in

YouTube ვიდეო ტელეფონიდან წყალს ბგერებით გამოდევნის

სველი ტელეფონების ბრინჯში ჩადებაზე, ალბათ, ბევრჯერ გსმენიათ, თუმცა Apple ამ ამბის წინააღმდეგია… და რა ვქნათ, თუ შემთხვევით ტელეფონი წყალში ჩაგვივარდება? YouTube უცნაურ მეთოდს გვთავაზობს, ერთი კონკრეტული ვიდეოს ჩართვას, რომელიც ბგერითი ტალღებით თქვენი მოწყობილობიდან სითხეს გამოდევნის. 

საინტერესოდ კი ჟღერს, მაგრამ გატესტვა ნამდვილად საჭირო იყო, ამიტომ დაინტერესებულმა პირებმა iPhone 13, Pixel 7 Pro, Pixel 3 და Nokia 7.1 საშხაპის ქვეშ მოათავსეს, შემდეგ კი ის იდუმალებით მოცული ვიდეო ჩართეს, რომელსაც YouTube-ზე 45 მილიონი ნახვა აქვს:

შედეგები აი ასეთი იყო — Pixel 7 Pro სრულად გაშრა, Nokia 7.1-ს ცოტათი გაუჭირდა გაშრობა, iPhone 13-ისა და Pixel 3-ის შემთხვევაში შედეგი რაღაც შუალედური იყო. 

და როგორ მუშაობს ეს ბგერების სისტემა? მაგია სულაც არ გახლავთ, ფრთხილად შექმნილი მუსიკაა, რომელიც საკმაოდ ძლიერ ჰაერის მუხტს ქმნის იმისათვის, რომ წყლის წვეთები ტელეფონის დინამიკიდან გამოდევნოს. საინტერესოა, რომ ზუსტად ასე მუშაობს Apple Watch-ის წყლის გამოდევნის ფუნქციაც… 

თუმცა გაითვალისწინეთ — ეს მხოლოდ დინამიკს უშველის და არა, მაგალითად USB-ის პორტს ან SIM ბარათის ჩასადებს. ამიტომ, ექსპერიმენტებს ნუ ჩაატარებთ და ვიდეო მხოლოდ მაშინ ჩართეთ, თუ ტელეფონი წყალში შემთხვევით ჩაგივარდებათ. 

ჩაანაცვლებენ ადამიანურ რესურსს ხელოვნური ინტელექტით? – Klarna-ს მაგალითი

Ikea-მ ლურჯი ჩანთა ბალიშად გადააკეთა