ახლახან YouTube-მა რამდენიმე ახალი ფუნქცია წარადგინა, თითოეული მათგანი კი მეტი პერსონალიზაციისკენაა მიმართული. მათ შორის ერთ-ერთი ხელოვნურ ინტელექტს ეფუძნება და პერსონალური ფლეილისტის სახით წარმოგვიდგება — კერძოდ, მომხმარებლებს შეუძლიათ, AI გენერატორის მეშვეობით ფლეილისტების ქავერები ინდივიდუალური გემოვნებით შექმნან.
ამისათვის საჭიროა, ერთ-ერთ ფლეილისტზე ავტომატურად ნაგულისხმევი ფოტო დააყენოთ. ამის შემდეგ სხვადასხვა თემის ალტერნატივა გამოჩნდება — აპლიკაცია ისეთ ვარიანტებს შემოგთავაზებთ, როგორებიცაა მოგზაურობა, ფანტაზია, ბუნება, ცხოველები და იუმორი. თითოეულ მათგანს კი ქვეპუნქტები ახლავს თან, მაგალითად, როგორ სტილში გსურთ ვიზუალის შექმნა: პოპ-არტის, შუასაუკუნეების გოტიკური ესთეტიკის თუ სხვა.
გარდა ამისა, კიდევ ერთი სიახლეა „სწრაფი აკრეფის ფუნქცია“, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, მყისიერი წვდომა მიიღონ ბოლოს მოსმენილ მუსიკებზე — იქნება ეს კონკრეტული შემსრულებლების ჩამონათვალი თუ ფლეილისტები. ვფიქრობთ, აღნიშნული ინსტრუმენტი საკმაოდ მოსახერხებელია ისეთი ადამიანებისთვის, რომლებსაც განსაკუთრებით სჩვევიათ ერთი მელოდიის ამოჩემება და დაუსრულებლად მოსმენა.
ჯერჯერობით AI-ზე დაფუძნებული ფუნქციები შეზღუდული რაოდენობითაა ხელმისაწვდომი, უახლოეს მომავალში კი მასშტაბის გაფართოება იგეგმება.