in

სანამ Google Play Music გაქრება, YouTube Music-ში ანგარიშის გადატანას მარტივად შეძლებთ

veon
veon

დაახლოებით, 2 წლის წინ, YouTube Music Spotify-სა და Apple Music-ის კონკურენტად მოგვევლინა. თუმცა, დღემდე მას გარკვეული პრობლემები ჰქონდა. დღეისათვის, პლატფორმის მფლობელ Google-ს უკვე შეუძლია ეს სერვისი სრულფასოვნად აამუშავოს და მეტიც, Google Play Music-იდან (რომელსაც, ალბათ, წლებია იყენებთ), სიმღერების გადატანას ახალ პლატფორმაზე ერთი დაწკაპუნებით შეძლებთ. ამ ინსტრუმენტის დახმარებით, YouTube Music-ში ავტომატურად აისახება ყველა ის არტისტი, ალბომი, დასაკრავი სია, რეკომენდაციები თუ თქვენ მიერ ატვირთული ფაილები, რომელიც Google Play Music-ში, წლების განმავლობაში შეგიქმნიათ. ეს ის ფუნქციაა, რასაც Google Play Music-ის მომხმარებლები დიდი ხანია ელოდებიან, რადგან უკვე საკმაო ხანია ცნობილია, რომ Google Play Music გაქრება და მას Android-ის ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე სმარტფონებში, YouTube Music ჩაანაცვლებს.

აღსანიშნავია, რომ YouTube Music იქნება ერთადერთი მუსიკის სტრიმინგ სერვისი Google-ისგან, მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის განმავლობაში, Google Play Music-ის სერვისი გაითიშება. ჯერჯერობით, ზუსტად არაა ცნობილი, ეს როდის მოხდება, მაგრამ მიმდინარე წელს აუცილებლად და მანამდე, უნდა მოასწროთ საყვარელი მუსიკის, ალბომებისა თუ დასაკრავი სიების YouTube Music-ში გადატანა. აღსანიშნავია, რომ სერვისის გათიშვამდე გამაფრთხილებელ შეტყობინებასაც მიიღებთ. თუმცა მანამდე, შეგიძლიათ სმარტფონში ორივე აპლიკაცია გქონდეთ (რაც გადაწყობას გაგიმარტივებთ). ტრანსფერს რაც შეეხება, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს YouTube Music-ზე შესვლის შემდეგ, ერთი დაწკაპუნებითაა შესაძლებელი.

YouTube Music-ის მიზანია შექმნას on-demand მუსიკის სტრიმინგის საუკეთესო გამოცდილება, რომელსაც თან ახლავს ვიდეოგამოსახულებაც და პლუს, სხვადასხვა შემსრულებლის პირდაპირი ეთერები, რომელიც მხოლოდ YouTube პლატფორმაზეა ხელმისაწვდომი. უკანასკნელ თვეებში, Google ამ სერვისს სულ უფრო ხვეწდა, მათ შორის, ამატებდა Google Play Music-ის ისეთ ფუნქციებს, როგორიცაა მუსიკის ატვირთვა, “explore” ღილაკი მობილური აპლიკაციისთვის, სადაც ახალგამოშვებული ალბომები და კომპოზიციები შეგიძლიათ ნახოთ. აღსანიშნავია ისიც, რომ პლატფორმაზე ამა თუ იმ სიმღერის ტექსტის პოვნაც ძალიან მარტივია და ეს იმ მომენტშიცაა შესაძლებელი, როცა კონკრეტულ მუსიკას უსმენთ.

“მარო” – გამოხდილი ღVINO-სთვის ეტიკეტი ლომერო ახვლედიანის ნახატის მიხედვით შეიქმნა

„კარანტინში დაბადებულები“ ახლა და „ესპანური გრიპის“ დროს – 100 წლის ანიტა Facebook-ის კამპანიაში