ახალი ხელსაწყო კრეატორებისთვისაა, თუმცა მანამ, სანამ ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდება, Youtube ცდებს ატარებს. კონკრეტულად კი, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ვიდეოების სინქრონულ თარგმნას ტესტავს. ამ მიზნით Aloud-თანაც გაერთიანდა, რომელიც, თავის მხრივ, ენობრივი ბარიერის დაძლევას გვთავაზობს.
საინტერესოა ისიც, რომ ამ წლის დასაწყისში YouTube-მა კრეატორებს საშუალება მისცა, დაემატებინათ რამდენიმე ენა ახალ ან არსებულ ვიდეოებზე, რაც მათ ფართო და თანაც, საერთაშორისო აუდიტორიაზე გასვლის შანსს მისცემდა — ივნისის მონაცემებით, კრეატორებმა 10 000-ზე მეტი ვიდეო 70-ზე მეტ ენაზე თარგმნეს! აი, მანამდე კი, ამაში მესამე მხარის აპლიკაციები უნდა დაეხმარათ…
რაც შეეხება Aloud-ს, იგი Google-მა პირველად 2022 წელს გაგვაცნო. AI პროდუქტი კრეატორის ვიდეოს ტრანსკრიფციას უკეთებს და შემდეგ სასურველ ენაზე თარგმნის. სისწორესთან დაკავშირებული ეჭვები რომ მალევე გაიფანტოს, კრეატორებს ტრანსკრიფციაზე გადახედვა და რედაქტირებაც შეუძლიათ მანამ, სანამ Aloud სხვა ენაზე შემოგვთავაზებს.
ამჯერად კი YouTube მას ასობით კრეატორზე ცდის, რათა მალე ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადოს. ინგლისურ, ესპანურ და პორტუგალიურ ენებს გვთავაზობს, თუმცა აქაც ახალი ენების დამატებას განიხილავენ. მეტიც, სურთ, რომ ნათარგმნი წინადადებები მეტად დაამსგავსონ კრეატორის ხმას, მის გამოხატვის სტილსა თუ ტუჩების მოძრაობას…