Youtube-მა შესაძლოა Dislike ღილაკი გააუქმოს. ამის მთავარ მიზეზად ღილაკის “ბოროტად გამოყენება” სახელდება. როგორც აღმოჩნდა, Youtube-ში მომხმარებელთა ნაწილი, რომლებსაც “Dislike mobs”-ს უწოდებენ, “არ მომწონს” ღილაკს მიზანმიმართულად იყენებს კონკრეტული კონტენტის ან არხის რეიტინგის დასაზარალებლად. საკითხი საკმაოდ მწვავეა, რადგან ალგორითმის მიხედვით, ვიდეოს, რომელსაც ბევრი Dislike აქვს, Youtube რეკომენდაციას არ უწევს. ეს კი, არხისთვის სერიოზული პრობლემაა. ამის შესახებ Youtube-ის პროექტის მართვის დეპარტამენტის დირექტორმა ტომ ლიონგმა სპეციალურ ვიდეორგოლში ისაუბრა და პრობლემის გადაჭრის სხვადასხვა ვერსია განიხილა.
ლიონგის თქმით, კომპანია ახალი მიდგომების გამოცდას აპირებს. ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა, რეიტინგი საერთოდ არ გამოჩნდეს, თუმცა ამგვარად “მომწონს” ღილაკის მაჩვენებლებზეც არ იქნება წვდომა. ეს სტატისტიკა კი მომხმარებლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მეორე მხრივ, შესაძლოა, უკუკავშირის ავტორს საშუალება მიეცეს, კონკრეტულად რა არ მოსწონს, რომელიმე ვიდეო თუ არხი, მთლიანობაში. სხვა ვერსიით, “არ მომწონს” ღილაკის სრულიად გაუქმებაც განიხილება, თუმცა ლიონგს ეს არადემოკრატიულად მიაჩნია. კიდევ ერთი მოსაზრებით, შესაძლოა, უბრალოდ, “არ მომწონს” შეფასებების რაოდენობა გახდეს უხილავი. ლიონგის თქმით, ჯერჯერობით, “არ მომწონს” ღილაკთან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსიებს განიხილავენ, თუმცა როგორც თავად ირწმუნება, გადაწყვეტილებას არ მიიღებენ, სანამ საუკეთესო გამოსავალს არ იპოვნიან.











