც დროში ჩაეტიოთ, რისთვისაც ჩვენ წინასწარ ვამზადებდით ტექსტებს და წამზომით ვინიშნავდით დროს.
გიორგი ლეჟავა: ვურჩევდი, რომ ივარჯიშონ პრეზენტაციის სქილებზე, რაც ნამდვილად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია იმისთვის, რომ ჟიურიმდე შენი კრეატიული მიგნება სწორად მიიტანო. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია, ბრიფში მოტანილი მოცემულობით ძალიან არ შეიზღუდონ ხოლმე თავი, რადგან გამოცდილება გვაჩვენებს, რომ საბოლოოდ ხშირ შემთხვევაში უფრო თამამი იდეები ხიბლავთ ჟიურის და არა ბრიფში მოცემულ რიცხვებზე ორიენტირებული და ჩაკეტილი იდეები.
სოფი ივანიშვილი: ბევრი იხალისონ და ცოტა ინერვიულონ, რადგან საბოლოო ჯამში კონკურსის შედეგების მიუხედავად, ის გამოცდილება და ნამუშევარი გინდა დაგრჩეს, რომელიც გეყვარება და ბედნიერად გაგახსენდება.
გიორგი მაღრაძე, ნინი ბუკია: პირველ რიგში იმას, რომ მომზადებას საკმარისი დრო და რესურსი დაუთმონ. მომზადებაში კი დასვენებასაც ვგულისხმობთ და ფრენის შემდგომ 24-საათიან წნეხს რაც უფრო დასვენებულები შეხვდებით, მით უკეთესი.
კარგი იქნება, თუ დაბრიფვა მალევე გაქვთ და კონცენტრირდებით მხოლოდ კონკურსზე, გამოცდილების დარჩენილ ნაწილზე კი მოგვიანებით გადაინაცვლებთ.
და ბოლოს ის, რაც ისედაც ბევრჯერ გაგიგიათ: safe იდეებს გაცდით და მეტად თამამად იფიქრეთ. ამ სითამამეში კი არ დაგეკარგოთ სიმარტივე. იქაურ ბაზარზე სიმარტივე ფასობს, რამდენადაც “basic”-ად უნდა მოგეჩვენოთ თქვენი მარტივი იდეა თუ ეს რჩევაც.
ავტორი: თამარ მეფარიშვილი