გუშინ YouTube Brandcast-ის ყოველწლიური ღონისძიების დროს კომპანიამ განაცხადა, რომ ამიერიდან პლატფორმაზე ორი 15-წამიანის ნაცვლად, ერთ 30-წამიან რეკლამას იხილავენ. აღნიშნულ ფუნქციას სარეკლამო ინდუსტრიის გააქტიურებას უკავშირებენ და გუგლში ფიქრობენ, რომ იუთუბი იდეალური სივრცეა მარკეტერებისთვის.
სიახლე კონკრეტულად ტელევიზორს შეეხება: „გასული წლის მონაცემებით, ეს არის ყველაზე ყურებადი სერვისი, როგორც ტრადიციულ სატელევიზიო ქსელებში, ისე სტრიმინგ პლატფორმებზე. ამიტომაც გვსურს უფრო გრძელი რეკლამის ფორმატის დანერგვა და კონტენტ კრეატორებისთვის ხელის შეწყობა“.
გარდა 30-წამიანი რეკლამებისა, რომელთა გადახვევაც არ შეგვეძლება, ტელევიზორის ვერსიაში Pause Experiences-ის ტესტირება დაიწყება. ეს უკანასკნელი ვიდეოს დაპაუზებისას რეკლამის ავტომატურად ჩართვას გულისხმობს.
ჯერჯერობით უცნობია, როდიდან ამოქმედდება პლატფორმაზე ახალი ფუნქცია, მაგრამ მომხმარებლებს ნამდვილად არ გახარებიათ ეს სიახლე. მიუხედავად ამისა, თავად Google-ისთვის აშკარაა რეკლამებისგან მიღებული სარგებელი: 2022-ში კომპანიამ სარეკლამო შემოსავლიდან $29,2 მილიარდი მიიღო, რაც წინა წელთან შედარებით $28,8-მილიარდიანი ზრდაა.












