in

როგორ გავამარტივოთ ყოველდღიური გადაწყვეტილებების მიღება?

M2
M2

ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება სავსეა ეგრეთ წოდებული ტრივიალური გადაწყვეტილებებით. ეს ხშირად თავს სულელურად გვაგრძნობინეს, რადგან მარტივ საკითხებს ზედმეტად ბევრ დროს ვუთმობთ საფიქრად. თუმცა კვლევამ აჩვენა, რომ ასეთ განწყობას ლოგიკური ახსნები აქვს და მარტივად მოგვარებაც შეიძლება იმის გაგებით, რატომ განვიცდით სტრესს.

ერთ-ერთი პირველი მიზეზი ასე ჟღერს: ზოგჯერ იმდენად ბევრი ვარიანტი გვაქვს, რომ ერთმანეთთან შედარება გვიჭირს. მართალია, დიდი ხანია, ეკონომიკის მეცნიერები მხარს უჭერენ მოსაზრებას, რომ მეტი არჩევანის ქონა უკეთესია; თუმცა 2000 წელს ამერიკელი ფსიქოლოგები ამ იდეას დაუპირისპირდნენ — კვლევის ფარგლებში, როდესაც ჯემის დაგემოვნების დღე მოაწყვეს, გაცილებით მეტმა ადამიანმა იყიდა ჯემი, როდესაც ნაკლები არჩევანი ჰქონდათ.

აქედან გამომდინარე, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა დაასკვნეს, რომ არჩევანის სიმრავლეს შფოთვის გამოწვევა შეუძლია. ადამიანებს ხშირად აკლიათ ან თვლიან, რომ მათ არ აქვთ გამოცდილება, რათა სწორად შეაფასონ თავიანთი ვარიანტები. მაგალითად, როდესაც საქმე გვაქვს ფინანსურ გადაწყვეტილებასთან.

ასევე, ზოგიერთ გადაწყვეტილებას, რომელსაც ჩვენ ტრივიალურს ვუწოდებთ, შესაძლოა, რეალურად ემოციურად დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს — მაგალითად, იმის გადაწყვეტა, თუ რა ჩაიცვათ პაემანზე, მხოლოდ მოდას არ ეხება. თანაც, ხშირად ცალკეული ფაქტორებიც საკმარისია სტრესის დონის ასამაღლებლად და როდესაც ბევრი ასპექტი ერთად იყრის თავს, შფოთვა მეტად ძლიერდება.

პიროვნების საკითხი

კვლევის ფარგლებში კიდევ ერთი საკითხი გამოიკვეთა, რომელიც ადამიანების გადაწყვეტილების სტრატეგიასა და კეთილდღეობას შორის კავშირზეა ფოკუსირებული. მკვლევრებმა გადაწყვეტილების მიღების ორი ძირითადი სტრატეგია გამოავლინეს: მაქსიმიზაცია და დაკმაყოფილება.

მაქსიმიზაცია არის ტენდენცია, საუკეთესო ვარიანტის პოვნას ცდილობდე. ხოლო დაკმაყოფილების მთავარს არსზე სიტყვაც მიგვანიშნებს — ეს არის სტრატეგია, რომელიც მისაღები ვარიანტის პოვნას მოიაზრებს.

ცხადია, ორივე მათგანი პიროვნების ინდივიდუალურ თვისებებთანაა დაკავშირებული. ზოგიერთი ჩვენგანი მაქსიმიზაციისკენაა მიდრეკილი და პერფექციონისტული იდეალების მიღება სურს. სხვებისთვის კი უბრალოდ კმაყოფილებაც საკმარისია. ალბათ, პირველი მათგანი უფრო მიმზიდველად გეჩვენებათ, მაგრამ ამერიკელმა ფსიქოლოგმა ბერი შვარცმა აღმოაჩინა, რომ ე. წ. მაქსიმიზატორები გაცილებით ხშირად განიცდიან სინანულს გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. ისინი გამუდმებით ფიქრობენ, თუ რისი გაკეთება შეიძლებოდა უკეთესი შედეგის მისაღებად.

გასაგებად რომ ვთქვათ, კვლევამ არ შეისწავლა ძირითადი ცხოვრებისეული გადაწყვეტილებები ქორწინების ან ჯანმრთელობის შესახებ, მაგრამ ფოკუსირებული იყო ყოველდღიურ გადაწყვეტილებებზე.

აქციეთ ჩვევად

შესაძლოა, გადაწყვეტილებების მიღება მართლაც გონებრივად დამღლელი იყოს. ასე რომ, ზოგჯერ ყოველდღიური არჩევანის გაკეთება რთულია. ამისგან თავის დასაღწევად, XIX-XX საუკუნეების ერთ-ერთი უდიდესი მოაზროვნე, უილიამ ჯეიმსი რამდენიმე რჩევას უზიარებდა საზოგადოებას.

უილიამ ჯეიმსის შეხედულებებმა მრავალი თანამედროვე მკვლევარი შთააგონა. ერთ-ერთი იდეა, რომელიც პოპულარობით სარგებლობს ფსიქოლოგ დანიელ კაჰნემანის წიგნში Thinking, Fast and Slow, არის მოსაზრება, რომ ჩვენ ინფორმაციის დამუშავების ორ განსხვავებულ მექანიზმს ვიყენებთ: სისტემა I და სისტემა II. პირველი გულისხმობს არაცნობიერ, სწრაფ და ინტუიციურ აზროვნებას, რომელიც მცირე ძალისხმევას მოითხოვს. ხოლო მეორე მიზანმიმართული აზროვნების მექანიზმია.

ამის გათვალისწინებით, ყოველდღიური მარტივი დავალებები შეგვიძლია, ჩვევად ვაქციოთ და არაცნობიერს მივანდოთ. ეს აქტივობებზე ზედმეტ ფიქრს აგვარიდებს თავიდან. ამერიკელმა მწერალმა მერლინ მანმა თქვა: „აზროვნება შეიძლება მოქმედების მტერი იყოს“ — მიუხედავად იმისა, რომ რთულია ამ აზრის ბოლომდე მიღება, რაღაც სიმართლის მარცვალი აქაცაა. ზოგჯერ ჩვენმა არაცნობიერმა უკეთ იცის, რა და როგორ უნდა გავაკეთოთ და მუდმივად დაძაბულად ყოფნა ამ სიგნალებს ბლოკავს.

ამავდროულად, დაგეხმარებათ ვარიანტების რაოდენობის შემცირებაც. Apple-ის თანადამფუძნებელი სტივ ჯობსი ცნობილი იყო იმით, რომ თითქმის ყოველდღე მსგავსი ტანსაცმელი ეცვა, ნაწილობრივ უმარტივესი გადაწყვეტილების მიღების პროცესის გასამარტივებლად.

აჩუქე წიგნი=აჩუქე სამყარო – აპრილი წიგნის თვეა

რომელი პროდუქტებია რკინით მდიდარი და რატომ უნდა მივიღოთ ისინი