in

YouTube Nation – ნინო კვაჭანტირაძე

„პროზაკის ნაცია“ გემახსოვრებათ ფილმი, საინტერესო ფილმი იყო ორიათასიანების დასაწყისში. ძალიან მეტყველი სათაურია, ორ სიტყვაში ჩატეული ფაქტობრივად მთელი თაობა  და ამიტომ გამახსენდა, თორემ პირდაპირი კავშირი არც აქვს ჩვენს დღევანდელ თემასთან.

BOG
BOG

დეპრესია და პროზაკის ათასგვარი ვარიაციები არსად გამქრალა, ოღონდ დღეს უკვე სხვა თაობა იწყებს აღზევებას. თაობა, რომლის ერთ-ერთი მთავარი პლატფორმა გახდა იუთუბი. საქართველოში ჯერაც მოლოდინის რეჟიმში ვართ, მაგრამ გავცდები ცოტა ხნით ჩვენი ქვეყნის საზღვრებს და ახალი თაობის ვარსკვლავებზე ვილაპარაკებ – ძალიან საინტერესო ტიპებზე, რომლებმაც აიღეს საკუთარი სურვილები, ხედვა, მონდომება და სუპერვარსკვლავებად + მილიონერებად იქცნენ.

სტატისტიკის მიხედვით რომ მივყვეთ, ყველა არხის და ვლოგერის უბრალოდ ხსენებასაც კი ვერ ავუვალთ, ამიტომ, სრულიად სუბიექტური ვიქნები და ბოლო წლების მანძილზე ვისმა კარიერულმა ისტორიებმაც დამაინტერესა ყველაზე მეტად, რამდენიმეს გაგიზიარებთ.

გაფრთხილება: უამრავ არაქართულ სიტყვას გამოვიყენებ. ვაღიაროთ, რაც არ უნდა შესანიშნავად ვთარგმნო, ქართულად კაციშვილი ვერ გაიგებს რას ვგულისხმობდი “შინაარსის შემქმნელი“ (ანუ content maker)-ი ან იუთუბმქმნელი (youtube creator) რომ დამეწერა.

პირველ რიგში, ონლაინ თამაშების სტრიმერებს, მიმომხილველებს და საბავშვო არხების მფლობელებს ჩამოვაცვათ თავზე კუთვნილი დაფნის გვირგვინები და დავტოვოთ თავის მრავალასეულმილიონიან აუდიტორიასთან მშვიდად. ASMR ვიდეო/აუდიოების ავტორებსაც ეკუთვნით სათანადო პატივის მიგება.

მეფეებიც რომ ვახსენოთ ორიოდე სიტყვით… PewDiePie 102 მილიონი გამომწერით? ვინ იცის რა ტანჯვით ვუყურე არაერთ ვიდეოს და დავმარცხდი, ვაღიარე, რომ ვერც გეიმერების სამყაროში და ვერც არხის მფლობელ შვედ ფელიქსში მომხიბვლელი ვერაფერი ვიპოვე. როგორც თავად ამბობს, მისი აუდიტორიის თითქმის ნახევარს 18-24 ასაკის ადამიანები შეადგენენ, თუმცა ბავშვებშიც არანაკლები პოპულარობით სარგებლობს. ერთი ფელიქსია და მეორე ბოლივუდური სიმღერების არხი ვინც 100 მილიონს გადაცდა, სახელობითი უნიკალური ღილაკებიც გაეგზავნათ საჩუქრად.

Youtube-ს ჯილდო

ჰო, სიმბოლურ „ღილაკებს“ აგზავნის არხების შემქმნელებთან ჯილდოდ იუთუბი, გეცოდინებათ – ვერცხლის სრულიად მოსერტიფიკატო ტიპია და 100 K გამომწერის ამბავია, შემდეგ მოდის 1 მილიონიანი ზღვრის გადალახვა და ოქროს ღილაკი და ამას უკვე მოსდევს 10 < მილიონიანი აუდიტორიის მფლობელი გოგო-ბიჭები – ბრილიანტის ღილაკის მფლობელები – მეინსტრიმი, ადამიანები ვინც ქმნიან  და შთააგონებენ იუთუბ ნაციას.

ყველა სხვადასხვა ჟანრში ცდილობს ამბების მოყოლას, მაგრამ არის რამდენიმე უნივერსალური თვისება, რაც ამ ნაციას აერთიანებს:

თვისება #1 – მკაფიო და მარტივი მიზანი + მესიჯი აუცილებელია

ვინც არ უნდა იყოს – პრანკერი, კომიკურ ჟანრში ჩაფლული, ჯანსაღი ცხოვრების აგიტატორი თუ მაკიაჟის გურუ, აუცილებლად ორიოდე ვიდეოში ან ინტერვიუში მაინც ახსენებს, რომ მისი მთავარი მიზანი და ჯილდო აუდიტორიის სიყვარულია, რომ თავის კონტენტით ცდილობს ადამიანებს დაეხმაროს, ცხოვრება შეუმსუბუქოს, პრობლემები დაავიწყოს და ა.შ.

რთული სათქმელია თავად არხების მფლობელებს რამდენად ბოლომდე სწამთ ამ მესიჯის და რამდენად გულწრფელები არიან, მაგრამ ფან-ბაზების კომენტარებს ზედპირულად მაინც თუ გადავავლებთ თვალს, ფაქტია, რომ ადამიანები მადლობას უხდიან, ამტკიცებენ, რომ მათ გარეშე ცხოვრება ან პრობლემები უფრო აუტანელი იქნებოდა. ამბობენ, რომ მათი ისტორიის მოსმენისას თავადაც შეუმსუბუქდათ რამე დრამა და თავს მარტო აღარ გრძნობენ.

მიზანი? Just to be happy – ასე მარტივად გამოუცხადა 17 წლის ემა ჩემბერლენმა  28 მილიონ მაყურებელს რომელიღაც ვიდეოში. გოგომ, რომელსაც 25% აქვს ინსტაგრამზე engagement rate! რამდენად სიგიჟეა 25% ხვდებით ალბათ.  სიცილი და კრიტიკა არ უშველის ამ ამბავს, ახალ აუდიტორიას ტვინის ჭყლეტა არ უნდა. ვერც დააძალებ.

საინტერესო მესიჯი აქვს ხუთკაციანი სამეგობროსგან დაკომპლექტებულ Dude Perfect -ს. თან ხალხს ართობენ ათასნაირი ჩელენჯებით, თან იძახიან ქრისტიანობა უნდა გავავრცელოთო.  ვინ იცის მათი 47 მილიონი გამომწერიდან რამდენია ქრისტიანი და სერიოზულად აღიქვამენ თუ არა ამ ამბავს.

თვისება #2 – დაეცი? აუცილებლად უნდა ადგე!

2018 წლის პირველივე დღეებში მნიშვნელოვანმა სკანდალმა შეარყია ონლაინ საზოგადოება – სკანდალი გაცდა სხვადასხვა ქვეყნის საზღვრებს, გადაინაცვლა პუბლიკაციებში, საინფორმაციო გამოშვებებსა და სატელევიზიო სივრცეებში. ლოგან პოლმა, 22 წლის სუპერ პოპულარულმა იუთუბერმა რომელიც იმ პერიოდში ყოველდღიური ვლოგების ფორმატში ტვირთავდა ვიდეოებს თავის არხზე, მორიგი ვიდეო დადო – იაპონია, თვითმკვლელთა ტყე. მხიარულად გამოწყობილი ბანდა სიცილით დაეხეტება ტყეში და ჩამომხრჩვალ ადამიანს წააწყდება.  ვიდეო მეორე დღესვე დაიბლოკა და წაიშალა, მაგრამ მრისხანების და ბრალდებების ტალღა დღემდე არ ჩამქრალა. ასიათასობით ადამიანი რომ მრისხანებს და სიკვდილს გისურვებს როგორია? იუთუბი რომ მონეტიზაციას გითიშავს, გამომწერები გარბიან, ბრენდები კონტრაქტებს გიუქმებენ… არც ათასჯერ გამეორებული ბოდიში შველის და არაფერი.

თვითონ უკეთესად აქვს მოყოლილი რა გზაც გაიარა, თუ დაგაინტერესებთ

მაგრამ ფაქტი ერთია – აზრად არ მოსვლია დანებება. პირველივე გადმოგდებულ თოკს ჩაეჭიდა, კონტენტის სტილიც შეცვალა, თითქმის ორი წელი ჭაობიდან ამოსვლას დაუთმო და ახლა, ნოემბრის დასაწყისში 20 000 კაციანი სტადიონი გაავსო ლოს ანჟელესში, რომ მისი და ბრიტანელი ვლოგერის KSI-ის სამოყვარულო ბოქს-მატჩისთვის ეყურებინა ყველას. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მარტო ონლაინ სტრიმით 12 მილიონი მოგება დაიწერა.

ჰო, პატარა ბიჭი ოჰაიოდან, რომელიც უსაქმურობისგან და მოწყენილობისგან ვიდეოების გადაღებით ერთობოდა ძმასთან ერთად. Jake Paul არხზეც შეიხედეთ, სრული უპასუხისმგებლობა და სიგიჟე ტრიალებს იქაც.

თვისება #3 მოქნილობა და თანმიმდევრულობა

ფრიად მოდური სიტყვა Controversy, ძვირიანი ბრენდები და ნივთები, კოლაბორაციები, ფორმატების ცვლა, სოც.ქსელების მიქსის ჭკვიანურად გამოყენება. ამ ყველაფერს იდეალურად აერთიანებს ორი ტიპი, შემოქმედებითი და უკვე ბიზნეს პარტნიორებიც:

შეინი და ჯეფრი სტარი. ჯეფრის ვიზუალმა არ დაგაბნიოთ, დროის ეკონომიის მიზნით ორი სიტყვით გეტყვით – ჯეფრი ქალი არ არის, საკუთარ თავს, როგორც მამრობითი სქესისას ისე აიდენტიფიცირებს და კოსმეტიკის მიმოხილვითაა დაკავებული. პლუს ამას, მოასწრო კოსმეტიკის საკუთარი ბრენდიც შეექმნა, ლოჯისტიკის ბიზნესიც აეწყო და ნამდვილი დივასავით ცხოვრებაც მოეხერხა.

კონტენტის შექმნის კუთხით, შეინი ერთ-ერთი ყველაზე მოქნილი კონტენტმეიქერია. უკვე „ხნიერ“ ვლოგერად ითვლება, ათი წელია სტაბილურად მუშაობს და უამრავი ჟანრი მოსინჯა – დაწყებული შეთქმულების თეორიების გაშარჟებით, დასრულებული დოკუმენტური სერიებით სხვების ცხოვრებაზე. საჭმლის მიმოხილვაზე არაფერს ვიტყვი, ამ „ცოდვაში“ თითქმის ყველა იუთუბერს აქვს ფეხი ჩადგმული.

ორივე ამ ადამიანს საკმაოდ ტრამვული შინაგანი და გარეგნული ცხოვრება აქვს გამოვლილი. ბრჭყვიალებს, იუმორისტული ჟანრის მახასიათებლებს, ძვირიან მანქანებსა და მიმზიდველი ვიდეოს გადაღებისთვის აუცილებელ სხვა დეკორაციებს თუ ცოტა ხნით განზე გავწევთ, მის მიღმა ძალიან მიზანმიმართულ, საქმეზე ორიენტირებულ და შრომისმოყვარე ადამიანებს დავინახავთ.

მონეტიზაცია კიბატონო, მაგრამ ძირითადი ბიზნესი ვიდეოების მიღმა კეთდება – ფან ბაზისთვის შექმნილი ბრენდული აქსესუარები, ტანსაცმელი, სუნამოები. გამორთული კამერის ჩრდილში პერსონალური კომპანიები იმალება ხოლმე ხშირად.

თვისება #4 კატორღული შრომა და სტრესი

შორიდან რაღაცნაირად მსუბუქად ჩანს ვიდეოში მიმდინარე ცხოვრება, გართობასავით. ასეც არის გამიზნული. რეალურად, თითოეული იუთუბერის ცხოვრება რუტინული, მძიმე შრომა და მუდმივი წნეხის ქვეშ ცხოვრებაა – უწყვეტად გჭირდება ახალი იდეები, გაქვს განსაზღვრული გრაფიკი როცა ვიდეო უნდა აიტვირთოს და არავის აინტერესებს შენი მუზების მიმოსვლა. საწყის ეტაპზე განსაკუთებით მკაცრად განსაზღვრული რაოდენობა და სტაბილურობა გჭირდება, რომ აუდიტორიის შენება დაიწყო. თან სანამ დამხმარე ძალის დაქირავებას შეძლებს რიგითი კრეატორი, თავად უწევს იყოს ოპერატორიც, მემონტაჟეც, ხმის რეჟისორიც, ქოფირაითერიც და მთავარი გმირიც. ბევრი შეჭიდებია ყოველდღიური ვლოგების თემას, საქართველოში რატომღაც Caisey Neistat-ს იცნობენ უფრო მეტად, ფაქტობრივად შეუძლებელი შეძლო – 604 დღე პოსტავდა ჩავარდნის გარეშე. მაგრამ ვაღიაროთ, ბოლო წლებია უკვე დაკარგა აქტუალობაც და სუპერვარსკვლავის სტატუსიც. თუმცა, ცალსახად ინსპირაციის წყარო იყო უამრავი ავტორისთვის – როგორც გადაღების სტილის, ისე თხრობის სტილის ამბავში.

ამ შემოდგომის twitter ტრენდებში სულ სხვა დრამა ტრიალებდა. ტყუპმა დოლანებმა, იუთუბის ვარკსვლავბიჭუნებმა უცებ გულახდილი და სენტიმენტალური ვიდეო გამოაგდეს – გულის გადაშლა გადაწყვიტეს – მორალურად და ფსიქიკურად რა მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო  14 წლიდან 19 წლამდე ასაკის უწყვეტ სტრესში გატარებამ, რა მსხვერპლის გაღებას ითხოვს მათგან ასეთი პროფესიის არჩევა. მათ ფსიქოზს სახელად „სამშაბათი“ ქვია. დღე, როცა ახალი ვიდეო უნდა დაიდოს მათ არხზე. ეს  ე.წ. burnout-ი და აღსარება ჟურნალებმა, პორტალებმა, სოც.ქსელებმა მნიშვნელოვან ამბად აქციეს – ყოველკვირეული ვიდეოები აღარ იქნება! ამ ამბის პასუხად რაც დატრიალდა იმ ზღვა ცრემლიანი კომენტარების წაკითხვას არ გირჩევთ, რეალობის შეგრძნებას გაკარგვინებს ადამიანს.

თვისება #5 „კლიენტი ყოველთვის მართალია“

არავინ ისე არ უფრთხილდება თავის „მომხმარებელს“, როგორც აღზევებული იუთუბერი. არავის ისე არ ღელავს სტატისტიკურ მახასიათებლებზე, კომენტარების და ლაიქების რაოდენობაზე, მათ შინაარსზე. მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერის კარიერაში არ გაგიჭირდებათ რამე უკმაყოფილების გამომწვევი ფაქტი აღმოაჩინოთ, არც ერთი იუთუბერისგან არ მსმენია მაყურებლის დადანაშაულება, ირიბადაც კი. ხანდახან ალოგიკურადაც კი ჟღერს ისეთ სისულელეებზე უწევთ ბოდიში მოიხადონ, თავი მორჩილად დახარონ და მეათასედ აუხსნან სიყვარული გამომწერებს.

უსასრულოდ რომ არ გავაგრძელოთ ამბავი, ბოლოსიტყვის მაგიერ ერთ პატარა ნიუანსს დავაკვირდეთ – ეს  „თვისებების“ ჩამონათვალი რამეს ხომ არ გაგონებთ? გამართლება და დამთხვევები არაფერ შუაშია. შეიძლება გაუცნობიერებლად დაიწყეს, მაგრამ თინეიჯერი ბავშვები ფაქტობრივად ყველა წესის დაცვით, გამართულად აშენებენ ბრენდებს საკუთარი სახელის გარშემო. ჰოდა გამოსდით კიდეც.

საწყისი კაპიტალის გარეშე, მხოლოდ გატაცებასა და მონდომებაზე დაყრდნობით ახალი მილიონერების თაობა შეიქმნა იუთუბ ნაციაზე გავლენის სადავეებით ხელში.

მშვენიერი ხალხია. საინტერესო.

ნინო კვაჭანტირაძე – Marketer.ge – ის კონტრიბუტორი

პარასკევს ოფისიდან ადრე გასვლაც მოსულა, ანუ გიყვებით „თიბისი დაზღვევის“ კორპორატიულ კულტურაზე

ილონ მასკმა ტესლას პირველი ელექტროპიკაპი წარადგინა