ბოლო პერიოდში TikTok იმდენად პოპულარული გახდა, რომ ბევრი კომპანია ცდილობს მისი ფუნქციების საკუთარ პლატფორმებზე მორგებას. როგორც გახსოვთ, Google-მა ჯერ კიდევ გასულ სექტემბერს დაიწყო YouTube Shorts-ის ინდოეთში დატესტვა. ახლა კი, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბეტა ვერსია ამერიკის შეერთებულ შტატებში გასაშვებადაც მზად არის.
სახალისო ამბები ერთ-ერთ უდიდეს ტექნიკურ გიგანტსაც ემართება. სწორედ ასეთი სახალისო ფაქტია ისიც, რომ Google-მა შემთხვევით გამოაქვეყნა ბლოგის ჩანაწერი, რომელიც YouTube Shorts-ის გაფართოებას იუწყება. ჯერ კიდევ არსებობს შანსი, რომ რაღაც შეიცვალოს ან კომპანიამ განცხადების გაკეთება გადადოს, მაგრამ აშკარაა, Google რაღაც მასშტაბურს გეგმავს.
ფუნქციის აშშ-ში დამატების გარდა, კომპანია YouTube Shorts-ს უამრავ მახასიათებელს ამატებს. მათ შორისა ვიდეოებზე ტექსტების დამატების შესაძლებლობა. ასევე, შესაძლებელი იქნება “იუთუბზე” ატვირთული ვიდეოების ხმის გამოყენება. თუმცა, ვიდეოების ავტორებს შეუძლიათ, თავიდან აიცილონ თავიანთი აუდიოების გამოყენება. მათი უფლებები არ შეიზღუდება.
“უახლოეს თვეებში ჩვენ დავიწყებთ აუდიოს გამოყენების ფუნქციას YouTube-ის ვიდეოებიდან, რაც მთლიანობაში მილიარდობით ვიდეოს მოიცავს. ეს შემოქმედების ახალი სათამაშო მოედნის განბლოკვას გულისხმობს, რაც იმას ნიშნავს, რომ შეგიძლიათ, საკუთარ კონტენტს სხვა ვიდეოს ხმა დაადოთ, რომლის ყურებაც ძალიან გიყვართ და თან მას ახალი აუდიტორიის პოვნაში დაეხმაროთ” – ვკითხულობთ გავრცელებულ ბლოგში.
ამასთან ერთად, შესაძლებელი იქნება ვიდეოდან მუსიკის პოვნა და მისი YouTube Shorts-სთვის გამოყენება. გარდა ამისა, TikTok-ის მსგავსად, შეგეძლებათ, მოძებნოთ კონკრეტულ მუსიკაზე შექმნილი ვიდეოები.
უნდა აღინიშნოს, რომ YouTube Shorts Google-ის მიერ სოციალური ქსელის შექმნის კიდევ ერთი მცდელობაა, Google+-ის შემდეგ. ყველა იმედოვნებს, რომ ახალი გამოწვევა წარმატებული აღმოჩნდება და ალბათ, ეს მოლოდინები საკმაოდ რეალურიცაა – კომპანია ბევრს საუბრობს YouTube Shorts მონეტიზაციისა და კონტენტის შემქმნელების სათანადო დაფასების შესახებ.