YouTube-მა გადაწყვიტა კრეატორებს უკეთ აჩვენოს, როგორ მუშაობს მათი მოკლე ფორმატის კონტენტი, ამიტომაც YouTube Shorts-ის ნახვების სხვაგვარად დათვლა გადაწყვიტა. ამიერიდან, Shorts-ის ნახვები იმის მიხედვით დაითვლება, თუ რამდენჯერ ჩაირთვება ვიდეო. აქამდე კი ვიდეოს ნახვები მხოლოდ მას შემდეგ ემატებოდა, რაც მომხმარებელი რამდენიმე წამს უყურებდა. თანაც, არავინ იცოდა, ზუსტად რამდენი იყო ეს წამები… როგორც ამბობენ, 30 წამზე ნაკლები ნამდვილად არ უნდა ყოფილიყო. ეს უკანასკნელი მოთხოვნა კი პლატფორმას ჩვეულებრივ ვიდეოებზე აქვს.
ცვლილება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც კრეატორებისგან შეიტყვეს, რომ სურდათ, რეალურად დაენახათ, როგორ მუშაობდა მათი Shorts. ის ფაქტი, რომ კრეატორებს ახლა ზუსტად შეეძლებათ გაიგონ, თუ რა რაოდენობის აუდიტორიამდე მივიდნენ თავიანთი ვიდეოებით, მათ კონტენტ სტრატეგიის შექმნას გაუმარტივებს და ასე პოტენციურ პარტნიორებსაც უკეთაც წარუდგენენ თავიანთ ნამუშევარს.
ისიც უნდა ითქვას, რომ ამ განახლებით YouTube Shorts ტიკტოკისა და Instagram Reels-ის საზომებს შეესაბამება, რომლებიც ნახვების რაოდენობას ვიდეოს ჩართვისა და ხელახლა ყურების მიხედვით ითვლის. YouTube აღნიშნავს, რომ ახლა კრეატორები უკეთ გაიგებენ, როგორ მუშაობს მათი მოკლე ფორმატის ვიდეოები სხვადასხვა პლატფორმაზე.
ხოლო კრეატორებს, რომელთაც თავდაპირველი Shorts-ის საზომის ნახვა სურთ, ეს YouTube Analytics-ში Advanced Mode-ზე გადასვლით შეეძლებათ. ახალ საზომს კი Engaged Views-ის სახელით გვაცნობენ. როგორც აღნიშნავენ, ცვლილება არ იმოქმედებს კრეატორების შემოსავლებზე, არც YouTube Partner Program-ზე და ეს ყველაფერი კვლაც ძველებურ საზომს დაეყრდნობა…
ცვლილება ძალაში 31 მარტს შევა.