პლატფორმამ „მეორე შანსის“ საპილოტე ინიციატივა წარადგინა, რათა კრეატორებს YouTube-ზე დაბრუნების შანსი მისცეს. თუმცა ასე მარტივადაც არ არის საქმე, ჯერ მათ საკმაოდ მკაცრი კრიტერიუმების დაკმაყოფილება მოუწევთ…
პროგრამით ის კრეატორები ისარგებლებენ, რომელთა ანგარიში უკვე არაფუნქციური ან განსაახლებელი პოლიტიკის ფარგლებში დაიბლოკა, მათ შორის ვხვდებით COVID-19-თან დაკავშირებული დეზინფორმაციის ან 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებული კონტენტის მარეგულირებელ წესებს. თუმცა ამას პლატფორმა ავტომატურად არ გააკეთებს, არამედ კრეატორებმა უნდა შეიტანონ განაცხადი ანგარიშის აღდგენის შესახებ.
კვალიფიციურ პირებს ახალი არხის დაწყება შეეძლებათ, თუმცა მანამდე პლატფორმაზე მინიმუმ 1 წლის მანძილზე არ უნდა იყვნენ ნამყოფი და მათი ძველი დარღვევები ამჟამად არსებული პოლიტიკის მიხედვით დარღვევად აღარ უნდა ითვლებოდეს. YouTube-ისთვის აღნიშნული იმის აღიარებაა, რომ როგორც კრეატორები, ისე პლატფორმა დროთა განმავლობაში განვითარდა:
„ვიცით, ბევრი დაბლოკილი კრეატორი იმსახურებს მეორე შანსს — YouTube ბოლო 20 წლის განმავლობაში განვითარდა და შეიცვალა, ჩვენც გვქონდა ჩვენი მეორე შანსი რაღაცების გამოსასწორებლად. ახლა კი ჩვენი მიზანია, მომდევნო თვეების განმავლობაში ამის საშუალება მივცეთ კრეატორებს, რომლებსაც ექნებათ განაცხადის შემოტანის უფლება. ვაფასებთ მათ მოთმინებასაც, რადგან ყურადღებით განვიხილავთ და შევისწავლით მოთხოვნებს, თუმცა ყველა მათგანი არ დაკმაყოფილდება“.
თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურად განიხილება ისეთი ფაქტორების გათვალისწინებით, როგორებიცაა წარსული დარღვევების ბუნება, მზარდი რისკი, კრეატორის ქმედება, თუ რამდენად შეიძლება იყოს მოლოდინი მისგან პასუხისმგებლობიანი ქმედების მომავალში და ა. შ.
აღსანიშნავია, რომ „მეორე შანსის“ საპილოტე ინიციატივით ყველა ვერ ისარგებლებს — კრეატორები, რომლებიც პლატფორმამ დაბლოკა საავტორო უფლებების, ჩაგვრის, სიძულვილის ენის, სიყალბისა და არასრულწლოვანთათვის საფრთხის შექმნის გამო, ავტომატურად დისკვალიფიცირდებიან. ამასთან, მათ, ვინც ნებაყოფლობით წაშალა თავისი არხი ან Google ანგარიში, არ შეეძლებათ განაცხადის შეტანა.
იუთუბისთვის ეს წარსული გადაწყვეტილებების შეცვლა კი არა, კონტექსტისა და ცვლილებების გათვალისწინებაა. პროგრამის საპილოტე ფაზით კი განსაზღვრავენ, როგორ განავითარებენ მას მომავალში…











