24
Apr
2017

Young Marketers-ის კატეგორიაში გამარჯვებული წელსაც საქართველოს ბანკია – Young Lions Georgia 2017

24 Apr 2017

Young Marketers-ის კატეგორიაში, პირველი ადგილისა და შესაბამისად, ოქროს მედლების მფლობელები წელსაც საქართველოს ბანკის წარმომადგენლები – ანა მარკოზაშვილი და ნინო უნგიაძე გახდნენ – 19 აპრილს გამართულ ახალგაზრდული შესარჩევი კონკურსის – Young Lions Georgia 2017-ის დაჯილდოების ცერემონიაზე, შედეგად, კი ივნისში, „კანის კრეატიულ ფესტივალზე“, საქართველოს სახელით გაემგზავრებიან და მსოფლიო პირველობისთვის იბრძოლებენ, უკვე მეორედ. შეგახსენებთ, რომ ანა მარკოზაშვილი და ნინო უნგიაძე სარეკლამო სფეროს ყველაზე დიდი მოვლენის – კრეატივის საერთაშორისო ფესტივალის “Cannes Lions 2016-ის“ გამარჯვებულები გახდნენ, ამავე კატეგორიაში, გასულ წელს. “Cannes Lions 2017-ის“ახალგაზრდული შესარჩევი კონკურსი თბილისში, I აპრილს დაიწო და 5 კატეგორიაში – PRINT, CYBER, YOUNG MARKETERS, DESIGN, FILM – ჩატარდა. მარკეტერი ესაუბრა გამარჯვებულებს:

ანა მარკოზაშვილი, ნინო უნგიაძე

M: წინა წელს, გამარჯვებიდან, რა შეიცვალა თქვენს პროფესიულ საქმიანობაში და რატომ გადაწყვიტეთ, რომ წელსაც მიგეღოთ მონაწილეობა „კანის კრეატიული ფესტივალის“ შესარჩევ კონკურსზე?
ნინო: ჩვენს გადაწყვეტილებაზე ყველაზე დიდი გავლენა იქონია იმან, რომ ჩვენ ისევ ერთად ვიმუშავებდით ძალიან საინტერესო პროექტზე და მივიღებდით შეფასებას, რაც თავის მხრივ დიდი გამოცდილებაა.

ანა: Friend Request-ების რაოდენობამ იმატა. პროფესიის ფრონტზე: ცოტა უფრო თავდაჯერებული გავხდი, მეტად გამოვხატავ ჩემს აზრს, ცოტა უფრო ამბიციურ მიზნებს ვისახავ და უფრო გაბედულად ვიღებ გადაწყვეტილებებს.

M: ბრიფს როგორ შეაფასებდით, როგორი იყო სამუშაოდ?
ანა: ბრიფი მოგვეწონა – კარგად იყო ჩაშლილი ჰაერის დაბინძურების სხვადასხვა კომპონენტი. თითოეული დეტალურად გავარჩიეთ და მივაგენით საერთო მახასიათებლებს.

ნინო: ვინაიდან დასახული პრობლემა ძალიან რელევანტურია, ჩვენც უფრო აღტკინებით შევუდექით გამოსავლის ძებნას. შარშანდელთან შედარებით, სერიოზული მიზანი გვქონდა და შესაბამისად, უფრო დრამატული ელფერი ედო სამუშაო პროცესს.  ბრიფი სამუშაოდ აღმოჩნდა კანფეტი. ვიწრო მიმართულება იყო და შესაბამისად, გამომწვევ ფაქტორებსა და სთეიქჰოლდერებზე ბრეინშტორმინგი საკმარისად სიღრმისეულად მოვახერხეთ. 
Young Marketers-ის კატეგორიის დავალების მიხედვით, მონაწილე ბრენდების წარმომადგენლებს, 12 საათის განმავლობაში, უნდა გამოეგონებინათ ახალი პროდუქტი ან მომსახურება, რომელიც თავისი არსით, მიმართული იქნებოდა თბილისში ჰაერის დაბინძურების პრობლემის მოგვარებისკენ. განსხვავებით სხვა კატეგორიებისგან, ახალგაზრდა მარკეტერებში შეჯიბრი ორ ეტაპად მიმდინარეობდა, მეორე ეტაპზე გადასული ათეულიდან, ჟიურის 10 წევრის წინაშე წარდგენილი პრეზენტაციის მიხედვით, გამოვლინდა გამარჯვებული.

M: მუშაობის პროცესზე მოგვიყევით, რა დრო დაგჭირდათ იდეის მოსაფიქრებლად, გეყოთ, თუ არა დრო?
ნინო: ყველაზე ძალიან რაც არ გვეყო, იყო დრო. 23:57-ზე გადავაგზავნეთ ნამუშევრები ისე, რომ ბრიფი თავიდან ბოლომდე ერთხელაც ვერ წავიკითხეთ. იდეის მოფიქრების, ასე ვთქვათ, ჩვენეული მეთოდი გვაქვს, რაც იმას გულისხმობს, რომ ვბრეინშტორმინგობთ უსაზღვრო სიღრმეებამდე, სანამ სხვადასხვა ინსაიტი არ დაილინკება და არ წარმოიშვება ისეთი „სოლუშენი“, რომელიც პასუხობს ბაზრის, კომპანიისა და პრობლემის საერთო ინსაიტს. დაახლოებით, 7 საათზე გამოიკვეთა უკვე პროდუქტის მონახაზი. მაშინ დავიწყეთ, პარალელურად, ბრიფის წერა, პრეზენტაციის აწყობა და ფორმატირება და ა.შ. საკმაოდ რთული პროდუქტი გამოვაცხვეთ და სამწუხაროდ, დრო არ გვეყო, რომ მარტივად შეგვეფუთა. მგონი, ქულებზე იქონია ამან გავლენა.

M: თქვენს ნამუშევარზე მოგვიყევით, რა კონცეფცია აქვს და როგორ გადაჭერით დავალებაში მოცემული პრობლემა?
ნინო: ჩვენ ყველა განსხვავებულები ვართ და ყველას ჩვენი საჭიროებები გაგვაჩნია. თუმცა, ასეთი დიდი პრობლემის წინაშე საჭიროა, გავერთიანდეთ და საერთო მიზნისთვის ვიბრძოდეთ. ამიტომ, შევქმენით პლატფორმა, რომელიც აერთიანებს რამდენიმე პროდუქტს. ამ პლატფორმით ვცდილობთ: გავზარდოთ ეკოლოგიურად მეგობრული მანქანების რიცხვი, გავხადოთ პირადი ქონება საზიარო, მივაწვდინოთ ხმა ადამიანებს, როგორ შეუძლიათ, იყვნენ ეკომეგობრულები, ვასწავლოთ უცხო ადამიანების ნდობა და შესაბამისად, ბანკის ნდობაც (იხ. სრული პრეზენტაცია, ბრიფი).

ფოტო პრეზენტაციიდან

M: პასუხისმგებლობაც, ალბათ, კიდევ უფრო მეტი გქონდათ, რადგან იმავეს მოელოდნენ თქვენგან წელსაც, თავად თუ იყავით კმაყოფილი თქვენი ნამუშევრით და ელოდით კვლავ გამარჯვებას?
ნინო: კი, პასუხისმგებლობა ნამდვილად დიდი იყო. ბევრი ვიყოყმანეთ ამის გამოც, მიგვეღო, თუ არა მონაწილეობა. მაგრამ საბოლოოდ, მივედით იმ დასკვნამდე, რომ ჩვენ ჩვენი უკვე დავამტკიცეთ და შედეგს მნიშვნელობა არ ექნებოდა.

ანა: ზოგადად, სხვის მოლოდინზე ვცდილობთ, არ ავეწყოთ. ჩვენი მუშაობის ყველაზე მთავარი ნაწილია ის, რომ თანაბრად გვაწუხებს პასუხისმგებლობის გრძნობა საკუთარი თავებისა და დავალების მიმართ. თუ სამუშაოს ბოლოს ვიცით, რომ ყველაფერი გავაკეთეთ, რაც მოცემულ პირობებში შეგვეძლო – ეს საკმარისია. გამარჯვებაზე არ ვფიქრობდი – შარშან ყველაზე ღირებული იყო უკვე დაწერილი ნამუშევრის გარჩევა, გადაკეთება, დამუშავება. წელსაც, იმისთვის მივიღეთ მონაწილეობა, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში, თავი კიდევ ერთხელ გამოგვეცადა.

M: შარშან, როგორც გვახსოვს, კარგად არ იცნობდით ხომ ერთმანეთს, როგორი გუნდი ხართ, როგორც პარტნიორებს, რა უპირატესობა გაქვთ საერთო საქმის კეთების პროცესში?
ნინო: შარშან ძალიან უცხოები ვიყავით. გაცნობის პროცესი ძალიან სასიამოვნო იყო და დღემდე არ დასრულებულა. თუმცა თამამად ვიტყვი, რომ ერთმანეთს უკვე ძალიან კარგად ვიცნობთ, შეგვიძლია, ერთმანეთის აზრი დავასრულოთ, ვიცით, ერთმანეთი როგორ ვამოტივიროთ, რა ჭრის და რა – არა, ვგრძნობთ, როცა მეორეს რაღაც უჭირს, ისიც ვიცით, იმ მომენტში როგორ მოვიქცეთ. საერთო საქმის კეთების პროცესში, უდიდესი უპირატესობა გვაქვს, ვინაიდან ეს გუნდურობა თავიდანვე ძალიან ბუნებრივად ჩამოყალიბდა. გვაქვს ერთნაირი პასუხისმგებლობის გრძნობის დოზა, გვამოტივირებს ერთნაირი მიზნები, გვაქვს საერთო ფასეულობები და გვეცინება ერთმანეთის ხუმრობებზე (ეს ბოლო ძალიან მნიშვნელოვანია). იმაზე, რაზეც სხვებს მუშაობა უწევთ, ჩვენ ბუნებრივად გამოგვდის და შესაბამისად, ენერგიასა და დროს საქმის კეთებაზე ვხარჯავთ და არ გვიწევს ურთიერთობის დალაგება და ა.შ.

მარკო, ნინუნა

ანა: ერთნაირად „წიკიანები“ ვართ. იქამდე შეგვიძლია, ინსაიტები ვამუშაოთ, სანამ ორივე ზუსტად ერთდროულად არ მივხვდებით, რომ ძლივს მივაგენით გამოსავალს. ძალიან, ძალიან გამიმართლა, რომ ნინუნას ტვინი ჩემნაირადაა მომართული და გუნდურობაში მინიმალური ენერგია გვეხარჯება. კანში ყოფნის დროს, განსაკუთრებით იგრძნობოდა ეს – იდეა ძალიან გვიან მოგვივიდა – თითქმის 12 საათი დაგვჭირდა. ბევრი კარგი იდეა გადავდეთ გვერდით იმიტომ, რომ ორივე ბოლომდე კმაყოფილები არ ვიყავით. არ მგონია, ნინუნას გარდა ვინმე 12-საათიან ბრეინშტორმინგზე დათანხმებულიყო.

M: „კანის ფესტივალისთვის“ რა მოსამზადებელი ეტაპები უნდა გაიაროთ?
ანა: ზოგადად, ყოველი ეტაპის წინ ვემზადებით. ვაპირებთ საკუთარი ბრიფის გადაწერას – არ ვართ დიდად კმაყოფილები, წელს დრო არ გვეყო – იქამდე მივიყვანთ, რომ მოგვეწონოს. ალბათ, კანის ფორმატზე (1 გვერდი ორის ნაცვლად) გადაწერასაც ვცდით. წლევანდელი ათეულის დეტალურად გარჩევაც საინტერესო იქნება – ძალიან კარგი ნამუშევრებია.

ნინო: მოსამზადებელი ეტაპები გვაქვს შემდეგი: ჯერ ვაიდეალურებთ არსებულ ნამუშევარს, მერე ქვეყნის მასშტაბით ვაკეთებთ ჩვენებურ კვლევებს, რა ინფორმაცია შეიძლება, გამოგვადგეს, მერე ვიხსენებთ იმ ორიოდე სიტყვას რაც ფრანგულად ვიცით და ბოლოს თვალდახუჭულ რეჟიმში ვსწავლობთ დროშის გაშლას.

M: წელს რა გამოცდილება მიიღეთ კონკურსისგან?
ნინო: ყოველი გამოწვევა გამოცდილებაა. წელს ამ კონკურსის გამოწვევები ცოტა უფრო მრავალფეროვანი იყო, ვიდრე შარშან. წელს შევისისხლხორცეთ, რომ ერთადერთი ადამიანი, ვისაც რამე უნდა დაუმტკიცო არის შენი თავი და სხვა ყველაფერი არის მეორეხარისხოვანი.M: რას ურჩევდით მომავალში იმ ადამიანებს, ვინც ამ ფესტივალში მიიღებენ მონაწილეობას, როგორ უნდა გაიმარჯვონ?
ანაამას ხშირად ვამბობ ხოლმე და ბეჯითი სკოლის მოსწავლისავით გამომდის, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს „მეცადინეობას“ – ძველი ნამუშევრების გარჩევას, საკუთარის დახვეწას, კომპანიისა და ინდუსტრიის შესწავლასა და იქამდე მუშაობას, სანამ ორივე გუნდის წევრი ასი და ათასი პროცენტით დარწმუნებული არ იქნება, რომ სწორ გამოსავალს მიაგნო.

ნინო: პირველ რიგში ვურჩევდი იმას, რომ საერთოდ დაბლოკონ გარე სამყარო და დაკონცენტრირდნენ გუნდის წევრებზე. ბევრი იმუშავეთ ერთად და გამოიმუშავეთ მეწყვილის სრული ნდობა. იმუშავეთ ბევრი იმაზე, რომ აღმოაჩინოთ ისეთი tool-ები რაც თქვენთვის ეფექტურია ბრეინშტორმინგისთვის, პრეზენტაციისთვის და ა.შ.

ანა: და არ ჩაიციკლოთ გამარჯვებაზე, რეიტინგზე, ათეულზე, სამეულზე, მედლებზე. არასდროს ამაზე არ ვფიქრობთ. უბრალოდ, საქმეს მივყვებით ეტაპებად და ვცდილობთ, გავაკეთოთ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი. თუ გამოვა, ჰო კაი, თუ არადა იმის გამო არ გამოვა, რომ ვინმე სხვას, ობიექტურად, უკეთესი იდეა მოუვიდა და ამაზე ვერაფერს იზამ. წელსაც კანში ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვეძლება. დანარჩენს ვნახავთ, რა იქნება.

 

ავტორი: ლუკა ეჯიბია

განხილვა