ამაზონზე ზრუნვა კაცობრიობისთვის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, რადგან ეს უზარმაზარი ტერიტორია დედამიწის ეკოსისტემის საფუძველს წარმოადგენს. თუ გავიხსენებთ იმას, რომ 1985 წლიდან დღემდე თითქმის მესამედი დაკარგა, მაშინ ამ რობოტს უფრო მეტადაც დავაფასებთ…
YuMi თანამშრომელი ბოტია, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია Junglekeepers-თან ერთად მუშაობს და მიზნად ამაზონის პერუში არსებული ნაწილის დაცვას ისახავს. კონკრეტულად კი, ABB Robotics-ის მიერ შექმნილი რობოტი იმ ჯგუფების შრომას ამსუბუქებს, რომლებიც ტყეში ახალი მცენარეების დარგვაზე ზრუნავენ.
მისი ორი ფუნქციური მკლავი კი მსუბუქი მაგნიუმის შენადნობისგან არის დამზადებული, რომელიც პლასტმასის გარსშია მოთავსებული. ის ნიადაგით სავსე კონტეინერში პატარა ხვრელს აკეთებს, მასში თესლს ათავსებს და მიწით ფარავს. ამისთვის მხოლოდ სამწუთნახევარი ჰყოფნის, თანაც ზუსტად ისეთი მანევრები აქვს, რაც მსგავსი სამუშაოს შესასრულებლად ადამიანებს სჭირდებათ. ამგვარად, YuMi მოხალისე ადამიანური ძალის ნაკლებობის საკითხსაც აგვარებს.
„ABB-ს Junglekeepers-თან თანამშრომლობა აჩვენებს, როგორ შეუძლია რობოტიკასა და ღრუბლოვან ტექნოლოგიას, ითამაშოს მთავარი როლი ტყის აღდგენაში, რაც კლიმატის ცვლილებებთან გამკლავების ერთ-ერთ გზასაც გვთავაზობს. ამასთან, რეინჯერებს უფრო მნიშვნელოვანი სამუშაოებისთვის უთავისუფლებს დროს და ეხმარება, დაიცვან მიწა, რომელზეც ცხოვრობენ“, — აცხადებს სემი ატია, ABB Robotics & Discrete Automation-ის პრეზიდენტი.