სოციალურ მედიაში ტრენდები მალე იცვლება. ის, რაც დღეს ყურადღების ცენტრშია, ხვალ შეიძლება აღარავის ახსოვდეს. ამ სტატიისთვის გადავხედეთ და მიმოვიხილეთ ერთ-ერთი ყველაზე ძველი და პოპულარული ვიდეოპლატფორმის, YouTube-ის ტრენდები. სად იყო Instagram რილსები თუ ტიკ-ტოკი, როდესაც ვიდეოების ატვირთვისა და ყურების საშუალებას YouTube გვაძლევდა. მან ჩამოაყალიბა ეს კულტურა, ამიტომ დავინტერესდით, როგორ ვითარდებოდა ტრენდები ამ პლატფორმაზე.
YouTube ტენდენციები მნიშვნელოვნად ვითარდებოდა წლიდან წლამდე, რაც განპირობებული იყო აუდიტორიის ინტერესებით, ტექნოლოგიური წინსვლითა და კულტურული ცვლილებებით.
ადრეული YouTube (2005–2010)
YouTube-ის საწყისი ეტაპის ტენდენციები მომხმარებლის მიერ გენერირებული კონტენტით განისაზღვრებოდა: ვირუსული ვიდეოებით, მხიარული კლიპებითა და პერსონალური ვლოგებით. ვიდეოები მაშინ უფრო მოკლე იყო, დაახლოებით 2-5 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.
2010-იანი წლების ყველაზე ცნობილი ტრენდები სილამაზის გურუების ტუტორიალები და თამაშების კონტენტი იყო. ამ პერიოდში გამოიკვეთნენ ინფლუენსერი იუთუბერები, რომლებსაც ბევრი მიმდევარი გამოუჩნდათ და თავად დაიწყეს ტრენდების დამკვიდრება.
2010-იანი წლების ბოლო
ამ პერიოდში აქტუალური გახდა ვიდეოები, რომლებიც სიუჟეტების თხრობით გამოირჩეოდა. ასევე, ტრენდულად იქცა გამოწვევის, ე.წ. „ჩელენჯების”, რეაქციებისა და ყოველდღიური ცხოვრების ამსახველი ვიდეოები.
2016 წლიდან დღემდე
პირდაპირი ჩართვები, ე.წ. სტრიმინგი განსაკუთრებით პოპულარული გახდა 2016 წლიდან. ის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, რეალურ დროში იურთიერთონ აუდიტორიასთან. ეს ტრენდი ყველაზე პირველებმა აიტაცეს გეიმერებმა, მუსიკოსებმა და ინფლუენსერებმა, მოგვიანებით კი მათ სხვებიც შეუერთდნენ.
2020 წლიდან დღემდე
ბოლო წლებში YouTube-ის კონტენტში მომრავლდა სოციალური საკითხები, როგორიცაა ფსიქიკური ჯანმრთელობა და სხვა. ასევე, ხშირად შეგხვდებათ დოკუმენტური ჟანრის მასალები.
ტიკ-ტოკმა დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ YouTube-ზე ე.წ. short-ები გამოსულიყო. მიუხედავად იმისა, რომ მოკლე ვიდეოებმა ამ პლატფორმაზეც დიდი პოპულარობა მოიპოვა, ის მაინც რჩება არხად, რომელიც გრძელი ვიდეოებისთვისაა განკუთვნილი.
Lofi მუსიკა
ცალკე უნდა გამოვყოთ მუსიკალური ვიდეოები, რომლებშიც სიუჟეტურად არაფერი ხდება, მაგრამ ჩაწერილია ხანგრძლივი მუსიკალური სტრიმები. ძირითადად, ეს არის ელექტრონული მუსიკის ქვეჟანრები, რომლებიც მუშაობის, სწავლის ან, თუნდაც, რელაქსაციის დროს კონცენტრაციაში გვეხმარება. ამ მიმართულებაში გამორჩეულია Lofi Girl-ის არხი, რომელსაც, დღეის მონაცემებით, 14.6 მილიონი გამომწერი ჰყავს.
ინტერაქციული კონტენტი
იუთუბერებისთვის წელს საკმაოდ აქტუალური იყო ინტერაქციული გამოკითხვები. ეს ხელს უწყობს, რომ იუთუბერისა და მისი მაყურებლის ურთიერთობა უფრო მჭიდრო გახდეს და მხოლოდ ვიდეოების ყურებით არ შემოიფარგლოს.
საგანმანათლებლო კონტენტი
საგანმანათლებლო კონტენტი აქტუალობას არ კარგავს, რადგან მაყურებლები მუდმივად ეძებენ გაკვეთილებსა და საინფორმაციო სერიებს, რომლებიც მათ სხვადასხვა უნარის გამომუშავებაში დაეხმარება. ამ ტიპის კონტენტი YouTube-ისთვის ახალი არ არის, თუმცა ის 2024 წლის ტრენდებშიც მოწინავე ადგილებზეა.
კოლაბორაციები
სხვადასხვა იუთუბერების კოლაბორაცია განსაკუთრებით ტრენდული გახდა 2024 წელს. ისინი სულ უფრო აქტიურად თანამშრომლობენ, აერთიანებენ აუდიტორიას და ქმნიან უნიკალურ კონტენტს. ეს მათთვის ჯვარედინი რეკლამაა, რომელიც ახალ მიმდევრებს აჩენს და მონეტიზაციის საშუალებასაც ზრდის.
Viewer picks
ბოლო დროის კიდევ ერთი ტრენდია მაყურებლების მიერ არჩეული ვიდეოები, რომლებიც სხვადასხვა რეკომენდაციისა და მოთხოვნის საფუძველზე შეიქმნა. ამ ტიპის კონტენტი შეიძლება ძალიან განსხვავდებოდეს, რადგან პირდაპირ პასუხობს მაყურებლის შეკითხვებს. ის ხელს უწყობს საზოგადოების ჩართულობასა და აუდიტორიასთან უფრო ღრმა კავშირის დამყარებას.
ფოკუსი ჯანსაღ ცხოვრებაზე
უფრო და უფრო მეტი შემქმნელი ამზადებს კონტენტს ჯანსაღი ცხოვრების შესახებ. ეს არის ჟანრი, რომელიც ფოკუსირებულია სოფლის ცხოვრების, ჯანსაღი კვებისა და ვარჯიშის ირგვლივ. ამ ტიპის ვიდეოებს საკმაოდ ბევრი გამომწერი ჰყავს, რადგან ის ცხოვრების წესს ასახავს და მაყურებელს სწორი მიმართულებების დასახვაში ეხმარება.
ასე გამოიყურება ყველაზე ცნობილი ვიდეოპლატფორმის ძირითადი ტრენდები წლიდან წლამდე. კონტენტის დინამიკა საკმაოდ ცვალებადია, ამიტომ ვნახოთ, რა ცვლილებები გვექნება მომდევნო წლებში.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი











