15
მაი
2018

Young Marketers-ის კატეგორიის ფინალისტები ჟიურის წინაშე! [მობილური რეპორტაჟი]

15 მაი 2018

14 მაისს, კანის ახალგაზრდული ფესტივალის შესარჩევ კონკურსში, კატეგორია YOUNG MARKETERS-ის 10 რჩეული გუნდი გამოვლინდა, რაც ნიშნავდა იმას, რომ 20 ახალგაზრდა მარკეტერს, 5 წუთში, უნდა მოეხერხებინა ჟიურის წინაშე საკუთარი ნამუშევრის საუკეთესოდ წარდგენა, ინგლისურ ენაზე. საუკეთესოდ იმიტომ, რომ პრეზენტაცია დამატებითი ქულების მიღების შესაძლებლობას იძლეოდა.

სწორედ ამიტომ, რედისონის ფოიეში, ახალგაზრდა მარკეტერების რაოდენობის ზრდასთან ერთად, დაძაბულობაც იმატებდა და მღელვარების პიკიც, ლეგიტიმურად, პირველ გამომსვლელებს ხვდათ წილად, რომლებმაც გამბედავად შეაღეს ჟიურის ოთახის კარი, მიუხედავად იმისა, რომ შიგნით შეზღუდული დრო, 9 წყვილი თვალი და მათთვის უცნობი შეკითხვები ელოდათ.

დავალების მიხედვით, ახალგაზრდა მარკეტერებს უნდა ეპოვნათ სინერგია თავიანთ ბრენდსა და მათთვის მიცემულ თემას შორის. უნდა გამოეგონებინათ ახალი პროდუქტი/სერვისი. წელს, ბრიფი ითვალისწინებდა თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების სტრატეგიისა და კრეატიული გადაწყვეტის შემუშავებას. 10-ივე გუნდი სწორედ იმის დამტკიცებას ცდილობდა ჟიურის წევრებსა და კანის ოფიციალურ წარმომადგენლებთან, რომ პრობლემის გადაწყვეტის მათ მიერ არჩეული გზა ყველაზე ორიგინალური, ეფექტური და დამაჯერებელი იყო.

„თუ შენ არ გაქვს მაგარი პროდუქტი ან სერვისი, შენი ბრიფი და სავარაუდოდ, შენი კრეატიული გადაწყვეტა, ვერ იქნება დიდებული!“ – ჟიურის პრეზიდენტი, უნგრელი იშტვან ბრაჩოკი, თავადვეა არაერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი კრეატიული ფესტივალის გამარჯვებული და მის წინაშე წარდგომა კიდევ უფრო ზრდიდა ახალგაზრდა მარკეტერების პასუხისმგებლობას.

ქვეყანაში განვითარებული მოვლენებისა და ღამის ეკონომიკასთან დაკავშირებული ბრიფის გამო, ამ თემატიკაზე მუშაობა გაუჭირდა ერთ-ერთი მონაწილის, მზიკო ლაპიაშვილის გუნდს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ ჰქონდათ 10-ეულში გასვლის მოლოდინი, მაინც მოუწიათ ჟიურის წინაშე საკუთარი პროდუქტის წარდგენა, რომელიც იმ პრობლემას ეხებოდა, რაც რეალურად, წამოიჭრა თბილისში.

ამასობაში, მოსაღამოვდა და მფრინავი რობოტიც შემოუერთდა საზოგადოებას, საკუთარი რიგი დაიკავა ჟიურის წინაშე გამოსასვლელად და მოსალოდნელი ყურადღებაც დაიმსახურა შემოქმედებითი საზოგადოებისგან.

პრეზენტაციები ჩამთავრდა და ოთახი საკუთარი თავით კმაყოფილმა, თუ მღელვარების შედეგად, უკმაყოფილო მარკეტერებმა დატოვეს. თუმცა, მიუხედავად საკუთარი თვითშეფასებისა, ჯერჯერობით, ყველაფერი წინაა და სხვა არაფერი შეგვიძლია, გარდა იმისა, რომ 18 მაისამდე, ჟიურის ვერდიქტის გამოტანას დაველოდოთ, ანუ დროს, როცა YOUNG LIONS 2018-ის ახალგაზრდა მარკეტერების 3 საუკეთესო გუნდი გამოვლინდება, შემდეგ კი, ოქროს ლომის მფლობელი 1 გუნდი ივნისში, კანში, საქართველოს სახელით იასპარეზებს.

განხილვა