ამბავი ასეთია: Adobe-მ YouTube-თან დაიწყო თანამშრომლობა, რათა მომხმარებლებისთვის, უფრო ზუსტად YouTube Shorts-ის iOS კრეატორებისთვის, ცალკე სივრცე მოეწყო Premiere-ში კონტენტის შესაქმნელად — აღნიშნული მათ წვდომას მისცემს ექსკლუზიურ შაბლონებზე, გადასვლებსა და ეფექტებზე, თავიანთ YouTube არხებზე Shorts-ის ტელეფონიდანვე მყისიერად გამოსაქვეყნებლად.
როგორც ამბობენ, ეს სივრცე ისეა შექმნილი, რომ კრეატორებს მისცეს ყველაფერი, რაც სჭირდებათ ვირუსული ვიდეოების საწარმოებლად, თავიანთი აუდიტორიის გასაზრდელად და ტრენდების ასათვისებლად, იქნება ეს მთელი დღის ვლოგი, მოგზაურობის ვიდეოები თუ კადრები კულისებიდან.
ხოლო, Adobe-სთან პარტნიორობა იმას ნიშნავს, რომ YouTube თავის კრეატორებს ექსკლუზიურ სივრცეს სთავაზობს კონტენტის შესაქმნელად, უბიძგებს მათ, რომ აღარ გამოიყენონ კონკურენტების ხელსაწყოები, იქნება ეს მეტას Edits თუ CapCut.
„მართალია, პრემიერის მობილურ ვერსიაში დარედაქტირებული ვიდეო შეიძლება სხვა სოციალურ პლატფორმებზეც გაზიარდეს, მაგრამ ის, რაც ამ პარტნიორობას უნიკალურს ხდის შესაძლებლობაა, რომლითაც კრეატორები ინსპირაციას თავიანთ YouTube Shorts-ის გვერდიდან იღებენ, შეუძლიათ პირდაპირ პრემიერის მობილური აპლიკაციის მეშვეობით მაშინვე ჩაუშვან ვიდეო იმ შაბლონით, რომელსაც თვალი მოჰკრეს და დაიწყონ მისი მორგება თავიანთ არხზე“, — განმარტავს მიგან კინი, Adobe-დან.

აღსანიშნავია, რომ Premiere-ის მობილურ ვერსიაში Create for YouTube Shorts კონტენტის შექმნის სივრცე გთავაზობთ Shorts-ის შაბლონებს წამყვანი კრეატორებისგან, ჩაშენებული ტექსტით, ეფექტებითა და გადასვლებით. ამასთან, კრეატორებს შეუძლიათ, დაამატონ თავიანთი მედიაფაილები და შაბლონიც საკუთარ სტილს მოარგონ. თუმცა, თუ ასე არ სურთ, საკუთარი ორიგინალი შაბლონების შექმნისა და წარდგენის შესაძლებლობაც ექნებათ.
ამის გაკეთება კრეატორებს პრემიერის უფასო მობილური ვერსიით შეეძლებათ, რომლის გახსნის შემდეგაც Create for YouTube-ის ვარიანტი უნდა აირჩიონ — სწორედ აქედან შეძლებენ ვიდეოების ატვირთვას თავიანთი აიფონის კამერიდან თუ Adobe Creative Cloud-იდან. შემდეგ კი ამ ვიდეოების დაჭრა, კადრების გადანაცვლება, ფერებისა და განათების შეცვლა და რედაქტირება ჩვეულებრივ შეეძლებათ.
„ეს იქნება ძალიან კარგი როგორც გამოცდილი, ისე ახალი კრეატორებისთვის. მათ მოწესრიგებულ ვიდეორედაქტირების სივრცეს ვთავაზობთ სტუდიის დონის აუდიოხარისხით, AI ხმოვანი ეფექტებით, FireFly AI კონტენტის გენერირებით და მეტი ფუნქციით, რათა კონტენტი მარტივად და სწრაფად აწარმოონ. ეს ნამდვილად დაგვეხმარება ჩვენი მიზნის მიღწევაში, გავხადოთ შემოქმედებითობა ყველასთვის ხელმისაწვდომი. ყოველდღიურად ჩვენ ფოკუსირებულნი ვართ, რათა შევიტანოთ ჩვენი წვლილი იმაში, რომ დღეს საუკეთესო დრო იყოს კრეატორობის დასაწყებად“.










