საქართველო რომ წყალუხვი ქვეყანაა, ამას ჯერ კიდევ გეოგრაფიის სახელმძღვანელოებიდან ვსწავლობდით. დიახ, ჩვენი ქვეყანა ნამდვილად არ უჩივის მდინარეებისა და თუ ტბების რაოდენობას, თუმცა ეს ერთი წინადადება მრავალი მითისა და მცდარი წარმოდგენის საწინდარი გახდა. წლების განმავლობაში საზოგადოებაში ჩამოყალიბდა მოსაზრება, რომ საქართველოში არასოდეს დადგება წყლის პრობლემა, რომ წყალს აქ არ სჭირდება განსაკუთრებული მოფრთხილება, რომ წყლის მოპოვება ჩვენთვის ყველაზე მარტივია და ა.შ.
რეალური სურათი კი სულ სხვანაირად გამოიყურება. იმისთვის, რომ ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო და ვარგისი წყალი ჩვენს ონკანებამდე მოვიდეს, საკმაოდ დიდ გზას გადის. ამერიკისა და ევროპის ქვეყნებში უკვე დიდი ხანია აძლიერებენ ცნობიერებას, რათა თითოეულმა მოქალაქემ კარგად გაითავისოს თავისი პასუხისმგებლობა წყლის მოხმარების მიმართ. ამის საჭიროება ჩვენთანაც დგას, აუცილებელია საზოგადოებისთვის ზუსტი ინფორმაციის მიწოდება და იმ პროცესების ახსნა, თუ როგორ ხდება სასმელი წყლის დამუშავება. Georgian Water and Power – წამყვანი კომპანია საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, სწორედ ამ მიმართულებით გააქტიურდა და ცნობილ სარეკლამო სააგენტოს, Leavingstone-ს დაუმეგობრდა. თანამშრომლობის ფარგლებში, მათ შეიმუშავეს კამპანია, სახელად, „ყოველი წვეთი ძვირფასია”, რომლის დეტალებზეც თავად ორივე ბრენდის წარმომადგენლები მოგიყვებიან. მანამდე კი ვნახოთ საინფორმაციო ვიდეო, რომელიც ამ კამპანიის ფარგლებში მომზადდა:
„მოგეხსენებათ, ჯივიპის ახალი მფლობელი, ესპანური კომპანია Aqualia, 2023 წლიდან აქტიურად ნერგავს კომპანიაში და, შესაბამისად, ქართულ წყალმომარაგებაში, ევროპულ სტანდარტებს. ინფრასტრუქტურული ობიექტების, ქსელებისა და საოპერაციო პროცესების გამართვის პარალელურად Aqualia-სთვის და ჩვენი გუნდის თითოეული წევრისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია წყლის, როგორც ძვირფასი პროდუქტის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. საზოგადოებრივი აზრის კვლევისას ნათლად დავინახეთ, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს არ აქვს ინფორმაცია, რამდენად დიდი რესურსი სჭირდება სასმელი წყლის ჩვენს ონკანებამდე მოყვანას. სწორედ ეს იყო ის მთავარი ფაქტორი, რამაც გადაგვაწყვეტინა, დაგვეგეგმა კამპანია „ყოველი წვეთი ძვირფასია”.
კამპანიის დაგეგმვისას, ჩვენი მთავარი გამოწვევა იყო მარტივად, გასაგებად და სწორად მიგვეწოდებინა ინფორმაცია საზოგადოებისთვის. შემოქმედებითი ჯგუფის შერჩევისას გვსურდა, შეგვერჩია ადამიანები, რომლებიც ზუსტად დაინახავდნენ და გაიზიარებდნენ კამპანიისა და მისი გრძელვადიანი ეფექტის მნიშვნელობას ჩვენი საზოგადოებისთვის. სწორედ ამ ამოცანით მივმართეთ „ლივინგსტონს” და მათთან ერთად რამდენიმეთვიანი აქტიური მოსამზადებელი პერიოდი გავიარეთ.
კამპანიის პირველ ეტაპი ინფორმაციის მაქსიმალურად გავრცელებას გულისხმობს, საკომუნიკაციო ვიზუალები და მთავარი მესიჯები მოსახლეობას უახლოესი თვეების განმავლობაში შეხვდება სოციალურ ქსელებში, თბილისის ქუჩებში, მეტროსადგურებსა თუ კინოთეატრებში. კამპანიის მეორე ეტაპი საგანმანათლებლო მიმართულებით გაგრძელდება და მასში აქტიურად ჩაერთვებიან სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები. მომზადდება შემეცნებითი ვიდეოები, დაიგეგმება საგანმანათლებლო ტურები ჯივიპის ინფრასტრუქტურულ ობიექტებსა და ლაბორატორიებში, რათა წყლის მოპოვებისა და დამუშავების პროცესი კიდევ უფრო აღსაქმელი და გასაგები გახდეს.
„საქართველო წყალუხვი ქვეყანაა”, „იმდენი მდინარე გვაქვს, წყალი სულ უნდა გვქონდეს”, „საქართველოში წყლის პრობლემა არასდროს დადგება” – ეს ფრაზები წლებია თაობიდან თაობას გადაეცემა და ვფიქრობთ, ამის მიზეზი არის ის, რომ საქართველოში მართლაც ბევრი მდინარე და ტბა გვაქვს, თუმცა ბუნებაში არსებული წყალი და მაღალი ხარისხის სასმელი წყალი მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან. წყალს პირდაპირ მდინარიდან არავინ სვამს, სასმელ წყალს მოპოვება და დამუშავება ჭირდება. კამპანიის მთავარი სათქმელიც სწორედ ესაა, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივაწოდოთ ინფორმაცია, თუ რა გზას გადის წყალი მყინვარიდან ჩვენს ონკანამდე და რამხელა მასშტაბის ინფრასტრუქტურისა და შრომის ფასად გარდაიქმნება ბუნებიდან მოპოვებული ნედლი წყალი მაღალი ხარისხის სასმელ წყლად”.
ლევან ლეფსვერიძე, Leavingstone-ის თანადამფუძნებელი და შემოქმედებითი ხელმძღვანელი:
„ჯივიპი უნიკალური დამკვეთია, რადგან აქვს ადამიანთა აღქმაში ძალიან მკაფიოდ გამოკვეთილი იმიჯი, თანაც საკმაოდ ნეგატიური. ლივინგსტონში ძალიან გვიყვარს ასეთი გამოწვევები და თავიდანვე დიდი ინტერესით მოვეკიდეთ ამ ბრენდს. გრძელვადიანი ამოცანაა, რომ შევცვალოთ სტერეოტიპული ქცევები წყლის მოხმარებასთან დაკავშირებით. ეს კარგად გათვლილ, ღრმა და გრძელვადიან სტრატეგიას საჭიროებს. სწორედ ამ გრძელვადიანი ხედვის პირველი ნაბიჯია ეს ჩვენი ვიდეო.
სიუჟეტის ჩანაფიქრი მარტივია. მოკლედ და უშუალოდ გვინდა გადმოვცეთ, თუ რამხელა შრომაა ჩადებული წყლის ჩვენს ონკანებამდე მოყვანაში. ეს ის შემთხვევაა, როცა ჩახლართული სიუჟეტი და „წვეტიანი” იდეები კომუნიკაციას არ ჭირდება. მეგობრულად გადმოცემული ამბავი უფრო ეფექტურია, ვიდეოს სამიზნე აუდიტორია კი საქართველოს მოსახლეობა; ყველა, ვინც ფიქრობს რომ საქართველო წყლის ქვეყანაა და შესაბამისად, თავისით, ავტომატურად უნდა მოგვეწოდებოდეს სუფთა, სასმელი წყალი ოჯახებში.
ყოველი ადამიანი, ვინც ამ ვიდეოს ნახავს, ცნობიერად თუ არაცნობიერად გაიგებს, რომ წყლის ონკანებამდე მოყვანაში ბევრი ადამიანის შრომა დევს და სწორედ ამიტომ „ყოველი წვეთი ძვირფასია”. ეს, ჩემი აზრით, არის იდეალური დასაწყისი იმ განახლებისა, რასაც ბრენდი მომავალში გეგმავს”.
[R]