in

როგორ იპყრობს YouTube Shorts-ები და პოდკასტები დიდ ეკრანებს

მოკლე, ვერტიკალური ფორმატის ვიდეოები ექსკლუზიურად მობილური მოწყობილობებისთვისაა შექმნილი და სმარტფონის ეკრანის ფორმას იდეალურად ერგება. თუმცა, YouTube-ის უახლესი მონაცემები სრულიად საპირისპირო და საკმაოდ მოულოდნელ ტენდენციაზე მიუთითებს – მსგავსი კონტენტი დიდ ეკრანებზე სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ტელევიზორში ვერტიკალური ვიდეოების ყურება არალოგიკურად ჟღერს, სტატისტიკას ვერ შევეკამათებით – მომხმარებლები ტელევიზორებში ყოველთვიურად 2 მილიარდზე მეტ საათს ატარებენ YouTube Shorts-ის ყურებაში, რომელთა მაქსიმალური ქრონომეტრაჟიც პლატფორმაზე უკვე სამ წუთამდე გაიზარდა.

კომპანიის პროდუქტების მართვის მიმართულების ხელმძღვანელების დაკვირვებით, მისაღები ოთახი YouTube-ისთვის ყველაზე სწრაფად მზარდი სივრცეა. ირკვევა, რომ აუდიტორიას საყვარელი კონტენტის დიდ ეკრანზე ხილვა სურს, იქნება ეს ხანგრძლივი ვიდეო, პოდკასტი თუ უბრალოდ მოკლე კლიპი. ტელევიზორში გადმოტანილი Shorts-ის ფორმატი მაყურებელს ეხმარება, დივანზე კომფორტულად მოკალათებულმა, უდიდესი კრეატორების კომუნასთან კავშირი ბევრად უფრო მარტივად შეინარჩუნოს.

ზოგადად, მისაღები ოთახის ათვისება YouTube-ისთვის ერთ-ერთ მთავარ სტრატეგიულ სამიზნედ იქცა. მხოლოდ შეერთებულ შტატებში მომხმარებლები ყოველდღიურად 200 მილიონ საათზე მეტს ატარებენ პლატფორმის ტელევიზორში ყურებისას. მოკლე ვიდეოებზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად, სისტემა Shorts-ებს ტელევიზორის ძიების შედეგებშიც აჩვენებს. შესაბამისად, თუ მაყურებელი დიდ ეკრანზე ერთწუთიანი კლიპის საყურებლად არ შესულა, ის მაინც მარტივად შეიძლება აღმოჩნდეს ამ სივრცეში. პროცესს ხელს უწყობს დედაკომპანია Alphabet-ის პლატფორმა Google TV-იც, სადაც მოკლე ვიდეოებისთვის ცალკე სექცია გაჩნდა, რაც ნახვების დროის კიდევ უფრო ზრდაზეა გათვლილი.

რადგან ტელევიზორის ჰორიზონტალურ ეკრანზე ვერტიკალური ვიდეოს ყურებისას დიდი ცარიელი სივრცე რჩება, YouTube-მა ინტერფეისი განაახლა და ახლა კომენტარები პირდაპირ ვიდეოს გვერდით ჩანს. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, დიდ ეკრანზე მორგებულმა ამ ცვლილებამ გულშემატკივრებისთვის ჩართულობის სრულიად ახალი, შთამბეჭდავი გზა შექმნა, კრეატორებს კი გლობალურ აუდიტორიაზე გასვლისა და საკთარი ბიზნესის მასშტაბირების უზარმაზარი პლატფორმა მისცა.

საინტერესოა, რომ ეს ტენდენცია პოდკასტებსაც შეეხო, მიუხედავად იმისა, რომ ის თავდაპირველად ძირითადად აუდიოფორმატად მოიაზრებოდა. სტრიმინგ კომპანიები ახლა დიდ ფსონს დებენ იმაზე, რომ პოდკასტები დღის თოქ-შოუების თანამედროვე ალტერნატივად იქცევა – ფორმატად, რომელსაც შეგიძლია უშუალოდ უყურო, ან უბრალოდ ტელევიზორში ჩართო და პარალელურად სხვა საქმე აკეთო ისე, რომ შინაარსი მეზობელი ოთახიდანაც გაიგო.

რიცხვები აქაც მნიშვნელოვან ზრდას აჩვენებს – კომპანიის მონაცემებით, 2025 წელს მაყურებლებმა ტელევიზორიდან პოდკასტების ყურებაში ყოველთვიურად 700 მილიონ საათზე მეტი დახარჯეს, რაც 2024 წლის მონაცემებს, 400 მილიონი საათი თვეში, საგრძნობლად აღემატება. ამ ბაზრის პოტენციალი კარგად დაინახა Netflix-მაც, რომელმაც ვიდეოპოდკასტებში სოლიდური ინვესტიცია ჩადო და ექსკლუზიური ვიდეო უფლებების მოსაპოვებლად კონტრაქტები გააფორმა ისეთ დიდ მოთამაშეებთან, როგორებიცაა iHeartMedia, Barstool Sports და Spotify.

წყარო: Techcrunch

„ეჭვებს ფიქრით ვერ გააქრობ, ერთადერთი გზა მოქმედებაა“ – არქიტექტორ ბექა ფხაკაძის რჩევები

Lenovo-მ დევიდ ბექჰემთან გლობალური პარტნიორობა დააანონსა