YouTube კრეატორებისთვის პლატფორმის მოხმარება გამარტივებას ცდილობს. ამჯერად, პლატფორმა ვიდეოების მართვის დიზაინს ცვლის და ატვირთვის პროცესსაც უფრო სადას ხდის. მთავარი მიზანი გაუგებრობის შემცირებაა, რაც განსაკუთრებით Shorts-ების გამოქვეყნებისას იჩენდა თავს.
პირველი ცვლილება მობილურ აპლიკაციაში ვიდეოების მართვას ეხება. YouTube-ს სურს, რომ კრეატორის გამოცდილება უფრო დახვეწილი იყოს, ამიტომ არხის მართვის პანელიდან ზედმეტი ღილაკები ქრება. მაგალითად, Manage videos ოფცია უქმდება და არხის გვერდზე შესასვლელად მთავარი გზა Your videos ხდება. ეს ნავიგაციას უფრო სწორხაზოვანს გახდის და მომხმარებელს მთავარი ეკრანიდან პირდაპირ სასურველ ადგილას მიიყვანს.
კომპანიის განმარტებით, ახალი სისტემით, ვიდეოს შექმნის შემდეგ კრეატორები ავტომატურად საკუთარი არხის გვერდზე გადამისამართდებიან. სწორედ აქედან, შესაბამისი ტაბების (Videos, Shorts და Live) დახმარებით შეძლებენ ნებისმიერი ტიპის კონტენტის მართვას ერთ სივრცეში. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ მთავარი აპლიკაცია ვიზუალურად და ფუნქციურად განიტვირთოს. აღსანიშნავია, რომ ეს ცვლილება მხოლოდ მობილურ ვერსიას ეხება, დესკტოპზე მართვის პანელი უცვლელი რჩება.
კიდევ ერთი სიახლე უშუალოდ ვიდეოს ატვირთვის პროცესს ეხება. პარამეტრების ეკრანი უფრო სუფთა ხდება – დეტალური და გაფართოებული პარამეტრები ახლა „Show more“ ჩამოსაშლელი მენიუს უკან დაიმალება, რაც ეკრანზე „ვიზუალურ ხმაურს“ შეამცირებს.
მართალია, ყველა საჭირო ელემენტის რედაქტირება კვლავ შესაძლებელია, მაგრამ YouTube ცდილობს, პროცესი გაამარტივოს. ერთი მხრივ, ამან შესაძლოა კონტენტის ატვირთვის სისწრაფე გაზარდოს, თუმცა მეორე მხრივ, არსებობს რისკი, რომ კრეატორებს მნიშვნელოვანი დეტალები გამორჩეთ, რაც ვიდეოს ხილვადობას ზრდის. როგორც წესი, სისტემისთვის მეტი მონაცემის მიწოდება უკეთესია, თუმცა პლატფორმა დარწმუნებულია, რომ კლიპების ეფექტურ კატეგორიზაციას მინიმალიზებული ინფორმაციითაც შეძლებს.
ერთადერთი გამონაკლისი YouTube Shopping პროგრამაში ჩართულ კრეატორებს შეეხებათ – მათთვის პროდუქტის მონიშვნის (tag) ველი მთავარ ეკრანზე კვლავ თვალსაჩინო და ხელმისაწვდომი დარჩება. ეს მცირე ცვლილებები ემსახურება იმას, რომ აპლიკაციაში კონტენტის ატვირთვა უფრო სწრაფად და მარტივად მოხდეს.
წყარო: socialmediatoday











