5
Nov
2019

მიუწვდომლისთვის – ანა ღვინიანიძე, #აზრები

5 Nov 2019

M2


ეს #აზრები მათ ეხება, ვინც სასოწარკვეთილი ეძებს პასუხებს იმაზე, რატომ შეიძლება, დღემდე ფიქრობდეს ადამიანზე, რომელიც მასში წინააღმდეგობრივ ემოციებს აღძრავს.

„უსამართლობაა, რომ დღემდე მასზე ვფიქრობ.“ თუ მეგობრების მესაიდუმლე ხართ, სავარაუდოდ, ერთხელ მაინც მოისმენდით ამ წინადადებას. თქვენ წინაშე უსამართლობის განცდას დამორჩილებული მეგობარია, რომელიც „მასზე“ ფიქრს თავს ვერ აღწევს.

მეგობარს გულმხურვალედ გულშემატკივრობთ, გინდათ, ისეთ ადამიანთან ურთიერთობდეს, ვისაც ის გულწრფელად აღელვებს და გულმხურვალედ ურჩევთ, „მასთან“ ურთიერთობა დაასრულოს. მისი „ნებისყოფით“ დაიმედებული ემშვიდობებით, ხოლო ძალიან ცოტა ხანში იგებთ, რომ ის ურთიერთობას „მასთან“ აგრძელებს. ვერ წარმოგიდგენიათ, როგორ შეიძლება, ადამიანზე ასე ბრაზობდე, მაგრამ ურთიერთობას მაინც ვერ ასრულებდე. კითხვაზე – „რა გინდა ამ ადამიანისგან?“ ბუნდოვან პასუხს იღებთ. არც იმას, რომ სწორედ „მასთან“ უნდოდა ხანგრძლივი და მყარი ურთიერთობა და არც იმას, რატომ შეიძლება, ვერ წყვეტდეს ურთიერთობას „მასთან.“ რა აკავშირებს კონკრეტულ ადამიანებს ერთმანეთთან?

ზოგჯერ, გვიჭირს იმის აღიარება, რომ ადამიანისგან სითბოს, გულისხმიერებას და ერთგულებას ველოდით და გაცილებით მარტივად ვაღიარებთ, რომ მასზე ვბრაზობთ. გაცილებით მარტივად ვაღიარებთ უსამართლობის განცდას, ვიდრე სურვილების არსებობას ვანდობთ ერთმანეთს.

რა გვიზიდავს სხვა ადამიანში? მხოლოდ ის, რომ განჭვრეტადია? სავარაუდოდ, არა, რადგან ადამიანებს შორის დამყარებული ურთიერთობების განსაზღვრული ნაწილი სრულიად არ შეესაბამება იმ რწმენას, რომ ადამიანის ძირითადი მოთხოვნილება მხოლოდ განჭვრეტადობაა. თუმცა, რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ სწორედ განუჭვრეტელობა იქცა ჩემს ერთადერთ განჭვრეტადობად?

ადამიანებს საკუთარ თავზე კარგი წარმოდგენის ჩამოყალიბებისა და შენარჩუნების ძლიერი მოთხოვნილება აქვთ − რა შემთხვევაში იტყოდა, რომ ის თავისი თავის საუკეთესო ვერსიას დაემსგავსა? როგორია თქვენი თავის იდეალური ვერსია? იქნებ, გწამთ, რომ თქვენი სურვილების სრულად დათმობაა იდეალური მე – ს  განუყოფელი ნაწილი? როგორი ადამიანები მოგწონთ? იქნებ, ისინი, ვინც საკუთარ მოთხოვნილებებს მუდმივად აუფასურებდა და მათ ნაცვლად მხოლოდ სხვების მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე ზრუნავდა? ასეთ ადამიანებს აძრწუნებთ იმის წარმოდგენაც კი, რომ მათაც აქვთ სურვილები. „სულ ერთია, როგორც შენ გინდა,“ „მე საერთოდ არ ვბრაზობ,“ „არა, რაზე უნდა ვიყო ნაწყენი. როგორ შეიძლება, განაწყენდე ასეთ ტიპზე?“ ის ფრაზებია, რომელთაც, სავარაუდოდ, ხშირად ისმენთ ხოლმე. მათ ზარავთ იმაზე ფიქრიც კი, რომ, შესაძლოა, სურვილების გაჟღერებას საყვარელი ადამიანის დაკარგვა მოჰყვეს. ამიტომ, ისეთი ურთიერთობებისკენ ილტვიან, სადაც თითქმის არ არსებობს სურვილების გაჟღერების და მათი დაკმაყოფილების შესაძლებლობა. და არა იმიტომ, რომ მათ მიერ არჩეული ადამიანი „ცუდი“ ან „კარგია,“ არამედ იმიტომ, რომ ის მიუწვდომელია. ასეთი ურთიერთობა კი მათი იდეალური მეს შესახებ წარმოდგენებს ავლენს და ინარჩუნებს.

რადგან მე ვდგავარ ჩემი ფსიქიკის ცენტრში, რა თქმა უნდა, ის უნდა მაინტერესებდეს, რას ვფიქრობ ჩემს თავზე, როდესაც „მასთან“ ვურთიერთობ. როგორი ადამიანი ხარ, როდესაც „მასთან“ ურთიერთობაზე ფიქრობ? 

შესაძლოა, აღმოვაჩინო, რომ მე „მასთან“ ურთიერთობაში ისეთი ვარ, როგორიც მინდა  ვიყო: უჩინარი − ადამიანი, რომელსაც სურვილები არ აქვს, ადამიანი, რომელიც მზადაა, „მისი“ სურვილები  ნებისმიერ დროს, ზოგჯერ საკუთარი სურვილების გაუფასურების, უგულებელყოფის და დაკნინების ხარჯზეც კი შეასრულოს. ადამიანი, რომელსაც შეუძლია, „გულიანი“ გადაწყვეტილება მიიღოს, არაფრად ჩააგდოს თავისი შესაძლებლობები და „ყველაფერი“ გასცეს. იქნებ, იმისიც მჯერა, რომ ისინი ეყვარებათ, ვინც „ზედმეტ“ კითხვებს არ სვამენ. ამიტომ, შენთან ისეთი ურთიერთობა შევქმენი, სადაც კითხვების დასმის გარეშე, იმით ვიქნები კმაყოფილი, რაც შენ ჩემთვის გაიმეტე. მოგვიანებით, როდესაც ჩემი სურვილები თავს შემახსენებენ და, აქედან გამომდინარე, შენთან ურთიერთობას დავასრულებ, სინანულით გავიხსენებ, როგორი სრულყოფილი ვიყავი მაშინ, როგორ მომწონდა ჩემი თავი, რადგან თავს სასურველად ვგრძნობდი. თუმცა, ვერ ვიგებდი, რომ ოდესღაც, მიტოვების შიშით დამფრთხალმა, ვცადე, ჩემი სურვილები ჩემში ამეორთქლებინა. ახლა, როდესაც შენ ჩემგან შორს ხარ, ჩემს სრულყოფილებას ვგლოვობ, რომელიც შენთან ურთიერთობის დასრულების შემდეგ, ხელიდან გამომეცალა.

რა იქნება შენ შემდეგ?

ამაზე მოგვიანებით.


ანა ღვინიანიძე, ფსიქოლოგი, საქართველოს ფსიქოგანათლების საზოგადოების თანადამფუძნებელი

განხილვა