ყველა კომპანიას აქვს თავისი ოქროს რიტუალი. Coda-ს ხელმძღვანელმა შიშირ მეჰროტრამ კი გადაწყვიტა საუკეთესოები მოეძიებინა, რათა სხვებსაც შესძლებოდათ მათგან მაგალითის აღება. შედეგად, Coda-ს გვერდზე ისეთი კომპანიების ამბებს გაიგებთ, როგორებიცაა YouTube, The New York Times, Disney, Brex, Canva, Basecamp და სხვები. აქ უამრავი რამ დაგაინტერესებთ, თუმცა ის, რაზეც გვეუბნებიან, რომ ყველა მეწარმემ უნდა იცოდეს, „10%-იან დაგეგმვის“ სახელითაა ცნობილი.
რას ნიშნავს ან როგორ მუშაობს ეს? ყველაფერი საკმაოდ მარტივია — თუ ყოველწლიურ გეგმას ადგენთ, შეგიძლიათ წლის 10%, ანუ დაახლოებით 5 კვირა დაგეგმვას დაუთმოთ, ხოლო თუ ნახევარი წლის დაგეგმვას აპირებთ, ამას 6-7 დღე უნდა მიუძღვნათ. როგორც აღმოჩნდა, ბიზნესში დაგეგმარებისთვის კვარტალური, უწყვეტი და გრძელვადიანი, ყველაზე გავრცელებულ ციკლებს შორისაა, რაზეც 10%-ის წესის მორგებასაც მარტივად შეძლებთ.
კვარტალური ჩამოთვლილთაგან ყველაზე პოპულარულია. მაგალითად, Canva სწორედ კვარტალურ დაგეგმვას ირჩევს, თუმცა ერთი საინტერესო დეტალით, მას სეზონებს უწოდებენ — გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი. ეს კი შესანიშნავი მაგალითია იმისა, რომ კომპანიები რიტუალებს სახელებს არქმევენ და როგორც ამბობენ, ეს ეხმარება გუნდს, ყოველთვის ახსოვდეთ, თუ როგორ აგრძნობინებთ მათ თავს თითოეული დაგეგმვის ციკლი. 10%-იანი წესი დაახლოებით 1-კვირიან დაგეგმვას გულისხმობს ყველა კვარტალში ან სეზონზე. ეს კი დროის კარგი ოდენობაა იმისათვის, რომ გაიგოთ, რისი გაკეთება გსურთ და რა მუშაობს კარგად…
რაც შეეხება უწყვეტ დაგეგმვას, ამას ხშირად პატარა კომპანიები მიმართავენ ან ისინი, ვინც სწრაფ ცვლილებებს განიცდიან. ძირითადად კი 2-კვირიანია, მაგრამ Basecamp 6-კვირიან ციკლს ირჩევს, რაც მათ საშუალებას აძლევს, 3 დღე დაგეგმვას დაუთმონ. ეს საკმარისი დროა იმის განსასაზღვრად, თუ რისი გაკეთება სურთ, მაგრამ არა იმდენიც, რომ ადამიანებმა გაიგონ, რა სჭირდებათ რეალურად სამუშაოს შესასრულებლად.
გრძელვადიანი დაგეგმვა — აქ უკვე დიდ კომპანიებზე უნდა ვისაუბროთ, რომელთაც საბაზრო ცვლილებებისთვის უწევთ მომზადება. მაგალითად, Disney 1989 წლიდან 5-წლიან დაგეგმვის პროცესს ირჩევს. მათი დაგეგმვის სესია იანვრიდან სექტემბრამდე გრძელდება, რაც მთლიანი დაგეგმვის ციკლის 15%-ია. ცოტათი კი აღემატება 10%-ის წესს, მაგრამ ფასდაუდებელი აღმოჩნდა გრძელვადიანი ვალდებულებებისთვის, იქნება ეს დისნეის შემთხვევაში გასართობი პარკები თუ სტრიმინგ სერვისები.
თუმცა გახსოვდეთ, რომ ყველა სიტუაციაზე ეს არ მოქმედებს, მოქნილობისთვისაც რჩება სივრცე — Youtube 6-თვიანი და 6-კვირიანი სტრატეგიული დაგეგმვის კომბინაციას მიმართავს და 10%-იან წესსაც იცავს.
ამგვარად, არ აქვს მნიშვნელობა, ახლა იწყებთ დაგეგმვის მოგზაურობას თუ ამ საქმეში მრავალწლიანი გამოცდილება გაქვთ, თქვენი დროის 10%-ის ინვესტირება დაგეგმვაში მარტივი გზაა, რათა გქონდეთ იმის გარანტია, რომ თქვენივე ძალისხმევა შედეგს გამოიღებს.