YouTube Shorts-ს რამდენიმე ახალი ფუნქცია ემატება, მათ შორის ისეთი, რომლებიც მომხმარებლებს მოკლე ვიდეოების კიდევ უფრო სწრაფად ყურების შესაძლებლობას მისცემს.
Google-ის მფლობელობაში მყოფმა პლატფორმამ განაცხადა, რომ Shorts-ში უკვე ხელმისაწვდომი ხდება ახალი პარამეტრი, რომელიც ვიდეოს 2-ჯერ უფრო სწრაფად (2x) ყურების საშუალებას იძლევა. კომპანიის განმარტებით, ამ ფუნქციის მიზანია მომხმარებლებს ინფორმაცია უფრო სწრაფად მიაწოდოს ან ვიდეოში სასურველ მონაკვეთს უფრო მარტივად მიაგნებინოს.
კიდევ ერთი ცვლილებაა Shorts-იდან „დისლაიქის“ ღილაკის გაუქმება. ამის ნაცვლად, მომხმარებლებს შეეძლებათ გამოიყენონ ფუნქციები „Not Interested“ და „Don’t recommend this channel“, რათა მსგავსი კონტენტი მომავალში ნაკლებად გამოუჩნდეთ.
ამასთანავე, ვიდეოს მოწონების შემთხვევაში ტრადიციულ “thumbs up” ღილაკს გულის ემოჯი ჩაანაცვლებს.
კომპანია ასევე ნერგავს ახალ ფუნქციას “Clear Screen mode”, რომელიც ვიდეოს ყურებისას დროებით მალავს ეკრანზე არსებულ ყველა ღილაკსა და ტექსტს. შედეგად, მომხმარებელი კონტენტს ყოველგვარი ვიზუალური შეფერხებების გარეშე უყურებს.
YouTube-ის განცხადებით, ყველა ეს ცვლილება მიზნად ისახავს Shorts-ის გამოყენება კიდევ უფრო მარტივი და ინტუიციური გახადოს.
კომპანიას ჯერჯერობით არ დაუკონკრეტებია, როდის გახდება ყველა ახალი ფუნქცია სრულად ხელმისაწვდომი. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მათი დანერგვა ეტაპობრივად მოხდება.
YouTube მოკლე ვიდეოების ბაზარზე კონკურენტებზე მოგვიანებით გამოჩნდა – Shorts 2024 წელს გაეშვა, რამდენიმე წლის შემდეგ, რაც TikTok-მა და Instagram Reels-მა პოპულარობა მოიპოვა. მიუხედავად ამისა, პლატფორმამ საკმაოდ დიდი აუდიტორიის მოზიდვა შეძლო.
YouTube-ის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, 2025 წლის ივნისისთვის YouTube Shorts ყოველდღიურად საშუალოდ 200 მილიარდ ნახვას აგროვებდა. თუმცა აღსანიშნავია, რომ ის ამ სტატისტიკას ვიდეოს გახსნის პირველივე მომენტს ითვლის.
წელს გამოქვეყნებულმა ერთ-ერთმა კვლევამ ასევე აჩვენა, რომ Shorts-ს სულ უფრო ხშირად ტელევიზორის ეკრანზე უყურებენ. ანგარიშის მიხედვით, მომხმარებლები თვეში დაახლოებით 2 მილიარდ საათს სწორედ ამ ფორმატის ვიდეოების ყურებას უთმობენ.














