YouTube კრეატორებისთვის პლატფორმაზე მუშაობას კიდევ უფრო ამარტივებს და ორ მნიშვნელოვან სიახლეს ნერგავს. პირველი მათგანი ვიდეოს შემქმნელებს საშუალებას აძლევს, საავტორო უფლებებით დაცული აუდიო ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ინსტრუმენტული ტრეკებით ჩაანაცვლონ. ამასთან ერთად, სატესტო რეჟიმში ეშვება კომენტარების მოდერაციის ახალი ფუნქციაც, რომელიც არხის მენეჯერებს ვიდეოზე გამოხმაურებების მართვას უკვე ზოგადი კონტექსტის მიხედვით გაუმარტივებს.
რაც შეეხება მუსიკალურ ფონს – პლატფორმა აქტიურად მუშაობს იმაზე, რომ კრეატორებმა საავტორო უფლებებისგან თავისუფალი მუსიკის დამატება ვიდეოებში მარტივად შეძლონ. ამისთვის, YouTube Studio-ს კომპიუტერულ ვერსიაში არსებულ სიმღერის ჩანაცვლების ფუნქციას უკვე დაემატა გენერირების ახალი ღილაკი. მისი გამოყენებით სისტემა ავტომატურად ქმნის ოთხ განსხვავებულ ინსტრუმენტულ ტრეკს, რომელთა ჩასმაც ვიდეოში თავისუფლადაა შესაძლებელი. შედეგად, შემქმნელებს აღარ მოუწევთ წესების დარღვევის გამო ვიდეოების წაშლა ან Content ID-სთან დაკავშირებულ საჩივრებზე ნერვიულობა.
ეს სიახლე ნამდვილი შვება იქნება YouTube-ის კრეატორებისთვის, რადგან საავტორო უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული გაფრთხილებები ხშირად სერიოზულ პრობლემებს ქმნის, განსაკუთრებით კი კონტენტის მონეტიზაციის ნაწილში. ამ ეტაპზე ინსტრუმენტული მუსიკის შექმნის ფუნქცია მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში იტესტება, თუმცა წლის ბოლომდე მისი გლობალურად გაფართოება იგეგმება.
მეორე მნიშვნელოვანი სიახლე კომენტარების მასობრივ მოდერაციას ეხება. აქამდე არხის მენეჯერებს კომენტარების გაფილტვრა მხოლოდ კონკრეტული საკვანძო სიტყვებით შეეძლოთ. ახალი ფუნქცია კი ამ შესაძლებლობებს აფართოებს და ძიების პროცესში სასაუბრო კონტექსტს რთავს. კერძოდ, მომხმარებელს შეუძლია 100 სიმბოლომდე მოცულობის ტექსტით, საკუთარი სიტყვებით მოძებნოს კონკრეტული თემები. მაგალითად, შესაძლებელია ისეთი ფრაზების მოძებნა, როგორებიცაა „კითხვები ჩემი ტექნიკის შესახებ“ ან „ხალხი, რომელიც ვიდეოს მეორე ნაწილს ითხოვს“.
კრეატორები აღარ იქნებიან შეზღუდულები მხოლოდ ზუსტი სიტყვების დამთხვევით და კომენტარებს მაყურებლის რეალური ინტერესის მიხედვით გაფილტრავენ. გარდა ამისა, სისტემას ემატება ისეთი თემატური ფილტრებიც, როგორებიცაა „აღფრთოვანება და ენთუზიაზმი“ ან „შეურაცხმყოფელი რეპლიკები“. ასევე შესაძლებელი გახდება მსგავსი კომენტარების მოძებნა უკვე გაცემული პასუხის მაგალითზე დაყრდნობით.
ეს განახლება საქმეს საგრძნობლად შეუმსუბუქებს იმ იუთუბერებს, რომლებიც უამრავ კომენტარს იღებენ. ისინი შეძლებენ ყველაზე რელევანტურ გამოხმაურებებს სწრაფად უპასუხონ და პროდუქტებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი შეკითხვები ასობით კომენტარში მარტივად აღმოაჩინონ.
წყარო: Socialmediatoday














