19 აპრილს ცნობილი გახდა კანის კრეატიული ფესტივალის ახალგაზრდული შესარჩევი კონკურსის შედეგები. გამოვლინდა 15 გამარჯვებული გუნდი 5 კატეგორიაში: PRINT, CYBER, YOUNG MARKETERS, DESIGN, FILM. ოქროს მედლის მფლობელი გუნდები, ივნისის თვეში, საფრანგეთის ქალაქ კანში, Cannes Lions 2017-ზე იასპარეზებენ საქართველოს სახელით. მათ შორის იქნებიან CYBER კატეგორიის გამარჯვებულები, საკომუნიკაციო სააგენტო Leavingstone-დან: პავლე გაბრიჭიძე და ანუკი კონიაშვილი.
M: როგორ მოხვდით კონკურსზე ერთად?
ანუკი: მონაწილეობა თავიდანვე მინდოდა, როდესაც ლივინგსტონმა შიდა შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა. მეწყვილედ სიამოვნებით ვიგულე პავლიკა და ძალიან დიდი ხვეწნის შემდეგ, დავითანხმე მონაწილეობაზე. კატეგორიას დიდად მნიშვნელობა არ ჰქონდა, სიამოვნებით მივიღებდი ნებისმიერში მონაწილეობას. რადგან დიზაინი ნებისმიერ კატეგორიას სჭირდებოდა, ბევრი არ გვიფიქრია და ის ავირჩიეთ, რაც პავლეს საქმიანობასთან უფრო ახლოს იყო.
M: როგორი იყო თქვენი ნამუშევრის კონცეფცია?
პავლე: ბრიფის მიზანი იყო ადამიანებისთვის შეგვეხსენებინა, რამდენად მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის პერიოდულად შემოწმება. ჩვენი აზრით, ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ ადამიანებმა არ იციან, რამდენი დაავადება შეიძლება უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს და ჰგონიათ, რომ თუ ფიზიკურად არაფერს გრძნობენ და არაფერი ეტყობათ, ჯანმრთელები არიან. ამ სტერეოტიპის დასამსხვრევად შევქმენით დაავადებების ანგარიშები სოციალურ ქსელებში, შემდეგ კი ეს დაავადებები ვიზუალურად სრულად ჯანმრთელ ადამიანებზე დავთაგეთ. ერთი შეხედვით სურათს არაფერი უჩვეულო არ ეტყობა, მაგრამ თუ მას დააჭერ – რისკენაც მოგიწოდებს მესიჯი “Tap to reveal”, ყველა დათაგული დაავადება გამოჩნდება. ამგვარად გვინდოდა შეგვექმნა ეფექტური, მაგრამ არა დამთრგუნველი კამპანია.
M: მოგვიყევი სამუშაო პროცესზე, რა დრო დაგჭირდათ იდეის ჩამოყალიბებაზე, უშუალოდ შესრულების დროზე და ა.შ.
პავლე: სამუშაოდ გამოყოფილი 24 საათი მთლიანად გამოვიყენეთ. უნდა ვაღიაროთ, საკმაოდ გაგვიჭირდა იმ გარემოში მუშაობა, თუმცა, ამას ჩვენს გამოუცდელობას ვაბრალებთ – ძალიან დიდი დრო დაგვეხარჯა თავისუფალი სივრცის პოვნაში, სადაც შევძლებდით ლაპარაკსა და იდეების განხილვას. დროის დაახლოებით ნახევარი დავახარჯეთ იდეის შერჩევას, მეორე – შესრულებას.
M: საერთო ჯამში, როგორ შეაფასებთ ბრიფს? რამდენად მოსახერხებელი იყო სამუშაოდ?
პავლე: ბრიფი, უდავოდ, კარგი იყო; რაც დიდწილად, ალბათ, იმის დამსახურებაა, რომ იგი რეალური საკითხის გადაჭრას გულისხმობდა; როცა ნამდვილ პრობლემაზე მუშაობ, ინსაითის მოძიება, კამპანიის ფორმისა და განხორციელების წარმოდგენა უფრო მარტივია. ამის გარდა, ბრიფი სტრუქტურულადაც იყო გამართული, რაც ძალიან დიდი და იშვიათი ბედნიერებაა.
M: მოულოდნელი იყო გამარჯვება?
პავლე: კი. ვიცოდით, რომ ცუდი იდეა არ გვქონდა, თუმცა, როცა არც ბრინჯაოზე და არც ვერცხლზე არ გამოგვაცხადეს, ჩავთვალეთ, რომ საპრიზო ადგილის გარეშე დავრჩით. ძალიან მოულოდნელი იყო ბოლოს ეკრანზე ჩვენი ნამუშევრის ნახვა და ძალიან სასიამოვნოც.
M: როგორ აპირებთ კანის დიდი კონკურსისთვის მომზადებას?
ანუკი: ძალიან დიდი პასუხისმგებლობითა და შემართებით ვუდგებით დიდი კონკურისთვის მომზადებას, რადგან ახლა არამარტო ლივინგსტონის, არამედ საქართველოს სახელით მოგვიწევს კონკურსში ასპარეზობა. განვიხილავთ და გავაანალიზებთ წინა წლების ბრიფებსა და შერულებულ ნამუშევრებს, დავამუშავებთ სხვადასხვა ბრიფებს და ვეცდებით მაქსიმუმს მივაღწიოთ კანის დიდ კონკურსზე. აქვე წარმატებებს ვუსურვებ სხვა ქართველ მონაწილეებსაც!