30
Jun
2016

გაიცანით ახალგაზრდა მარკეტერები, რომლებმაც Young Lions-ის კონკურსში გაიმარჯვეს

30 Jun 2016

Young Lions-ის კონკურში, ახალგაზრდა მარკეტერების კატეგორიაში საქართველომ ამ წელს პირველად მოიპოვა ოქროს ლომი. “საქართველოს ბანკის” თანამშრომლებმა, ნინო უნგიაძემ და ანა მარკოზაშვილმა ადგილობრივი შესარჩევი კონკურსი წარმატებით გაიარეს და კანში საქართველოს სახელით წარსდგნენ. მათ მისცეს ბრიფი, – დავალება, რომელის შესასრულებლადაც განსაზღვრული დრო იყო გამოყოფილი. გოგონებმა წარმატებით გაართვეს თავი დავალებას და შეძლეს, მოკლე დროში ეფექტიანად წარედგინათ პრეზენტაცია. გაიცანით ახალგაზრდა მარკეტერები, რომლებმაც კანის სცენაზე საქართველოს სახელი გააჟღერეს, გაიგეთ, რა გზა გაიარეს გამარჯვებამდე და რა შეგრძნებებით დატვირთულები დაბრუნდნენ საქართველოში. 

ანა და ნინო

M: მოგვიყევით თქვენს შესახებ. რა პროფესიის ხართ და რას საქმიანობთ?

ნინო: დავამთავრე მენეჯმენტის ფაკულტეტი CSB-ში. 3 წელია,საქართველოს ბანკში” ვმუშაობ ბრენდის მართვის დეპარტამენტში. რომ მეკითხებიან რას საქმიანობო, მოკლედ ასე ვპასუხობ: -”ვისაც რაიმე იდეა მოსდის ჩვენს დეპარტამენტში, მე ვხდი ხელშესახებს.”

ანა: დავამთავრე თავისუფალი უნივერსიტეტი მენეჯმენტის მიმართულებით. ერთი წელია, რაც საქართველოს ბანკში ვმუშაობ: ვიყავი სოციალურ მედიის მენეჯერი, ახლა Search მარკეტინგისა და ვებ ანალიტიკის მენეჯერი ვარ.

M: მოგვიყევით რა გზა გაიარეთ  “ახალგაზრდა ლომების” კონკურსში გამარჯვებამდე და როგორი გამოცდილება იყო ეს თქვენთვის?

ნინო: თავდაპირველად, საქართველოში ჩატარებული კონკურსი გავიარეთ და შედეგად,  კანის ფესტივალზე, ახალგაზრდა ლომების კონკურსში საქართველოს სახელით მონაწილეობის მიღების უფლება მოვიპოვეთ. ჩვენთვის საქართველოში გამარჯვებაც წარმოუდგენელი იყო, რადგან პირველად დავწერეთ ბრიფი. შემდეგი ეტაპი კანის კონკურსისთვის მომზადება იყო. ძალიან დაგვეხმარა რეზო ჩარკვიანი, რომელიც თბილისში ჩატარებული ახალგაზრდა მარკეტერის კონკურსის ჟიურის პრეზიდენტი იყო. მან მიგვითითა ჩვენი დაწერილი ბრიფის ძლიერ და სუსტ მხარეებზე და გვითხრა, რისი დახვეწა იყო საჭირო.

ანა: საერთოდ არ ვაპირებდი თავიდან მონაწილეობის მიღებას, რადგან რთულია გამონახო დრო და ენერგია კონკურსისთვის კარგად მოსამზადებლად. როგორც რეზომ რამდენჯერმე მიგვითითა: #სიზარმაცესირცხვილია და ამიტომ, დავთანხმდი ინიციატივას, რომელიც რამდენიმე თვეში, კანის სცენაზე მიღებული ოქროს მედლით დასრულდა.

ვფიქრობ, კანის ფესტივალი არის ადგილი, რომელიც ინდუსტრიის მასშტაბს განახებს. როდესაც ხედავ ერთ ადგილას თავმოყრილ ამდენ საინტერესო ადამიანს, რომლებიც საერთოდ სხვა სივრცეში და პირობებში მუშაობენსაერთოდ სხვა მასშტაბის და სირთულის პროექტებს ეჭიდებიან, ხვდები, ძალიან დიდი მიღწევაა, რომ ჩვენი სააგენტოები ყოველ წელს ხვდებიან “შორთლისტებში” და უკვე მეორე წელია, ლომებს იგებენ. მაქსიმალურად ვეცადე დავსწრებოდი ყველა ლექციას, რომელიც მაინტერესებდა,ჩემი საყვარელი ანიმატორიდან დაწყებული, Blizzard-ის და Playstation-ის ლექციებით დამთავრებული. აქ იღებ ისეთ ემოციურ მუხტს, რომელიც  შენს საქმიანობაშიც აუცილებლად გამოგყვება. ჩემი აზრით, ღირს კანზე დასასწრებად თანხის შეგროვებაც, თანამშრომლებიც დაფინანსებაც და ცხოვრების 1 კვირის ამისთვის დათმობაც, მითუმეტეს, თუ კრეატივის სფეროში ხართ.

ungiadze markozashvili lions

M: რა ბრიფი იყო მოცემული?

ნინო: ბრიფი მოვიდა ძალიან სერიოზული. დამკვეთი გაერო იყო, ძალიან დიდი და ფართო მოთხოვნით: უნდა მოგვეფიქრებინა ახალი პროდუქტი, ან კამპანია, რომელიც, საქართველოს სახელით, 2030 წლის პარიზის შეთანხმებაში წვლილს შეიტანდა. საუბარია კლიმატის ცვლილებაზე და მის ხელშემწყობ ფაქტორებზე რაიმე სახით ზეგავლენის მოხდენაზე. ცოტა რთული დავალება იყო, როგორც ბანკისთვის, ისე საქართველოსთვის. ჩვენთან გლობალური დათბობა მტკივნეული თემა არაა და უნდა მოგვეფიქრებინა რაიმე გზა, რაც მას მტკივნეულს გახდიდა.

ანა: გაეროსთვის საინტერესო იყო 18-დან 35 წლამდე სეგმენტი, რომლების ჩვევების შეცვლა ჯერ კიდევ შესაძლებელია. ჩვენთვის გამოწვევა იყო დამატებით ისიც, რომ ჟიურის ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის შესახებ ინფორმაცია არ ექნებოდა. ამის და ჩვენი იდეის ასახსნელად გვქონდა 1 გვერდი, 10 სლაიდი და 5 წუთი.

young marketers winners

M: რა პროექტი წარადგინეთ?

ნინო: ძალიან დიდხანს ვფიქრობდით იდეაზე. უკვე დანებებასაც ვაპირებდით და მარტივი გზით წასვლას კამპანიის მოფიქრებას. ძალიან ვნერვიულობდით, ამდენი ხალხი გვგულშემატკივრობდა და ჩვენ კი, მოფიქრებული იდეები არ გვაკმაყოფილებდა. ბოლო მომენტში ანას დამაიმედებელი სიტყვები აღმოხდა: – “წარმოიდგინე, საქართველოს რომ დეპოზიტი გავუხსნათ”-ო.

ანა: მთავარი, რაზეც ჩვენი მსჯელობა და პროდუქტი ავაგეთ იყო ის, რომ მართალია გლობალური პრობლემები არ გვაწუხებს, სამაგიეროდ, მიჯაჭვულობას ვგრძნობთ საქართველოზე და ტერიტორიების დაკარგვა ძალიან მტკივნეული თემაა ჩვენთვის. ხშირად, გლობალური პრობლემების მოგვარებას მთავრობას ვთხოვთ და ვერ ვაცნობიერებთ, რომ ზოგი ცვლილება და პასუხისმგებლობაც ჩვენს ხელშია. გლობალური დათბობა გამოიწვევს ზღვის დონის მატებას, რაც ჩვენთვის ნიშნავს, რომ მომავალში კიდევ მეტ ტერიტორიას დავკარგავთ,ოღონდ ახლა, პასუხისმგებლობა ყოველ ჩვენგანს დაეკისრება უმოქმედობისთვის.

ჩვენი პროდუქტი იყო დეპოზიტი „Save 4 Georgia”, (Save = გადარჩენა და გადანახვა), რომელსაც ბმული საქართველოსთვის შექმნილ დეპოზიტთან ჰქონდა. ყოველთვიურად დარიცხული პროცენტის ექვივალენტს ამ ანაბარზე ვრიცხავდით, ხოლო ნებისმიერ დეპოზიტარს  ხმის მიცემის საშუალება ეძლეოდა: ვქმნიდით ონლაინ პორტალს, სადაც ვკრებდით გარემოს დაცვის კუთხით ბიზნეს პროექტებს და ჩვენს მეანაბრეებს ვაძლევდით ძალაუფლებას, გადაეწყვიტათ, სად წავიდოდა თანხა. ამ გზით, გამჭვირვალეს ვხდიდით ყველა პროექტის განხორციელებას და მართლაც ვაძლევდით ახალგაზრდებს (ან ნებისმიერ დეპოზიტარს) საშუალებას, გავლენა მოეხდინათ გარემოზე.

კამპანიის მთავარ მესიჯად გვქონდა: „Don’t wait for a Savior. Be one!”. ჟიურიზე ძალიან იმოქმედა პროექტის გაშვების თარიღმა, რომელიც, ჩვენი გათვლით, 13 ივნისი უნდა ყოფილიყო. სწორედ ამ დღის შემდეგ იყო ყველაზე აქტიური ახალგაზრდა სეგმენტი. ყველას გვახსოვს, ერთი ტრაგედიის გარშემო გაერთიანებული, გარეთ გამოსული ათასობით ადამიანი: ზოგი  ნიჩბით ხელში, ზოგი საკვებითა და წყლით. გვინდოდა, ამ დღეს შეგვეხსენებინა, თუ რა ძალა აქვს ერთი მიზნისთვის გაერთიანებულ ახალგაზრდობას და რომ ამჯერად, უკვე განკარგავდნენ თანხებს და გააკონტროლებდნენ მომავალში განსახორციელებელ ბიზნეს პროექტებს.

ის, რომ ჟიურის ჩვენთვის მნიშვნელოვან და მტკივნეულ თემებზე ველაპარაკებოდით, პრეზენტაციის მოყოლა გაამარტივა. ჩვენც ის სამიზნე სეგმენტი ვართ, ჩვენც გვახსოვს ომიც და 13 ივნისიც და გვჯერა, რომ ახალგაზრდება მართლაც უნდა დავიწყოთ მომავალზე პასუხისმგებლობის აღება. ემოციური პრეზენტაცია გამოგვივიდა და როგორც ჩანს, იმოქმედა.

young marketers

M: რამდენად მოულოდნელი იყო თქვენთვის გამარჯვება და როგორი შთაბეჭდილებებით დაბრუნდით?

ნინო: ეს იმდენად წარმოუდგენელი იყო, რომ დღემდე არ მჯერა. არ მჯერა, რომ გავიმარჯვეთ მსოფლიოს წამყვანი და გლობალური კომპანიების მარკეტერებს შორის, რომლებმაც გამარჯვება ჯერ თავიანთ ქვეყანაში მოიპოვეს. არ მჯერა რომ 10 წუთში შევძელით და შთავაგონეთ ჟიური და როგორღაც მოვახერხეთ, ჩვენი სატკივარი მათთვისაც გაგვეზიარებინა. არ მჯერა, რომ კანის ფესტივალის გენერალურმა დირექტორმა სცენაზე აგვიწვია და ორივეს ხელი ჩამოგვართვა. ყველაზე ძალიან იმის არ მჯერა რომ მსოფლიოში ყველაზე წამყვანი სააგენტოების წარმომადგენლები, პრესის წარმომადგენლები და მსოფლიო ვარსკვლავები იმ უზარმაზარ დარბაზში  ისხდნენ და მე და ანას ტაშს გვიკრავდნენ.

ანა: მე საერთოდ არ გამიაზრებია ჯერ. ძალიან უცნაურია, ორი თვით ადრე გეგმაშიც არ გქონდეს რაიმე კონკურსში მონაწილეობის მიღება. უცნაურია, მარტო მისალმებით იცნობდე ნინოს და შემდეგ, უცებ, ერთად იდგეთ სცენაზე და დარბაზიდან ქართველების ოვაციები გესმოდეთ. ყველა ღამის თენებად ღირდა ეს გამოცდილება, თუნდაც იმიტომ, რომ აღმოვაჩინეთ, ძალიან შეკრული გუნდი ვართ და ასეთ კონკურსში ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. გამარჯვების მოლოდინი არ გვქონდა არცერთს, უბრალოდ, ჩვენი მხრივ რაც შეგვეძლო, მაქსიმალურად დავიხარჯეთ და ყველაფერი გავაკეთეთ.

განხილვა