in

როცა ნახატი სათამაშოდ გადაიქცევა – სტარტაპი „შენი სათამაშოს ისტორია“

Startauperi
Startauperi

„შენი სათამაშოს ისტორია“ ბავშვების ნახატებს აცოცხლებს. პრინციპი მარტივია – დამკვეთისგან იღებენ ნახატის ფოტოს ან სკანირებულ ვერსიას და იდენტურ სათამაშოს კერავენ. სტარტაპი მეგობრებმა თამარ გვარაძემ, ნინო ებრალიძემ და ნათია ტატიშვილმა შექმნეს. პარალელურად, სხვადასხვა კომპანიაში გრაფიკული დიზაინის განხრით მუშაობენ.ამბობენ, რომ მათი მთავარი მიზანია, რაც შეიძლება ბევრი ბავშვი გაახარონ და დაანახონ, რომ შეუძლებელი არაფერია.

ნინო ებრალიძე: სამხატვრო აკადემიაში ვსწავლობდით ერთად. სულ გვინდოდა, რაიმე საინტერესო და სასარგებლო გაგვეკეთებინა. ბავშვებთან ყოველთვის ახლოს, თანაბარ პოზიციაზე ვიყავით, ჩვენც პატარა ბავშვებივით ვართ. ამ ზამთარს, არდადეგებზე, შვილები წავიყვანეთ ბაკურიანში. საღამოობით, ისინი ხატავდნენ, ჩვენ საქმეზე ვსაუბრობდით და იდეებს ვეძებდით. ერთხელაც, ძილის წინ მათ ნახატებს ვალაგებდით და ეს იდეაც დაიბადა – შეგვეკერა ბავშვების დახატული რამდენიმე პერსონაჟი და გვეჩუქებინა, თავიანთ ნახატებთან ერთად. ამ ექსპერიმენტმა იმხელა ემოცია, გაკვირვება, სიხარული, აღფრთოვანება, ბედნიერება გამოიწვია ჩვენს შვილებში, მივხვდით, რომ იდეაც სწორედ ეს იყო – გაგვეხარებინა არა მარტო ჩვენი შვილები, არამედ ყველა ბავშვი.

ნათია ტატიშილი, თაკო გვარაძე, ნინო ებრალიძე

M: ბაზარზე როგორ შეხვდნენ „შენი სათამაშოს ისტორიას“, ინტერესი არის?

თაკო გვარაძე: ბაზარზე 4 თვის წინ გამოვჩნდით. დაინტერესება დიდია, შეკვეთა სულ გვაქვს, მომხმარებელიც, ჩვენი პოსტერებიდან გამომდინარე, ზუსტად ხვდება, როგორი ნახატი უნდა გამოაგზავნოს და ძალიან გვიხარია.

M: როგორ იქმნება „შენი სათამაშოს ისტორია“?

ნათია ტატიშვილი: Facebook-ის მეშვეობით, გვიგზავნიან ნახატის „დასკანერებულ“ ან ხარისხიან ფოტოს. ჩვენ ერთი ერთში, შელამაზების გარეშე, გადმოგვაქვს ნაჭერზე, ვაკეთებთ თარგს და ვქმნით ფუმფულა სათამაშოს. დაახლოებით, ერთ კვირაში (ნახატის სირთულის გათვალისწინებით) სათამაშო მზად არის და თავად მიგვაქვს, რადგან ძალიან გვაინტერესებს ადრესატის რეაქცია, ემოცია.

M: რა არის თქვენი მთავარი მიზანი?

თ.გ.: ფსიქოლოგები თანხმდებიან, რომ ბავშვისა და მოზარდის განვითარებისთვის საუკეთესო გზა არის თვითრწმენის გამომუშავება. ფურცელზე დახატული პერსონაჟის ხელშესახებ ნივთად ქცევა ერთ-ერთი საუკეთესო გზაა პატარებში ენდორფინები გამოიყოს, თვითშეფასება ამაღლდეს და თამაში ჰარმონიულ პროცესად იქცეს. ჩვენი მიზანია, მეტი ბავშვის გახარება, იმის თქმა, რომ შეუძლებელი არაფერია და ყველა ნატვრა ხდება.

M: ცნობილია, რომ საქველმოქმედო ღონისძიებაში ჩართვასაც აპირებთ . . .  

ნ. ე. : ჩვენი მთავარი მიზანიც ხომ ეს იყო, რაც შეიძლება მეტი ბავშვის გახარება. უპირველესად კი იმ ბავშვებისა, ვისაც ყველაზე მეტად აკლია დადებითი ემოცია, სითბო, სიხარული და საკუთარი თავის რწმენა, ესენი არიან მზრუნველობა მოკლებული ბავშვები. იდეალური იქნებოდა, მათი ნამუშევრების გაცოცხლება და ამ ნახატებზე მათთან ერთად მუშაობა.

M: რა სირთულეებს აწყდებით, როგორც სტარტაპერები?

ნ.ტ. : ახლა, ამ ეტაპზე, მთლიანად ჩვენი რესურსებით ვმუშაობთ. დიდი მასშტაბებისთვის გვჭირდება გაფართოება, ხელსაწყოები, მკერავები, კურიერები, რომ ყველას გახარება მოვახერხოთ შეუფერხებლად, დათქმულ დროში.

M: თქვენი სათამაშოები რითია გამორჩეული? ბაზარზე სხვა კომპანიაც არის, რომელიც ბავშვების ნახატებს „აცოცხლებს“.

ნ.ე.: დაინტერესება საკმაოდ დიდია, შესაბამისად, მოთხოვნაც არის. ჩვენი პროდუქტი ყველასთვის ხელმისაწვდომია, ამიტომ კონკურენტი არ გვყავს.

M: ანუ, ერთ კონკრეტულ სეგმენტზე არ არის მორგებული?

ნ.ტ. : „შენი სათამაშოების ისტორია“ ყველა სეგმენტზეა გათვლილი, ყველასთვის ხელმისაწვდომია. სხვათა შორის, არა მარტო ბავშვების არამედ, დიდებისთვისაც შეგვიძლია შევქმნათ მათი ნახატის ისტორია.

M: თქვენი ბავშვობის დროინდელი ნახატების მიხედვით ხომ არ შეგიქმნიათ სათამაშო?

ნ.ე. : ჩვენი ბავშვობის არა. მაგრამ ერთ-ერთის შვილის ნახატი შევკერეთ და 10 წლის ბავშვმაც კი ვერ შეიკავა სიხარულის ცრემლები, როდესაც ბაღში დახატული ნახატი გაცოცხლებული დაინახა.

M: სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

თ. გ. : ჩვენი მიზანია საერთაშორისო ბაზარზე გასვლა. საქართველოს რეგიონები, მეტ ნაკლებად, უკვე მოვიცავით.

 

„ჭაჭის ფესტივალი“ თელავში

ემპათიურობა, როგორც საშიშროება სამსახურსა და სოციალურ ქსელებში