Youtube კვლავ აგრძელებს ექსპერიმენტებს და ამჯერად კრეატორებს თავიანთ Community პოსტებზე ქვიზების დამატების საშუალებას აძლევს — სოციალური მედიის სტილის პოსტები არხებისთვის, რომელთაც სულ მცირე 500 გამომწერი ჰყავს. ბეტა ვერსია კი მხოლოდ კრეატორთა მცირე ნაწილისთვის არის ხელმისაწვდომი, რათა ჯერ მათგან მიიღონ უკუკავშირი, დახვეწონ, შემდგომში კი ფართო მასშტაბებზე გავიდნენ.
რადგანაც Youtube ცდილობს, გახდეს საუკეთესო პლატფორმა კრეატორებისთვის და კონკურენცია გაუწიოს TikTok-სა და Instagram-ს, ახალი ფუნქცია სწორედ TikTok-ის Q&A-სა და Instagram Story-ის ქვიზებს დაუპირისპირდება.
კომპანია იმასაც განმარტავს, თუ რამდენად მომგებიანი შეიძლება იყოს ქვიზები კრეატორებისთვის… აქ კი განსაკუთრებულ ყურადღებას საგანმანათლებლო არხებზე ამახვილებენ, რომლებიც მიმდევრებს სწავლაში ეხმარება. ფიქრობენ, რომ ახალი ფუნქცია კრეატორებს მომხმარებელთა ჩართულობის გაზრდაშიც შეუწყობს ხელს.
თუმცა ექსპერიმენტები ამით არ მთავრდება — კომპანიაში ფოტოების რედაქტირების ხელსაწყოზე საუბრობენ, რომელიც აქამდე თუ მხოლოდ Android-ზე იყო ხელმისაწვდომი, ახლა iOS მოწყობილობებშიც დაემატება. ეს კრეატორებს სურათებზე ფილტრების, ტექსტებისა და სტიკერების დამატების საშუალებას მისცემს. თუმცა აქაც წვდომა ჯერ მხოლოდ მცირე ჯგუფს ექნება.
ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ გასულ კვირას YouTube Shorts-ზე ყიდვის ფუნქციების ტესტირება დაიწყეს, მანამდე კი YouTube-ის დიზაინის ცვლილებებზე ისაუბრეს.