ცოტა ხნის წინ YouTube-მა განაცხადა, რომ უფრო მეტად გაააქტიურებს ხელოვნური ინტელექტის მიმართულებას. ახლა კი უახლეს ფუნქციაზე საუბრობენ, რომელიც კომენტარების სექციის „მოწესრიგებისკენაა“ მიმართული. ვინაიდან პლატფორმაზე ვიდეოებს ბევრი ქაოსური კომენტარი ახლავს, აღნიშნული ფუნქცია სწორედ იმისთვის შეიქმნა, რომ ერთგვარი შეჯამება გააკეთოს — ასე მომხმარებლებიც მარტივად გაიგებენ, ძირითადად რას განიხილავენ თუ ამბობენ კომენტარებში.
დეტალურად რომ განვიხილოთ, ექსპერიმენტის ფარგლებში შესაძლებელი იქნება კომენტარების თემების მიხედვით დალაგება. სპეციალურად გენერირებული ალგორითმით, მარტივად მოახერხებენ სასურველ დისკუსიაში ჩართვას ან შესაბამისი კომენტარის პოვნას. ასევე, ფუნქციას კომენტარების შეჯამებაც შეუძლია — ეს განსაკუთრებით საინტერესოა კონტენტ კრეატორებისთვის, რათა მარტივად მიხვდნენ, რა მოსწონს ხალხს.
ამ ეტაპზე ხელსაწყო მხოლოდ ინგლისურ ენაზეა ხელმისაწვდომი.
მეორე ფუნქცია მოიცავს სასაუბრო AI ინსტრუმენტს, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ მომხმარებლებს მეტი ინფორმაცია მიაწოდოს. კერძოდ, მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, ვიდეოს შესახებ ნებისმიერი კითხვა დაუსვან, მიიღონ რეკომენდაციები დაკავშირებულ კონტენტთან მიმართებით და სხვა.
გარკვეული აკადემიური ვიდეოებისთვის ინსტრუმენტი კიდევ უფრო შორს მიდის — გთავაზობთ ვიქტორინებსა და პასუხებს, რათა შინაარსის სიღრმისეულად გაგება წაახალისოს.












